ნიკა გელაშვილი: "ბოხუმში" მხოლოდ ერთი გოლის გატანით კმაყოფილი ვერ ვიქნები

AutoSharing Option
ნიკოლოზ გელაშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმში" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა, 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

"ბოხუმმა" ჩემპიონატი XI ადგილზე დაასრულა, თუმცა მომავალ სეზონში გუნდის მიზანი პირველ ბუნდესლიგაში გადასვლა იქნება.

"ბოხუმის" ქართველი ლეგიონერი ამჟამად თბილისშია და "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

- სამი თვეა, რაც "ბოხუმში" გადახვედი. როგორ ჩაიარა ადაპტაციის პერიოდმა?
- ნორმალურად. "ბოხუმთან" ერთად შეკრებას სრულად რომ გავივლი, გუნდს ბოლომდე ამის მერე შევეწყობი.

- გერმანულის სწავლა არ გიჭირს?
- ძალიან რთული ენაა, რაღაცეებს ვწვალობ. ვნახოთ, რა გამომივა. რომ უნდა
ვისწავლო, ეს ვიცი, აუცილებელია.

- ეს პრობლემა მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან ურთიერთობაში პრობლემას არ გიქმნის?
- რთულია, კომუნიკაცია როცა არ გაქვს და ამის პრობლემაა. მწვრთნელი რაღაცას ხსნის, ვერ იგებ... მოკლედ, რთულია, ენა რომ არ იცი. ერთი ხანი დამხმარე მყავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში აღარავინაა და უფრო გამიჭირდა.

- გოლი სადებიუტო მატჩში გაიტანე; სხვა შეხვედრებშიც გამორჩეული იყავი და თანაგუნდელებს რამდენჯერმე ასისტენტობაც გაუწიე. მერე რაღა მოხდა, გოლი რომ ვერ გაგქონდა, ესეც ენის არცოდნის ბრალი იყო?
- გატანას რომ ვერ ვახერხებდი, ეს ენის არცოდნის გამო ნამდვილად არ მომხდარა. უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორს დავაბრალებდი. იმედია, ახალი სეზონიდან ყველაფერი გამოსწორდება.

- კარიერაში პირველი... ავტოგოლიც სწორედ "ბოხუმში" გაიტანე. როგორი განცდა გქონდა, გუნდში რა გითხრეს?
- გუნდში რა უნდა ეთქვათ, მითხრეს, რომ არ მენერვიულა. მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა გამამხნევეს, ასეთი შეცდომა ყველას მოსდისო. თუმცა, ადვილად დასავიწყებელი არ არის. დარწმუნებული ვარ, ის გოლი რომ არ გასულიყო, იმ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით.

- რამდენიმე მატჩში ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფებოდი, მაგრამ თანაგუნდელები თითქოსდა ვერ გამჩნევდნენ. გერმანულ ფორუმებზე ისიც დაიწერა, რომ შენს მიმართ რამდენიმე თანაგუნდელი აგრესიულად იყო განწყობილი და სწორედ ამის გამო არ გაძლევდნენ პასს...
- არა, ასეთი რამ არ ყოფილა. როდესაც ახალ გუნდში გადადიხარ, მოსამზადებელი პერიოდი ერთად რომ არ გაგივლია, ადაპტაციის პრობლემაც იქმნება და პარტნიორებთან შეთამაშებისაც. აი, "ზესტაფონში" მე და ჯაბა დვალი თვალდახუჭულნი ვუგებდით ერთმანეთს...

- შენი თავით კმაყოფილი ხარ?
- კმაყოფილი როგორ ვიქნები, მხოლოდ ერთი გოლი გავიტანე. მოსამზადებელ ეტაპს რომ გავივლი, მეტს შევძლებ. ახლა კი კმაყოფილების მიზეზი არ მაქვს.

- "ბოხუმის" ყველაზე სუსტ წერტილად დაცვა ითვლება. ეთანხმები ამ აზრს?
- დაცვა ყველაზე სუსტი რგოლი ნამდვილად არ იყო. თითქმის ყველა მატჩში ძირითადი შემადგენლობის 5-6 კაცი გვაკლდა. რომ არა ეს ტრავმიანობა, დარწმუნებული ვარ, სხვა შედეგი გვექნებოდა.

- უცხო არავისთვის არის, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგა დონითა და კლასით გერმანიის მეორე ბუნდესლიგასაც საგრძნობლად ჩამორჩება. როგორ ფიქრობ, გერმანელი ფეხბურთელები ქართველებს რითი სჯობიან?
- რითი სჯობიან და, ფიზიკური მომზადებითაც და იმითაც, რომ საქართველოზე უკეთეს ჩემპიონატში თამაშობენ.

- "ზესტაფონის" თამაშებს თვალს ადევნებ?
- რა თქმა უნდა და ვგულშემატკივრობ კიდეც. სამწუხაროდ, ჩემპიონატის ამ ახალმა რეგლამენტმა გუნდი დააზარალა და ამჟამად მეორე ადგილზეა "ზესტაფონი". არადა, ასე რომ არ მომხდარიყო, "ზესტაფონი" უკვე ჩემპიონი იქნებოდა.

- "ზესტაფონის" ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე, გორგიაშვილზე მაინტერესებს შენი აზრი...
- კარგი ფეხბურთელია, გოლებიც გააქვს და თამაშითაც გამოირჩევა.

- გერმანიაში როდის ბრუნდები?
- გუნდი 12 ივნისს იკრიბება და მეც მაგ დროისათვის ჩავალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრამ მინდა ნიკამ გერმნიაში გაქაჩოს,მეც მომენატრა დვალის და გელაშას დუეტი და სულ მინდოდა ნაკრებში მეხილა და იმედია ვიხილავთ სულ ყველა და გავიხარებთ თქენი ტანდემით) მოკლედ წარმატებებიიი და იმედია გაძლიერდები და შენსას მიაღწევ,ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
ika-irakli
01:49 17-05-2012
0
ჯაბა ნიკას დუეტი მომენატრა
dato
17:33 16-05-2012
0

სიახლეები პოპულარული