სანდრო კობახიძე: ჩემთვის მთავარი ფასეულობა მამული, ოჯახი და ფეხბურთია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ფეხბურთელი ალექსანდრე კობახიძე უკრაინული საიტის, hotsport.ua-ს რუბრიკა "სპორტის კულისებში" სტუმრად წარსდგა.

სანდრო თავის კიევურ ყოფაზე, საფეხბურთო კარიერაზე, საყვარელ კერძებზე, თბილისის სილამაზესა და ეროვნულ ნაკრებში თამაშის მნიშვნელობაზე, ასევე, თავის მთავარ ცხოვრებისეულ ფასეულობებზე საუბრობს. ვფიქრობთ, ინტერვიუ ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.

* * *
რაზე შეიძლება ქართველებთან ისაუბრო სიამოვნებით - გნებავთ რედაქციაში ჭიქა ყავასთან, გნებავთ ბათუმის კაფეში საფერავის ბოკალთან ერთად? რა თქმა უნდა, სიყვარულზე.

ფეხბურთისადმი, საქართველოსა და კიევისადმი თავის სიყვარულზე კიევის "არსენალის" ფეხბურთელი, მორიდებული, ზრდილობიანი და პატრიოტი სანდრო
კობახიძე მესაუბრა, რომელიც თავისი ერის საამაყო შვილია.

როდის აღორძინდ
ება საქართველოში ფეხბურთი? რა არის კარგი უკრაინულ ფეხბურთში? ამ კითხვებზე პასუხებს სანდროსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიიღებთ.

კიევის მშვენიერება და შეუდარებელი თბილისი
- იმ დღიდან, რაც 2008 წელს უკრაინაში ჩამოხვედით, უკვე მოასწარით დნეპროპეტროვსკსა და კრივოი როგში ცხოვრება და ბოლოს კიევში აღმოჩნდით. რომელ ქალაქში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?
- როგორც სათამაშო, ისე პირადი მიზეზების გათვალისწინებით, კიევში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. მე შემიყვარდა ეს ქალაქი და თუ შეიძლება ასე ითქვას, ის "ჩემია".

ჩემთვის სასიამოვნოა ასეთ შეკრულ გუნდში თამაში, რომლის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკია. "არსენალის" წინაშე დგას ამოცანები, რომლებსაც ვიზიარებ: მყარად დამკვიდრება სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, ევროთასებზე მაქსიმალურად წარმატებული თამაში.

კიევში ჩემს ადგილზე ვარ. აქ ჩემმა საფეხბურთო კარიერამ განვითარება დაიწყო, თავი გუნდისთვის სასარგებლოდ ვიგრძენი და გოლების გატანაც დავიწყე. "დნეპროსა" და "კრივბასში", სამწუხაროდ, ასეთი რამ არ მიგრძვნია.

- კიევში საყვარელი ადგილები გაქვთ?
- თუკი გართობაზე ვისაუბრებთ, მაშინ კი, არის ასეთი ადგილები. სადილად და გასართობად კონკრეტულ დაწესებულებებში დავდივარ. რაც შეეხება ლამაზ პეიზაჟებს, კიევში ასეთი ყველგანაა. დადიხარ ქუჩებში და ირგვლივ სილამაზეა.

- ამ მხრივ შეიძლება კიევის თბილისთან შედარება?
- თბილისის შედარება არაფერთან შეიძლება. ის მშობლიური ქალაქია, რომელიც ყოველთვის ჩემს გულშია, სადაც არ უნდა ვიყო. ადრე თუ გვიან, დავბრუნდები თბილისში და იქ დავრჩები. დედამიწის ზურგზე ის ყველაზე ლამაზი და საყვარელია.

- რა უნდა იცოდეს ადამიანმა საქართველოში პირველად გამგზავრებამდე?
- საქართველოში სტუმრის დახვედრის კულტურა ფასეულობათაგან ერთ-ერთი უმთავრესია. მაშინაც კი, თუ იქ არავის იცნობთ, საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებიან. საქართველო ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული ტრადიციებით.

- კიდევ ერთი გამორჩეული რამ, რაც საქართველოში გამომგზავრების წინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, ეს ანბანია, არა?
- დიახ, ჩვენი დამწერლობა ლამაზია და მათთვის, ვინც მას პირველად ხედავს, რთულია.

- აბა, ქართულად დაწერეთ ჩვენი საიტის დასახელება.

Sportall.Ge

- რას იტყვით უკრაინაზე, აქ თუ შეხვდით რაიმე სტერეოტიპს? ან იქნებ უკრაინელებზე რაიმე განსაკუთრებული შეიტყვეთ?
- უკრაინა მომწონს, ხოლო ის, რაც აქ გამომგზავრებამდე მასზე მსმენოდა, სრულებით გამართლდა. მაგალითად, უკრაინელები მართლაც პატიოსნები, გულღიები და მეგობრულები არიან. და კიდევ, აქ ძალიან ლამაზი გოგონები არიან. აქამდე მეგონა, რომ მათ გადაჭარბებულად აქებდნენ, მაგრამ არა, ეს აბსოლუტური სიმართლეა.

- აქ ჩამომსვლელს კიდევ რისადმი მზაობა მართებს, გარდა მომაჯადოებელი სილამაზისა?
- ზამთრის სიცივისადმი! თუკი უკრაინაში დარჩენას დიდი ხნით აპირებთ, თან აუცილებლად ბევრი თბილი ტანსაცმელი უნდა იქონიოთ. სხვა შემთხვევაში, გაიყინებით.

თავშეკავება ხაჭაპურისგან
- გათბობა გემრიელი კერძებითაც შეიძლება. რა მოგწონთ უკრაინულ სამზარეულოში?
- კარგი სამზარეულო გაქვთ. არაერთი გემრიელი კერძი დავაგემოვნე, მაგრამ ყველაზე ძალიან ბორშჩი, სალა და პელმენი მომეწონა.

- პელმენი ხინკალს გახსენებთ ხოლმე?
- არა, ეს ორი სრულებით სხვადასხვა კერძია. ხინკალი - სულ სხვა ამბავია და სხვანაირად მზადდება.

- კიევში შეიძლება ნამდვილი ქართული კერძების დაგემოვნება? და კიდევ, სხვა რა გიყვართ ტრადიციული ხინკლისა და ხაჭაპურის გარდა?
- წარწერა "ქართული სამზარეულო" ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ იმ რესტორანში სწორედ ისეთ კერძებს შემოგთავაზებენ, როგორსაც საქართველოში მიირთმევთ. შეცვლილია რეცეპტურა, პროდუქტსაც სხვას იყენებენ.

ვიცი ერთი რესტორანი ქალაქგარეთ, სადაც მართლა სახლში მგონია ხოლმე თავი.

მიყვარს საცივი ბაჟეში და რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპური. გაგისინჯავთ როდისმე?

- ბათუმში ყოფნისას გავსინჯე...
- მაშინ ნამდვილად გეცოდინებათ, რა გემრიელიცაა! ქართულ სამზარეულოში სხვაც არაერთი გემრიელი კერძია, რომლის გასინჯვასაც გირჩევდით.

- მერედა, ასეთი კულინარიული ტურის შემდეგ ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაჩნდებათ?
- მე მსგავსი არაფერი დამმუქრებია და არც მწვრთნელს უთქვამს რამე. საკუთარი თავის ხელში აყვანა აუცილებელია.

- ესე იგი, დისციპლინას არ არღვევთ. ბავშვობაში მკაცრად გზრდიდნენ?
- დიახ. მშობლები ცდილობდნენ, ჩემთვის დისციპლინის დაცვა, სხვების პატივისცემა ესწავლებინათ. ეს ქართველებისთვის ტრადიციულია.

რა თქმა უნდა, ცხოვრებისადმი ჩემი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ფეხბურთმაც ითამაშა როლი, რომელმაც მისი დაგეგმვაც მასწავლა.

- ახლა იშვიათად ხართ შინ?
- ძირითადად მაშინ, როცა ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება მეძლევა. საერთოდაც, ნაკრებში გამოძახება ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, უდიდესი პატივია. ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში - ეს მისი ღირსების დაცვაა და ყველაფერს ვაკეთებ, რათა თემურ ქეცბაიას მხედველობაში ვყავდე. ვვარჯიშობ და თავს არ ვზოგავ, რათა სულ უფრო უკეთ ვითამაშო.

დასანანია, რომ სექტემბერში სანაკრებო მატჩების წინ ტრავმა მივიღე, თუმცა, ჩემის მხრივ, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ფორმაში ვიყო და მწვრთნელის ნდობა კვლავაც დავიმსახურო.

- თქვენს გარდა ნაკრებში სხვა "უკრაინელ" ქართველებსაც იძახებენ: ოქრიაშვილს, თარგამაძეს, კანკავას, ყენიას, ლობჟანიძესა და სხვებს. ნაკრებსმიღმა თუ ურთიერთობთ?
- დავით თარგამაძესთან დიდი ხანია, ვმეგობრობ; დანარჩენებთან კი, ძირითადად, ნაკრები მაკავშირებს. როდესაც ჩვენი გუნდები უკრაინის ჩემპიონატში ან თასზე ხვდებიან, რა თქმა უნდა, ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე, ვსაუბრობთ, ვხუმრობთ. ერთმანეთის ნახვა ყოველთვის გვიხარია. ზოგიერთები ჩემთან კიევში სტუმრადაც მოდიან და დროს საინტერესოდ ვატარებთ.

ჩვენ გულებს ცვლილებები სჭირდება
- თქვენი აზრით, რა არის ქართული ფეხბურთის არცთუ მაღალი დონის მიზეზი? როდის უნდა ველოდეთ მის გაბრწყინებას?
- მგონია, რომ საქართველოში პრობლემა არასაკმარისი ინვესტიციებია. უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ფეხბურთი განავითარონ: ააშენონ სტადიონები, ბაზები, მოედნები, განავითარონ ბავშვთა ფეხბურთი, გახსნან სკოლები. ყოველივე ეს უკრაინელი მოთამაშეების, კლუბებისა და მთლიანად ჩემპიონატის დონეს ამაღლებს - ის ხომ საკმაოდ ძლიერი გაქვთ. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. ფული სხვა სფეროებში იხარჯება და ამიტომაც ჩვენი გუნდები ევროპულ რეიტინგში მაღლა ვერ მიიწევენ.

თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში სულ მალე დადებითი ძვრები დაიწყება.

- მით უმეტეს, რომ პოლიტიკური ცის კაბადონზე კალაძის ვარსკვლავი ამობრწყინდა?
- შესაძლოა. მახარებს კახას ამბავი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ყოფის გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეეტანა. მას სურს შეცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ. კახას გზა ია-ვარდით მოფენილი არასდროს იყო და მწამს, რომ ის ამ სფეროშიც წარმატებული იქნება.

მას ახლოს ვიცნობ - ძალიან პასუხისმგებლობიანი, კეთილი, დადებითი ადამიანია, რომელიც თავის პრინციპებსა და ფასეულობებს არასდროს ღალატობს. წარმატებას ვუსურვებ მას!

- თქვენთვის რა არის მთავარი ფასეულობები?
- ჩემთვის მთავარი ფასეულობა სამშობლო, ჩემი ოჯახი და ფეხბურთია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია მიზნის დასახვა და მისკენ სწრაფვა. უამისოდ ცხოვრება არარაობაა.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე კობახიძე და ლევან ყენია - მატჩის გმირები [VIDEO]
დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" სანდრო კობახიძის დაბრუნებაზეც ფიქრობს
ua-football: კიევის "არსენალი" სანდრო კობახიძის გარეშე წარმოუდგენელია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი ფეხბურთელია, ალბათ იმ მცირედთაგანი რომელიც დღევანდელი ნაკრების იმედს წარმოადგენს; კრეატიულია, საკმაოდ ტექნიკური. ინტერვიუთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კარგი ქართველია; წარმატებები და ღვთის წყალობა არ მოაკლდეს თავის ქვეყნის ნაკრების საკეთლითდღეოდ
forca juve
15:16 03-11-2012
0
სანდრო ჯიგარი ხარ, კარგი ინტერვიუა.
მუშვან
20:52 02-11-2012
0

სიახლეები პოპულარული