უკრაინულ გუნდებს ქართველმა ლეგიონერებმა მოაგებინეს

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩივეცმა" სლოვენიურ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა "მარიბორთან" 2:1 მოიგო.

უკრაინული გუნდის ძირითადში ითამაშა საქართველოს ნაკრების კანდიდატმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც წლევანდელ შეკრებაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და შემადგენლობაში ადგილს იბრუნებს.

სწორედ თორნიკეს გადაცემით გაიტანეს მარიუპოლელებმა პირველი გოლი - "ილიჩივეცის" ქართველმა ლეგიონერმა მშვენიერ გადაცემით თანაგუნდელი კოჟანოვი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მასაც გატანა არ გასჭირვებია.

ოქრიაშვილმა წამოიწყო მეორე საგოლე კომინაციაც: როდესაც ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, სლოვენიელთა კარს თითქოს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ფლანგზე თანაგუნდელი შენიშნა, რომელსაც ბურთი საჯარიმოში შეაყოლა და მალე "მარიბორის" კარი მეორედ
შეირხა.

მეორე ტაიმში ქართველი ლეგიონერი დაასვენეს. არ უთამაშია "ილიჩევეცის" მეორე ჩვენებურს, დავით თარგამაძეს, რომელიც დაშავებულია და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

როგორც ირკვევა, კრივოი როგის "კრივბასში" რჩება საქართველოს ნაკრების მეორე ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. კრივოიროგელებიც სლოვენიაში ემზადებიან და საკონტროლო მატჩში რუმინულ "ბრაშოვს" 1:0 მოუგეს.

ერთადერთი გოლი კანკავას მონაწილეობით გავიდა: საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ამ შეხვედრაშიც თავი კარგი გადაცემით გამოიჩინა: მე-4 წუთზე ჯაბამ მეკარესთან პირისპირ სამოდინი გაიყვანა, რომელმაც შანსით ისარგებლა.

სლოვენიაში ემზადება ლუგანსკის "ზარიაც". უკრაინულმა კლუბმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ადგილობრივ კლუბთან, კიდრიჩევოს "ალუმინიისთან" ჩაატარა და 2:1 მოიგო.

აქაც გამარჯვებაში წვლილი ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა ლიპარტიამ შეიტანა: 24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მე-20 წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა.

ჯაბამ თამაში ძირითად შემადგენლონაში დაიწყო, მეორე ნახევარში კი "ზარიას" მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალა და ქართველიც დაასვენა.

უკრაინელებს ქართულებმა მოაგებინეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული