ქართველი ლეგიონერები აზერბაიჯანში - დაბრუნდით სახლებში!

AutoSharing Option
კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერმა" წლევანდელ ევროპის ლიგის პირველ წრეში ჩინებული შედეგი აჩვენა - ესტონური "ტრანსი" ორჯერ ტრანსში ჩააგდო - 5:0 გასვლაზე მოუგო, 2:0 სახლში და შემდეგ ეტაპზე ტრიპოლისის "ასტერასს" შეხვდა.

ბერძნულ კლუბთან ბაქოში დამთავრებული 1:1-ის შემდეგ ცხადაძის გაწვრთნილებმა ტრიპოლისშიც 1:1 ითამაშეს და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის, რომელსაც აქამდე მეორე ეტაპზე გასვლაც სანატრელი ჰქონდა, ეს უდიდესი შედეგი იყო.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტგამოცემა "აზერისპორტი", რომელიც ცხადაძეს ლამის აზერბაიჯანში ჩასვლის დღიდან ვერ იტანს, ასეთ წერილს აქვეყნებს:

რომ არ ყოფილიყო ესტონური ფეხბურთი?
"სრული
იმედგაცრუება იყო "ხაზარისა" და "ინტერის" გამოსვლა. არადა, სავსებით დასაძლევი მეტოქეები ჰყავდათ: ლენქორანელებს - პოლონური "ლეხი", ბაქოელებს კი - ევროთასების შემთხვევითი სტუმარი "ასტერასი".

"ინტერი" სეზონის დაწყებამდე სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ კარგი თამაში ვერ აჩვენა. "ტრანსთან" მოგების წარმატებად ჩათვლა სისულელეა, რადგან აზერბაიჯანულ კლუბებს ასეთი
სუსტი მეტოქე არასოდეს შეხვედრიათ.

ბერძნებთან პენალტების სერიაში დამარცხებაშიც საამაყო არაფერია. სად არის ცხადაძის ნაქები გენიალური ტაქტიკა? როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არსებობს. ცხადაძემ, ტელეეთერში მოხვედრილი არაერთი ჩხუბის გარდა, ჯერ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

რას შეძლებდნენ ეს კლუბები, რომ არ ყოფილიყო ესტონური ფეხბურთი?"

* * *
ცხადია, მეორე ეტაპზე გამოვარდნა წარუმატებლობაა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ესტონური, ქართული და კიდევ 202 ქვეყნის ფეხბურთი, აზერბაიჯანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა; რომ არ ყოფილიყო კლუბების გაჭირვება, ქართველი მოთამაშეების 95 პროცენტი სამშობლოში ითამაშებდა და ისევე იშვიათად წავაგებდით, როგორც საბჭოთა კავშირის ისტორიის პერიოდში.

მაგრამ სანამ ბებო ბაბუ გახდებოდა, გავიხსენოთ: აზერბაიჯანული კლუბი (ბაქოს "ნეფთჩი") მხოლოდ ერთხელ გახდა (1966 წელს) საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი. ამ დროს თბილისის "დინამო" იყო თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981), სსრკ-ის ჩემპიონი (1964, 1978), ვერცხლისა (1939, 1940, 1951, 1953, 1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1936 წ. შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981), სსრკ თასის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1936, 1937, 1946, 1960, 1970, 1980).

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ხუთ ქართულ კლუბს უთამაშია ("დინამო", ქუთაისის "ტორპედო", ლანჩხუთის "გურია", თბილისის "სპარტაკი", თბილისის "ლოკომოტივი") და მხოლოდ ერთს აზერბაიჯანიდან (ბაქოს "ნეფთჩის").

ამ ორი ქვეყნის ტიტულებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია და ჩვენი ორი ქვეყნის საფეხბურთო რესურსზე რეალურ წარმოდგენას გვიქმნის.

მაგრამ დრონი მეფობენ, დღევანდელ საკლუბო ფეხბურთში კი ფული ლამის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. აზერბაიჯანული კლუბები გამდიდრდნენ, ცნობილი ლეგიონერები მიიწვიეს და გაუჩნდათ ილუზია, რომ ქართულ ფეხბურთზე მეტი პოტენციალი აქვთ. ჩვენ ვინ ვართ, ევროპის ჩემპიონი საბერძნეთისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი პოლონეთის გუნდებთან მოგებაც იოლი ეჩვენებათ.

მაგრამ ჩვენ საკუთარ პრობლემას მივხედოთ: ამჟამად აზერბაიჯანში ბევრი ქართველია. "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, ბაქოს "ინტერის" - კახა ცხადაძე, რომლის ასისტენტიც ზაურ სვანაძეა და მათი ხელმძღვანელობით თამაშობენ მეკარეები გიორგი ლომაია და რევაზ თევდორაძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, გიორგი ადამია, ბაჩანა ცხადაძე; "ბაქიში" - გიორგი ფოფხაძე, "ქიაფაზში" - გიორგი სეფიაშვილი, "რავანში" - გიორგი გულორდავა, "თურანში" - ალეკო გოგობერიშვილი და გიორგი ზოიძე.

ეს ის კონტინგენტია, რომლის ბაზაზეც ძლიერი ქართული გუნდის ჩამოყალიბება შეიძლება. მათი სამშობლოში დაბრუნება არარეალური არ უნდა იყოს. ადრე თუ გვიან ცხადაძისა თუ სხვათა გაწვრთნილი გუნდები ევროსარბიელზე მეზობლებს ხომ წააწყდებიან და თუ ჩვენი რესურსი შემოვიკრიბეთ, ვნახოთ, ვინ ვის.

მაგრამ ამას თავის მობმა და კლუბების გაძლიერება ესაჭიროება. რაც უნდა დიდი ფული ჰქონდეს აზერბაიჯანს, საქართველო გაცილებით მეტი საფეხბურთო პოტენციალის ქვეყანაა - სხვათა შორის, ცხადაძე ამას ხშირად იმეორებს და "აზერისპორტს" ამითაც აღიზიანებს.

სამწუხარო ისაა, რომ ან ნიჭსა და პოტენციალს ქარს ვატანთ, თითზე კბენანი კი საქმეს ვერ შველის - გულშემატკივარს გული უსკდება, ფული კი თავისას შვრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"აზერბაიჯანულ ფეხბურთს კახა ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება!"
კახა ცხადაძე: "ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?"
"კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში მოქცევა უნდა ისწავლოს!"
azerisport.com: კახაბერ ცხადაძის "საქმენი საგმირონი" აზერბაიჯანში
მკითხველის კომენტარები / 3 /
სად ჩამოვიდნენ? გორის დილაში არ ეტევა ამდენი ფეხბურთელი.:)
იმათ კი არ უნდა უთხრათ, ჩამოდიო (პროფესიონალმა სხვაზე უკეთ იცის, სად ურჩევნია), არამედ უნდა თქვათ, რო იქ არის გაცილებით უკეთესი პირობები და ის უნდა თქვათ, აქ როგორ შეიქმნება მსგავსი პირობები. და რო მარტო ფულში არაა საქმე.
ლაყბობთ უაზროდ.
dudu
09:16 02-08-2012
0
შეიძლება ავტორთან რაღაცაში დათანხმება, ოღონდ მოდი ემოციებს ნუ ავყვებით, ნუჩავიკეტებით ჩვენ ნაჭუჭში. დაე ითამაშონ ჩვენებმა სხვა ქვეყნებში, ამით ჩენ არ წავაგებთ, პირიქით გავმდიდრდებით. თუ სხვებსაც მოვიწვევთ ხომ მთლად უკეთესი.
და კიდევ ეღტი რადგან ნეფტჩიმ მოუგო ზესტას, ეს არ ნიშნავს რომ აზერების ფეხბურთი ჩვენსას ჯობია. მასე ჩვენმა მე-5 გუნდმა დანიის მე-5 გუნდს მოუგო, გამოდის ჩვენ დანიაზე უკეთესი ჩემპი გვქონია. ეს აბსურდია, არსებობს უეფას ცხრილი სადაც ჩვენი კლუბები აზერულს ჯობია, ხოლო ნაკრები არ მახსოვს, აი სომხების რომ გვჯობია მახსოვს.
ramo
12:46 01-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული