ქართველი ლეგიონერები: რუსეთში არცთუ სახარბიელოდ, უკრაინაში ბევრად უკეთ

AutoSharing Option
ბევრ ევროპულ ლიგაში უკვე საახალწლო არდადეგები გამოცხადდა და ქართველი ლეგიონერების ნაწილმაც 2012 წლის ბოლო ოფიციალური მატჩები უკვე ჩაატარა.

ჩვენი ლეგიონის მონაგარის შეფასებაც უკვე შესაძლებელია.

დღეს რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგებში მოასპარეზე ქართველების საამსეზონო მაჩვენებლებს გადავხედოთ, დანარჩენი ლეგიონერების მიღწევებს კი რამდენიმე დღეში შევაფასებთ.


ჯანო ანანიძე
სპარტაკი, მოსკოვი.
11 მატჩი, 2 გოლი

შეიძლება, ჯანოს "სპარტაკში" იდეალურად ჯერაც არ მისდიოდეს საქმე, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სეზონი მისთვის წინაზე წარმატებულად მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ბოლო დროს უფრო ხშირად ენდობოდნენ და კარგი პრესაც ჰქონდა.

სამწუხაროდ, ტრავმას მაინც ვერ გადაურჩა და საოპერაციო შეიქნა, თუმცა მისი სარეაბილიტაციო პერიოდი ზამთრის პაუზას ემთხვევა და წესით, სეზონის განახლებას სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.

გია გრიგალავა
ვოლგა (ნიჟნი ნოვგოროდი)

19 მატჩი, 1 გოლი

რუსულ პრემიერლიგაში მოთამაშე ერთადერთი ქართველია, რომელსაც კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

"ვოლგამ" მიმდინარე ჩემპიონატში 19 მატჩი გამართა და გრიგალავამ 19-ივეში მიიღო მონაწილეობა, თანაც, ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

წესით, ძირითად შემადგენლობაში გრიგალავას პოზიციები ვერც სეზონის მეორე ნახევარში უნდა შეირყეს.

ალექსანდრე ამისულაშვილი
კრასნოდარი
17 მატჩი

"კრასნოდარის" კაპიტანმა ბოლო დროს პოზიციები დათმო და ზოგჯერ შეცვლაზე თამაშით კმაყოფილდებოდა, ზოგჯერ კი მთელ მატჩს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

იმედია, ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ამისულაშვილი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს და სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს.

ნუკრი რევიშვილი
კრასნოდარი
4 მატჩი

რევიშვილმა სეზონი "კრასნოდარის" ძირითადი მეკარის სტატუსით დაიწყო, მაგრამ მალე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ბოლო დროს კი განაცხადს მიღმაც კი რჩებოდა.

ყოველივე ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ მან საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი.

რევიშვილის კრასნოდარული მომავალი ბუნდოვნად მოჩანს.

შოთა გრიგალაშვილი
ალანია (ვლადიკავკაზი)
9 მატჩი

"ალანიაში" ახალგადასულმა გრიგალაშვილმა თავიდანვე მოიპოვა ადგილი ოსური კლუბის ძირითად შემადგენლობაში და სისტემატურადაც თამაშობდა.

მაგრამ საქმეები მალე არასასიამოვნოდ წაუვიდა - გრიგალაშვილი ტრანსფერზე დააყენეს.

გრიგალაშვილის მომავალი ჯერ გაურკვეველია.

ჯაბა კანკავა
დნიპრო (დნეპროპეტროვსკი)
16 მატჩი, 2 გოლი

სეზონი "კრივბასში" დაიწყო, სადაც "დნიპროს" იჯარით ჰყავდა გაშვებული, სეზონის მსვლელობისას კი დნეპროპეტროვსკულ კლუბს დაუბრუნდა და მის ძირითადშიც მოახერხა დამკვიდრება.

საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის სეზონი უდავოდ წარმატებულად მიმდინარეობს - ჯაბა დამაჯერებლად გამოიყურება, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ევროპის ლიგაზე კი მეთექვსმეტედფინალშია გასული.

ალექსანდრე კობახიძე
არსენალი (კიევი)
16 მატჩი, 2 გოლი
კობახიძე კიევის "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერია და იგივე როლი აკისრია საქართველოს ნაკრებშიც.

მისი ადგილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არასდროს იწვევდა ეჭვს.

სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი კი სანდრომ დონეცკის "შახტარს" გაუტანა. ის შეხვედრა "არსენალმა" 2:0 მოიგო და "შახტარს" მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მარცხი აგემა.

დავით თარგამაძე
ილიჩევეცი (მარიუპოლი)
18 მატჩი, 1 გოლი

თორნიკე ოქრიაშვილი
ილიჩევეცი (მარიუპოლი)
18 მატჩი, 1 გოლი
თარგამაძე და ოქრიაშვილი "ილიჩევეცის" გამორჩეული ფიგურები არიან და გუნდის წარმატებაში სოლიდური წვლილი შეაქვთ.

სტაბილური საკლუბო კარიერა კი პირდაპირპროპორციულად აისახება მათ სანაკრებო ასპარეზობაზე.

შეგახსენებთ, ორივე "შახტარის" საკუთრებაა. დონეცკურმა კლუბმა უკვე გამოთქვა ოქრიაშვილის დაბრუნების სურვილი.

ჯაბა ლიპარტია
ზარია (ლუგანსკი)
17 მატჩი, 1 გოლი
მართალია, წინა სეზონისგან განსხვავებით, უმეტესად, შეცვლებზე თამაშობდა, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიპარტია "ზარიასთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება.

უჩა ლობჟანიძე
კრივბასი (კრივოი როგი)
16 მატჩი
საქართველოს ნაკრების მცველი მყარად ინარჩუნებს ადგილს "კრივბასის" ძირითად შემადგენლობაში და ნორმალურ შეფასებებსაც იღებდა.

16 მატჩიდან 15 მან შეუცვლელად ჩაატარა.

მურთაზ დაუშვილი
კარპატი (ლვოვი)
12 მატჩი
მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ გააძევეს და ამის გამო საკმაო რაოდენობის მატჩები გაუცდა. თუმცა როცა თამაშის უფლება ჰქონდა, დაუშვილის ადგილი სასტარტო თერთმეტეულში ეჭვს არ იწვევდა.

ლევან ყენია
კარპატი (ლვოვი)
10 მატჩი, 2 გოლი
ყენიას ქართული ლეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი შეგვიძლია ვუწოდოთ. მძიმე ტრავმის გამო გაცდენილი წლების შემდეგ მან "კარპატის" მიაშურა, სადაც სრულად მიეცა საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება.

ლევანმა ეფექტური თამაშით იმის იმედიც გაგვიჩინა, რომ ახლო მომავალში ძველ დონეს დაუბრუნდება.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მას "კარპატიში" აღარავინ გააჩერებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული