ერთადერთი ნაკრები, რომელთანაც ჩვენი გუნდი "მიხეილ მესხზე" დამარცხდა (1:3), უკრაინა იყო. ალექსანდრ გოლოვკოს გაწვრთნილთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ბექა ვაჩიბერაძე გახლდათ (იხილეთ ვრცლად).
მართალია, ქართველ პლეიმეიკერს შოტლანდიასთან შეხვედრისას ქართულმა სისხლმა უყივლა, ემოციას აჰყვა და მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ამით საერთო შთაბეჭდილება არ შეცვლილა: უკრაინის პასპორტის მქონე 16 წლის ქართველი უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია.
"ლელო" ბექა ვაჩიბერაძეზე ჯერ კიდევ იანვარში წერდა (იხილეთ ვრცლად). მისი გვარი თავდაპირველად უკრაინის 16-წლამდელთა
მაშინ ბექასთან დალაპარაკება ვცადეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მწვრთნელთან შეუთანხმებლად ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ მამამისის, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი თავდამსხმელის, ზაზა ვაჩიბერაძის მონათხრობს დავჯერდით.
ბექა 1996 წლის 5 მარტს დაიბადა. მამამისივით ცაციაა. 12 წლამდე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" შოთა ჭეიშვილთან ვარჯიშობდა, ბოლო ექვსი წელიწადი კი უკრაინაშია. თავიდან ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. ამჟამად კი დონეცკის "შახტარის" აკადემიაშია, სადაც თავდამსხმელი პლეიმეიკერად გარდაქმნეს.
საინტერესოა, რომ 15 წლის ბიჭმა "ჩერნომორეცის" 17-წლამდელთა გუნდში გადასვლისას უკრაინის ასაკობრივ ჩემპიონატში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.
სწორედ ამ გუნდში შენიშნა უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა, შარშან ნოემბერში მიიწვია და ჯერ შვეიცარიასთან ორივე საკონტროლო შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, მერე კი - "ეგეოსის ზღვის თასის" გათამაშებაზე. ბექამ ფრანგებთან (3:3), ბერძნებთან (1:2) და ბელგიელებთან (2:2) შეხვედრებიც ძირითადში დაიწყო და ამ უკანასკნელს მეორე გოლი გაუტანა.
მარტში კი ბელგიაში ოთხთა ტურნირზე იასპარეზა, სადაც მასპინძელთა გარდა, სლოვაკეთისა და ფინეთის ნაკრებებიც თამაშობდნენ.
პარალელურად, ვაჩიბერაძე უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვიეს. დონეცკის "შახტარის" ჭაბუკებში გადასული ქართველი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა: უკრაინელებმა უკან ჩამოიტოვეს მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი" - "შახტარმა" ნახევარფინალში "ინტერს" 2:1 მოუგო, ფინალში კი ხორვატულ "ჰაიდუკს" - 2:0. ბექა ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა.
მართალია, ვლაპარაკობთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ და უცხო ქვეყნის სახელით მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს დავაკვირდებით, მაგრამ ვაჩიბერაძე სათანადოდ მაინც ვერ შევაფასეთ. ის საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების შეკრებებზე სამჯერ გამოიძახეს, ორჯერ თბილისში, ერთხელაც - ზუგდიდში, საკონტროლო თუ შესარჩევ შეხვედრებში თავიც გამოიჩინა, მაგრამ უცნობია, მერე რატომ დაიწუნეს.
ფაქტია, რომ გიორგი დევდარიანის დანიშვნამდე კარგა ხნით ადრე, ვაჩიბერაძემ გულგრილი დამოკიდებულება დაინახა და კარიერის ასაწყობად უკრაინელთა მიწვევას დათანხმდა. 5 შეკრება, 12 ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრა და 2 გოლი - ასეთია მისი მონაგარი.
არადა, ბექა და მისი ოჯახი ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდნენ და კარგა ხანი თავს იკავებდნენ. მერე კი მისი "ჯვაროსნების" სახელით თამაში გამოირიცხა. ნიჭიერი და პერსპექტიული რომ არ იყოს, უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში არავინ აიყვანდა. მართლაც, სლავთა 17-წლამდელებში ქართველი ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალტექნიკური ფეხბურთელი გახლდათ და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებენ.
თუმცა, მაინც მგონია, რომ ამ ბიჭის იმედი მომავალში სწორედ საქართველოს უნდა ჰქონდეს. ფეხბურთელის მამა ამ საკითხზე ლაპარაკს ერიდება, უკრაინელებისადმი მადლიერება და პატივისცემა გააჩნია. მათ ხომ შვილი დაუფასეს და წინსვლის შანსი მისცეს, მაგრამ სისხლი თავისას შვრება - ზაზა შვილის მომავალს მაინც საქართველოში ხედავს.
* * *
ვინ იცის, კიდევ რამდენი ქართველი მამლუქია მიმოფანტული, განსაკუთრებით, რუსეთისა და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში. მაგალითად, შარშან 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი უკრაინის რიგებში თემურ ფარცვანია გახდა, რომელიც ამჟამად ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს - 20 წლის ზუგდიდელი ნაკრების ძირითადის მოთამაშეა და ყვითელ-ლურჯი ფორმით მრავალი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
ამავე გუნდის კანდიდატია კიევის "ობოლონის" თავდამსხმელი ირაკლი მესხია.
უკრაინის 19-წლამდელთა გუნდის კანდიდატთა სიაში იყო 1994 წელს დაბადებული ამბროსი ჩაჩუა, ლვოვის "კარპატის" დუბლების ცენტრალური ნახევარმცველი. წლეულს პეტერბურგში გამართულ ვალენტინ გრანატკინის ხსოვნის ტურნირზე ჩაჩუა მუდამ ძირითადში იყო.
მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში შარშან 1994 წელს დაბადებული თემურ ბუკია გამოჩნდა. 175 სმ სიმაღლის გარემარბი სოჭში დაიბადა და რამენსკოეს "სატურნის" გაზრდილია. გუნდის დაშლის შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში, "სპარტაკში" გასინჯეს და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ბუკიამ შარშანდელი სეზონი "სპარტაკის" 19-წლამდელთა გუნდში გაატარა. ის რუსეთის მოქალაქეა და თანამშრომლობს იმ სამენეჯერო კომპანიასთან, რომლის კლიენტები არიან ირაკლი ჭეჟია ("სპარტაკი 2") და ირაკლი ლოგუა ("ფაკელი").
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს
ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
მიმოფანტულები: აკაკი გოგია, გუჯა რუხაია და სხვები
თემურ ფარცვანია: უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნობა დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს
ოღონდ ჩვენ აქაურების იმედი უფრო გვაქვს. არა მარტო ფეხბურთში არამედ ცხოვრებაშიც. ჩემი ბიჭიც უცხოეთშია, მაგრამ საქართველოს რაა რო.