ბაჩანა ცხადაძე: ჩვენი ამოცანა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძე Sport.1news.az-ს მისცა ინტერვიუ, სადაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილ "სიმურგთან" სტუმრად 1:0 წაგებულ შეხვედრაზე, აზერბაიჯანის თასის 1/8-ფინალში გასამართ შეხვედრასა და სხვა საინტერესო ამბებზე ისაუბრა.

ამ დროისთვის აზერბაიჯანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში 23-23 ქულით სწორედ ქართველების "ინტერი" და "სიმურგი" უდგანან (დედაქალაქელებს თამაშით ნაკლები აქვთ).

- "სიმურგთან" მატჩი "ინტერისთვის" წარუმატებელი აღმოჩნდა. წაგების მიზეზად რას მიიჩნევთ?
- ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნამ ჩვენს თამაშზე გავლენა იქონია. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა ვალერი აბრამიძის ტრავმამ, რომელიც მან პირველ ტაიმში მიიღო.

თამაში ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა. ზაქათალაში თამაში ყოველთვის ძნელია და მით უმეტეს, ახლა, როცა "სიმურგი" განსაკუთრებით ძლიერია. ეს გუნდი კოლექტიურ ფეხბურთს თამაშობს და ცდილობს, კომპაქტურად იმოქმედოს.

ვაღიარებ, რომ მეტოქემ ჩვენზე კარგად ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

- საპატიო მიზეზის გამო მატჩს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე არ ესწრებოდა, რომელიც საქართველოში მამის ავადმყოფობის გამო გაემგზავრა. მთავარი მწვრთნელის არყოფნამაც ხომ არ იმოქმედა გუნდზე? და აქვე, თქვენი პაპის მდგომარეობაზეც გვითხარით.
- ამ ამბავმა დაგვზაფრა. რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენამ ცუდად იმოქმედა გუნდზე.

პაპას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამჟამად მისი მდგომარეობა უკეთესია.

- "სიმურგთან" დამარცხებამ სატურნირო ცხრილში "ინტერის" მდგომარეობა გარკვეულწილად გააუარესა. ზაქათალის გუნდი ქულებით გაგითანაბრდათ და თან, კვალში ახლოს გიდგანან სხვა გუნდებიც.
- წელს ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულია. ზედა ექვსეულში მყოფ თითოეულ გუნდს აქვს გალიდერების შანსი, თუმცა გულახდილად გეტყვით, რომ ეს ფაქტორი ჩვენზე პოზიტიურად მოქმედებს, რადგან ასეთი სატურნირო ვითარება არ გვიტოვებს მოდუნების უფლებას.

ჩვენთვის თითოეული მეტოქე უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტია. ახლა "სიმურგთან" პირველ ადგილს ვიყოფთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ სულ მალე ისევ ერთპიროვნულად გავლიდერდებით და მდევრებს უკან მნიშვნელოვნად ჩამოვიტოვებთ.

- უკვე 28 ნოემბერს "ინტერი" აზერბაიჯანის თასზე ბრძოლას 1/8-ფინალიდან იწყებს, მეტოქე კი პირველი დივიზიონის მიოკ-ი იქნება. რას იტყოდით ამ თამაშზე და თუ შეისწავლეთ მეტოქე?
- სიმართლე გითხრათ, მიოკ-ზე მე პირადად ძალიან ცოტა რამ ვიცი, თუმცა დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ნებისმიერ მეტოქეს. მოწინააღმდეგის შეუფასებლობა დაუშვებელია და თუკი ასეთი რამ მოხდება, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება.

თუკი მოვეშვებით და მეტოქეს მივცემთ თავის გამოჩენის შანსს, ეს ცუდ შედეგს მოგვიტანს. საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ და წარმოვაჩინოთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია არსენალში.

- შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის თასზე "ინტერს" მუდმივად არ უმართლებს. გუნდი ოთხჯერ გავიდა ამ ტურნირის ფინალში და ოთხივეჯერ მხოლოდ ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდა. თქვენი აზრით, ამ სეზონში შეძლებთ წარუმატებელი სათასო სინდრომის დაძლევას?
- ჩვენ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ვიფიქროთ ამაზე. არ ღირს წინა წარუმატებლობებზე ყურადღების გამახვილება. პირადად, არ მწამს რაღაც სინდრომების.

"ინტერისთვის" ყოველი ახალი სეზონი - ეს ახალი ტიტულების მოპოვების შესაძლებლობაა. ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, გავხდეთ ჩემპიონები და მოვიპოვოთ თასი. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.

- ამას წინათ, ერთ-ერთ ქართულ საიტზე თქვენი ინტერვიუ ვნახეთ. საერთოდაც, ბოლო დროს ქართულ პრესაში თქვენს შესახებ და აზერბაიჯანის ჩემპიონატზეც უფრო მეტი იწერება...
- გეტყვით, რომ "ინტერს" საქართველოში ბევრი ქომაგობს, რადგან აქ ერთბაშად ექვსი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და სამი მწვრთნელი მუშაობს. შესაბამისად, საქართველოში ძალიან აინტერესებთ ჩვენი შედეგები. ჩვენი გუნდის თამაშებს ტელევიზიითა და ინტერნეტითაც ადევნებენ თვალს.

ქართველი ჟურნალისტებიც საკმაოდ ხშირად გვიკავშირდებიან და გვიხარია, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოსთვისაც საინტერესოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული