სიცრუის დეტექტორი 3

AutoSharing Option
არ გვინდა... ფინიში!

მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა, ორიც დღეს დაემატება; რაღა რჩება: მხოლოდ და მხოლოდ ოთხი თამაში: ორი ნახევარფინალი, მატჩი მესამე ადგილისათვის და მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი, ფინალი! ჰო, ერთ კვირაზე ოდნავ მეტი და მსოფლიოს ჩემპიონატიც დასრულდება; აი, მერე კი, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ იოლი საქმე იქნება, ისევ ჩვენ პრობლემებს უნდა მივხედოთ. ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, საფეხბურთო პრობლემებს ვგულისხმობთ - ერთ თვეში ხომ საქართველოს ჩემპიონატი იწყება!..

...ასეა, გვინდა თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონატიდან... საქართველოს ჩემპიონატზე "გადმ
ორთვა" მოგვიწევს; საბედნიეროდ, ამ ორ გათამაშებას შორის საკმარისზე მეტი დროა, - ყოველ შემთხვევაში, ერთი თვის განმავლობაში, ალბათ, შესაძლებელიც იქნება მუნდიალის "დავიწყება" და... ეროვნული ჩემპიონატისათვის "შემზადება", ოღონდ, არცთუ ისე იოლი, მაგრამ, მაინც - შესაძლებელი...
...უცბად, წარმოვიდგინოთ: საქართველოს XXII ჩემპიონატის დაწყებას აქ მონაწილე ათივე გუნდის "ფან-კლუბების" ჩამოყალიბება რომ დაემთხვევა! ჰოდა, ყველა ტურის წინ ერთდროულად ხუთი ადგილიდან რომ პირდაპირი ჩართვები იქნრება, ამა თუ იმ გუნდის მაისურებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები მხურვალედ რომ უქომაგებენ თავიანთ (თან, ქართველ) კერპებს, ტოტალიზატორებში ხუთივე მატჩის ფსონების გარჩევა-განხილვაზე ტვინის ჭყლეტა რომ წავა, ამ ხუთივე შეხვედრის დაწყებამდე თუ დამთავრების შემდეგ ფეხბურთის სპეციალისტები თითოეული გუნდის ახალ-ახალი ტაქტიკა-სტრატეგიას რომ გაარჩევენ, ვინ იცის, იქნებ, მუნდიალიც დაგვავიწყდეს, თანაც, ხომ შეიძლება, იმ პერიოდისთვის (ანუ 7-8 აგვისტოსთვის) "დამატებითი საფიქრალიც" გვქონდეს: წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართულ გუნდს პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლეული ჰქონდეს და უკვე გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადებოდნენ...

...ვერაფერს ვიტყვით. მართლაც "ცხელი საფეხბურთო ზაფხული" გველოდება; უფრო ზუსტად, ზაფხულის დარჩენილი ორი თვე, თორემ ივნისს... მხოლოდ ჩვენგან კი არა, საერთოდ, არავისგან დასაწუნი არაფერი უნდა "ჰქონოდა": ბოლოს და ბოლოს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც "დავივიწყეთ" ქართული ფეხბურთის პრობლემებიც და, რაც მთავარია, "სიცრუის დეტექტორი" ყველას გა-და-გვა-ვი-წყდა!!! ჰო, ქართულ ფეხბურთში "სიცრუის დეტექტორის" დანერგვაზე რომ ვფიქრობდით ამ წლის დასაწყისში, ხომ არ დაგავიწყდათ? თუ ასეა, მაშინ, ისღა დაგვრჩენია, შეგახსენოთ, თუ რამ გვიბიძგა ამ მართლაც "ნოვატორული გამოგონებისკენ".  რაღა თქმა უნდა, ქართულმა სატრანსფერო კამპანიამ, დედამიწის ზურგზე ანალოგი რომ არ მოეძებნება! ჰო, მაშინვე (ამა წლის იანვარში) ვივარაუდეთ, რომ "ქართული სატრანსფერო ზღაპრები" ყოველ ექვს თვეში ერთხელ აქტუალური იქნებოდა და ასეც მოხდა.

ანუ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოსმენილ-წაკითხულში "სატრანსფერო ზღაპრებისგან" რომ დავისვენეთ, ახლა უკვე... საზაფხულო "სერიებიც" გვეწყება! უფრო ზუსტად, უკვე დაიწყო, თან, წინა სეზონის დამთავრებისთანავე; უბრალოდ, მსოფლიოს ჩემპიონატმა, ცოტა არ იყოს, "გადასწონა" და შესაძლოა, ამის გამოც არის, რომ "სიცრუის დეტექტორი" გადაგვავიწყა. თორემ, ზღაპრებს მოისმენთ თუ წაიკითხავთ, იცოცხლეთ; თანაც, ლამის შეჯიბრიც (გნებავთ, კონკურსი) გამოცხადდეს, ვინ უფრო... დამაჯერებლად მოიტყუება! ოღონდ, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ კონკრეტული ფეხბურთელის ვინაობას არ დავასახელებთ, - ჩვენთან ხომ კრიტიკა კი არა, ოდნავ განსხვავებული აზრის გამოთქმაც არავის სიამოვნებს. მაგრამ, როცა ერთი და იგივე ფეხბურთელი, ერთი კვირის განმავლობაში ხუთ თუ ექვს გუნდში ცდილობს მწვრთნელისთვის თავის მოწონებას (საბოლოოდ კი, მეშვიდე გუნდში აღმოჩნდება), რომელი "სიცრუის დეტექტორი" უშველის ამ საქმეს? ყველაზე უცნაური კი ის არის, როცა აქედან ორი-სამი წლის წინათ აქედან წასული ფეხბურთელები უკან ბრუნდებიან, როგორ "დიდ გულზე" არიან: მწვრთნელი ჩემზე ჭკუას ჰკარგავდა, პრეზიდენტს შვილივით ვუყვარდი, ფანები მაღმერთებდნენ, იქაური ჟურნალისტები ეპითეტებს არ იშურებდნენ, მაგრამ... ახალ კონტრაქტზე ვეღარ მოვილაპარაკეთ და ისევ აქ ჩამოსვლა ვამჯობინეთო! თან, როგორ გგონიათ, ერთი ან ორი ჩვენებურისგან მოისმენთ მსგავს სიტყვებს?

ეგ კი არა, აპრილი თუ მაისის თვე იყო, ზუსტად არ გვახსოვს (ყოველ შემთხვევაში, სეზონის დასრულებამდე დრო კიდევ რჩებოდა), ერთ-ერთ უცხოურ კლუბში მოასპარეზე ფეხბურთელმა "ლელოსთან" ინტერვიუში რომ განაცხადა: ხუთი-ექვსი ქვეყნის ერთი-მეორეზე უკეთესი გუნდები მიწვევენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობო; თანაც, ქვეყნები ჩამოთვალა, მხოლოდ პრემიერლიგა, პრიმერადივიზიონი და სერია A არ უხსენებია, თორემ დანარჩენი, ყველგან ასარჩევად ჰქონდა საქმე. და, რა - მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მოყვა მსგავსი ზღაპარი? რომ არ დაიზაროთ და ერთი თვის წინანდელ სპორტულ პრესას გადახედოთ, ოცამდე (!) ანალოგიურ ზღაპარს წააწყდებით.

თანაც, ყველაზე უცნაურიც ის არის ხოლმე, როცა ასეთი განცხადების ავტორი, უკეთეს შემთხვევაში, ჩვენი ჩემპიონატის აუტსაიდერი გუნდის ღრმა რეზერვში ან, სულაც პირველ ლიგაში გამოჩნდება-ხოლმე! ისეთებიც გვყავს, წინა სეზონი აქ რომ ჩაატარეს და თავი ვერაფრით გამოიჩინეს, მაგრამ, თურმე, ექვსი-შვიდი სოლიდური უცხოური კლუბებიდან მიწვევა ჰქონიათ, ოღონდ, თუ რომელიმე ქართული გუნდი დაინტერესდება. მაინც აქაურობა გვირჩევნიაო; არადა, სინამდვილეში არც არავინ იწვევს, - უბრალოდ, სადაც თამაშობდა, კონტრაქტი დაუმთავრდა და თვითონაც რომ ატყობს, ახალს არ გაუფორმებენ, იქნებ, პრესით გაკეთებული განცხადებით ვინმეს ყურადღება მიიქციოს...

...კონტრაქტების თემა ხომ, საერთოდ, მართლაც მასხარაობამდეა მისული; შორს ნუ წავალთ: აბა, გაიხსენეთ, ბოლო ერთ წელიწადში რამდენი პომპეზური პრეზენტაცია ვნახეთ; ჰო, დაგვიძახებენ ჟურნალისტებს (პრესა, ტელევიზია, რადიო, ფოტო), კლუბის ახალწვეულებს საზეიმო ვითარებაში მუდმივნომრიან მაისურებს გადასცემენ და ასევე საზეიმოდ გვამცნობენ: "ამ" ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, "იმას" - ორწელიწადნახევრიანი, "ეს" ახალგაზრდაა და პერსპექტივაზე გათვლით ოთხწლიანი ხელშეკრულება დავუდეთო. აი, "ის" კი, სულაც ჩვენი კლუბის სიმბოლო უნდა გახდეს და ხუთი წელი ტყუილად ნურავინ შეგვაწუხებს, მაინც არანაირ ფასად არ დავთმობთო! სინამდვილეში კი რა ხდება: ექვსი თვის მერე კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზემოთდასახელებულ ფეხბურთელებს თურმე, კონტრაქტი დაუმთავრდათ!

ანუ, ზოგიერთი ქართული კლუბის ხელმძღვანელი... ზუსტი მეცნიერების ისტორიაში დამკვიდრებას ცდილობს, რახან გვიმტკიცებს: ორი წელიწადი იგივეა, რაც ... ექვსი თვეო, ეგ კი არა, ოთხი წელიწადიც და ხუთიც, თუ "საჭირო იქნება", ექვს თვეს უდრისო! აბა, გჯერათ ამ ზღაპრების? არადა, გვერწმუნეთ, მართლაც ასეა; თანაც, ადრე გულისტკივილით აღვნიშნავდით-ხოლმე, - ეს "ერთწლიანი გუნდები" რა უბედურებააო, ახლა კი მთელ მსოფლიოს ვაოცებთ "ექვსთვიანი გუნდებითა" და იმ მართლაც ახალი მათემატიკური აღმოჩენით, როცა, ორი წელი და ექვსი თვე, თურმე , ერთი და იგივე დრო ყოფილა...

...გამოსავალი? ალბათ, ისევ და ისევ, "სიცრუის დეტექტორის" დანერგვა-გამოყენება ქართულ ფეხბურთში. თუმცა, ჯერ სადა ვართ: საქართველოში სატრანსფერო კამპანია, ხომ, ფაქტობრივად, ახლა იწყება; ჰოდა, ახალ-ახალი და ლამაზ-ლამაზი ზღაპრებიც აწი ნახეთ. თანაც, მუნდიალიც დამთავრდება და ქართული ზღაპრებიც "წამოვა და წამოვა"...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული