გუნდში თამაზ პერტიასა და შოთა მახარაძის რეკომენდაციით მიყვანილმა ცენტრალურმა მცველმა (რომელსაც საქართველოში მხოლოდ პირველი ლიგის "ნორჩ დინამოში" უთამაშია) ლატვიელებს პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით მოაწონა თავი და გუნდის შეუცვლელი მოთამაშე გახდა.
წლეულს ლატვიის ვირსლიგაში 31 ტური ჩატარდა, დაუგავპილსელები 67 ქულით ლიდერობენ და ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე უახლოეს მდევარს, ლიეპაიას "მეტალურგს" 6 ქულით
"დაუგავას" ჩატარებული 31 შეხვედრიდან ტანმაღალმა (187 სმ) ცინცაძემ 20 მატჩი გამართა და ორი გოლი გაიტანა. 11 შეხვედრაც ტრავმის გამო გაუცდა.
ცინცაძეს მალე კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და კლუბის დატოვება სურს:
"ლატვიელები ახალ ხელშეკრულებას მთავაზობენ, მაგრამ მისი გახანგრძლივება არ მინდა. ამის გამო "დაუგავაში" გარკვეულ პრობლემებს მიქმნიან და მაწვალებენ - კარგად იცით, ფეხბურთელის გაჩერება რომ სურთ, ასეთ დროს რასაც აკეთებენ.
მაგრამ სხვა, კონკრეტული ვარიანტი არ გამაჩნია და არ ვიცი, საბოლოოდ უარი რომ ვუთხრა, უკეთეს კლუბში გადავალ? ჯერ ფეხს ვითრევ. არადა, ესენი უკვე კონკრეტულ პასუხს მთხოვენ.
ვნახოთ, სეზონის მერე როგორ იქნება. ის ფაქტი მაიმედებს, რომ ახლა თავისუფალი აგენტი გავხდები, ასეთ ფეხბურთელს კი ყველა ეძებს და გუნდის მოძებნაც შედარებით იოლია.
და თუ მაინც არაფერი გამოჩნდა, ალბათ, "დაუგავაში" დარჩენა მომიწევს".
ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას "დაუგავას" ქართველი ლეგიონერი მამუკა ღონღაძე ლიდერობს, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და უშუალო მდევარს, იაპონელ იოსუკე საიტოს ("ვენტსპილსი") 3 გოლით უსწრებს.
"მამუკას "დაუგავასთან" კონტრაქტი აგვისტოში უმთავრდება და თუ გუნდმა ბევრი არ მოითხოვა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს სადმე გადავიდეს.
იმედია, ასეც მოხდება და ზამთრის მერე უკეთეს კლუბსა და ლიგაში ითამაშებს.
დარჩენა კი არ გვსურს. თამაზ პერტიას დროს გუნდში 4 ქართველი ფეხბურთელი ვიყავით, პლუს თავად მწვრთნელი და მისი ასისტენტი შოთა მახარაძე. ახლა მხოლოდ მე და მამუკა დავრჩით", - ამბობს ცინცაძე.
როგორც ცნობილია, გორის "დილას" კონტრაქტის გაფორმება სურს ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ნათან ჟუნიორთან, რომელიც ოთხი წელი რიგის "სკონტოში" გამოდიოდა. მან 2010 წელს ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირებში მეორე ადგილი დაიკავა, 2011 წელს კი მამუკა ღონღაძეს ერთი გოლით აჯობა და წლის მეგოლე გახდა.
"ნათან ჟუნიორი მართლა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ, რომ იცოდეთ, "სკონტოში" არა თავდამსხმელად, არამედ პლეიმეიკერად ათამაშებდნენ. ჩემი აზრით, ჟუნიორი გორის "დილას" გააძლიერებს", - ამბობს ცინცაძე.
ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებს ლატვიის ვირსლიგის ლიდერი გუნდის ცენტრალური მცველისა და ტურნირის ბომბარდირის ჩამოყვანა არ აწყენდათ.
არადა, ჩვენთან შინაურ მღვდელს შენდობა რომ არ აქვს, ამაზე თავად ცინცაძის მაგალითი მეტყველებს: ერთ-ერთ ქართულ კლუბში კროსები არბენინეს და ისე დაიწუნეს, საკონტროლო შეხვედრაც არ ათამაშეს; მეორეში კი გასინჯვაზეც უარი უთხრეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვინ არის გორის "დილას" პოტენციური ახალწვეული ნათან ჟუნიორი?
ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს
"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო