"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო

AutoSharing Option
ლატვიური "დაუგავა" წლის დამდეგს ქართველების გუნდად იყო მონათლული: მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია იყო, საფეხბურთო აკადემიაში შოთა მახარაძე საქმიანობდა, გუნდში კი ოთხი ქართველი ირიცხებოდა: მცველები გიორგი ჩიხრაძე და ბიძინა ცინცაძე, ნახევარმცველი ჯემალ ჯალიაშვილი და თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე.

ინტერნეტგაზეთ sportacentr.com-ის გამოკითხვაში გულშემატკივრებმა 2011 წლის უმაღლესი ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ჩიხრაძე და ღონღაძე დაასახელეს, პერტია კი საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

მაგრამ კლუბი ნელ-ნელა ქართველებისგან დაიცალა და, შესაძლოა, 2012 წელს ჩვენებურები თითქმის აღარ
დარჩნენ "დაუგავაში". ზაფხულში გუნდი პერტიამ დატოვა, ახლა კი დანარჩენებიც მის გზას დაადგნენ.

გმადლობთ და ნახვამდის, შოთა!
"დაუგავას" ვებგვერდმა ასეთი სათაურით გამოაქვეყნა წერილი, რომელიც დუბლშემადგენლობის მწვრთნელს და საფეხბურთო აკადემიის კურატორს, შოთა მახარაძეს მიეძღვნა.

"ამოიწურა შრომითი ხელშეკრულების ვადა მწვრთნელ შოთა მახარაძესთან. შოთა "დაუგავადან" მიდის. კლუბის, მოთამაშეთა და მშობელთა სახელით, ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტს მადლობას ვუხდით კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის. თქვენი ვარჯიშები ბავშვებს სპორტულ წინასვლასა და ზრდაში ეხმარებოდა. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს და წინსვლას კარიერაში".

32 წლის ქართველმა სპეციალისტმა "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიაში ორი წელიწადი იმუშავა. გუნდში თამაზ პერტიამ მიიყვანა, იქ მუშაობას კი მისი წასვლის შემდეგაც აგრძელებდა.

მწვრთნელ თემურ მახარაძის ვაჟს სამწვრთნელო კარიერა მამის დახმარებით არ აუწყვია, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამ საქმეს უკვე მეცხრე წელია, მისდევს. ლატვიაში 2009 წლის ბოლოს ჩავიდა და მისი ხელმძღვანელობით "დაუგავას" ბავშვებმა ჯერ ქვეყანაში, შემდეგ კი საერთაშორისო ტურნირებზე მიაღწიეს წარმატებას, რამდენიმე მოთამაშე კი ლატვიის ასაკობრივ ნაკრებებს გაუზარდა.

როგორც შევიტყვეთ, მახარაძეს აღარც კლუბში გაჩერება სურდა, აღარც ლატვიაში და მუშაობის საქართველოში გაგარძელებას აპირებს.

ღონღაძე: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან
ახლახან ვწერდით, რომ "დაუგავას" თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებდა. 26 წლის თავდამსხმელმა ლატვიის ვირსლიგში 21 გოლი გაიტანა (პლუს 5 გოლი თასზე) და ბომბარდირს, "სკონტოს" ბრაზილიელ თავდამსხმელ ნათან ჟუნიორს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩა.

ლატვიის ჩემპიონატში წარმატებულ ფეხბურთელებს უკრაინის, პოლონეთისა და რუსეთის კლუბები აკვირდებიან და გამონაკლისი არც ღონღაძეა - მამუკას აყვანით რამდენიმე უკრაინული კლუბი დაინტერესდა.

იყო ინფორმაცია, რომ ქართველ ფორვარდს სამი კლუბი იწვევდა - კრივოი როგის "კრივბასი", ლუგანსკის "ზარია" და ლვოვის "კარპატი". მეტიც, ლვოველებს (რომელთაც იანვრიდან "ზესტაფონის" ნახევარმცველი ბუბა დაუშვილიც შეუერთდება) მამუკა ყოველგვარი გასინჯვის გარეშე, პირდაპირ კონტრაქტის გაფორმებასა და პირადი ხელშეკრულების პირობებზეც შეუთანხმდა, ანუ კარიერაში ერთი ნაბიჯი წინ უნდა გადაედგა, მაგრამ ორი ნაბიჯი უკან გამოუვიდა.

ბოლო მომენტში "კანუს" სატრანსფერო საქმე თავდაყირა დადგა. როგორც გავარკვიეთ, სეზონის დასაწყისში ღონღაძეს "დაუგავაში" ერთწლიან კონტრაქტზე მოაწერინეს ხელი, მაგრამ საბოლოოდ ტექსტში ხელშეკრულების ვადად ორი წელი ჩაიწერა. მართალია, ამის გამო უკრაინულ კლუბებთან მოლაპარაკება არ ჩაშლილა, მაგრამ, ცხადია, შეფერხდა და ამიტომაა, ღონღაძე დღემდე ახალ კლუბში რომ ვერ ჩაირიცხა. საკონტრაქტო "უცნაურობანი" კი ამჟამად გარკვევა-განხილვის სტადიაშია.

მოლოდინში
"დაუგავას" მცველი ბიძინა ცინცაძე ამბობს, რომ კლუბის დატოვება სურს: "ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ არაფერი დაუკონკრეტებია. ხშირად მომხდარა, ფეხბურთელს ბევრს ჰპირდებიან, საბოლოოდ კი არაფერი გამოდის. ასე რომ, როდესაც ტრანსფერი შედგება, ახალი კლუბის სახელს არ დავმალავ. მაგრამ გუნდის დატოვება რომ მინდა, ეს დასამალი არ არის".

წლის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებული მარცხენა მცველი გიორგი ჩიხრაძეც მოლოდინშია. მას გუნდთან კონტრაქტი უკვე დაუსრულდა და დარჩენას აღარ აპირებს.
წინადადებები უკრაინული კლუბებიდან აქვს, მაგრამ ჯერ საკითხი არ გადაწყვეტილა. 24 წლის მცველის მენეჯერმა გიორგი ნიკურაძემ გვითხრა, რომ უახლოეს პერიოდში მოთამაშეს უკეთეს კლუბში მოაწყობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული