ინფორმაცია 44 წლის სპეციალისტმა თავად დაგვიდასტურა, მაგრამ კლუბი არ დაუკონკრეტებია.
"ცხადია, დაბრუნება მინდოდა. საკუთარ ქვეყანაში მუშაობა ყველას ურჩევნია, მაგრამ საბოლოოდ მაინც აზერბაიჯანში დავრჩი.
იქ ორი ვარიანტი მქონდა - შემეძლო, კვლავ ცხადაძესთან ერთად "ინტერში" მემუშავა. გუნდმა ძლიერი ფეხბურთელები დაიმატა - ადამია და მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელი გეორგიევსკი. თანხმობა კიდევ რამდენიმესგან მიიღეს. ამ შემადგენლობით კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ევროპის ლიგაზე კარგად გამოსვლა რეალურია. მოკლედ, პერსპექტივები იყო.
თუმცა პირველივე წელს ასეთი გუნდით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ხელს ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტიც გვიშლის. ადგილობრივებში კვალიფიციური მოთამაშეების აშკარა დეფიციტია, არადა, ვალდებულნი ვართ, 4 აზერბაიჯანელი ვათამაშოთ, რომელთაგანაც ერთი 21-წლამდელი უნდა იყოს. საუკეთესო აზერბაიჯანელი ახალგაზრდები კი ზედა ექვსეულის გუნდებში თამაშობენ.
ამიტომ გაძლიერება ლეგიონერებით გვსურს. სამწუხაროდ, ახლანდელი ბიუჯეტი ვერ იძლეოდა საშუალებას, ჩემს მიერ შერჩეული ქართველი მოთამაშეები რომ ჩაგვეყვანა. მათ ან კონტრაქტები ჰქონდათ, ან ჩვენ ვერ ვწვდებოდით.
ახლა აქცენტი ნაკრების ფეხბურთელებზე კეთდება, რადგან ასეთებზე კლუბი ლეგიონერებზე დაწესებულ 20-ათასევროიან გადასახადს არ იხდის.
ამ მიზნით ახლახან ტალინში ვიყავი, ესტონეთისა და ლატვიის ნაკრებების რამდენიმე მოთამაშე შემომთავაზეს და "ბალტიის თასზე" მათ ვაკვირდებოდი. ვფიქრობ, რომ წელს "სიმურგი" გაძლიერდება", - გვითხრა ჩიხრაძემ.
ჩიხრაძე ბალტიელებს იწვევს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზაურ სვანაძე ბაქოს "ინტერში" კახა ცხადაძეს დაეხმარება!
გიორგი ჩიხრაძე: მწვრთნელმა უნდა გარისკოს