დავით სირაძე: ნაკრებიდან ჩამოცილებამ უკან დამხია

AutoSharing Option
დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკს" რუსეთის პირველ ლიგაში ეხმარება და ცდილობს, გუნდი პრემიერლიგაში ხელახლა დააბრუნოს. თუმცა წლეულს ამ პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებს.

- რუსეთის პირველ ლიგაში თამაში არ გსურდა, მაგრამ იძულებული გახდი, ისევ "სპარტაკში" დაბრუნებულიყავი...
- არ მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იქ თამაში ვამჯობინე. ისე, ძალიან მძიმე ტურნირია. კარგია იმისთვის, ვისაც დიდი ფული და ამბიციები აქვს.

- "სპარტაკს" დიდი მიზანი არ აქვს?
- ფინანსურად ლიდერებს: "ტომს", "ურალს", ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასა" და "ნეფტეხიმიკს" ვერ შევედრებით. ხაბაროვსკში ახლა გიორგი დარასელია და ქართველი ბიჭები რომ
მიდიან, მგონია, გუნდი ბევრად გაძლიერდება.

- ხაბაროვსკელებს დიდი ფული აქვთ?
- ფულიც ბევრი აქვთ და ამბიციაც. ერთადერთი, ამ გუნდს ხელს ის უშლის, რომ კონტინენტის მეორე ბოლოშია.

- ახლა "სკა-ენერგიაში" მენეჯერად მამუკა ჯუღელი ჩაიყვანეს. ნუთუ მართლა ისეთი გავლენიანი კაცია, როგორც ლაპარაკობენ?
- კი, მართლა ასეა. მამუკა უკვე მერამდენედ მიჰყავთ იმ გუნდში, რომელსაც პრემიერლიგაში გადასვლა სურს. "ანჟისა" და "ვოლგაში" ეს მიზანი შეასრულა და ახლაც რამეს მოახერხებს.

რუსებს იმხელა ფული აქვთ, ქართველი რაში დასჭირდებათ, უნარიანი რომ არ იყოს. ამბობენ, ფულით ყველაფერს გააკეთებო. ფულის გამოყენება სხვებსაც უცდიათ, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. ნიჭი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარია საჭირო.

Sportall.Ge- "სპარტაკს" დავუბრუნდეთ. შენი ნათქვამიდან უნდა დავასკვნათ, რომ გუნდის პრემიერლიგაში დაბრუნება არარეალურია?
- საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ უფულო რომ ხარ, დაგჩაგრავენ და ძალიან გაგიჭირდება: ცალკე მეტოქეები აკეთებენ ჩვენი კონკურენტების საქმეს და ცალკე მსაჯები არ გვახარებენ. არადა, ლიდერებს ბევრითაც არ ჩამოვრჩებით და ამ სხვაობის გაბათილებაც შესაძლებელია.

- ნალჩიკში დარჩენას როდემდე აპირებ?
- კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს... ისე, ნაკრებში გამოუძახებლობამ უკან დამხია. დარწმუნებული ვარ, ახლაც რომ მეთამაშა, პრემიერლიგის რომელიმე კლუბში მოვხვდებოდი. ნაკრების წევრს მაინც სხვა თვალით უყურებენ.

მას შემდეგ, რაც ქეცბაია აღარ მიწვევს, დამოკიდებულება კლუბშიც შეიცვალა. გული ამიტომაც მწყდება...

სულ მაინტერესებს, რატომ ამითვალწუნა. მიზეზი მაინც ეთქვა, გაახალგაზრდავებას ვაპირებო ან მსგავსი... ლატვიასთან მატჩის შემდეგ საერთოდ დამივიწყა.

მაგრამ რაც იყო, იყო, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.

- გუნდში გუჯა რუხაიაც რჩება?
- დიახ, მასაც ჩემსავით კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ძალიან კარგი ფეხბურთელია და საწყენია, ყურადღებას რომ არ აქცევენ.

სხვათა შორის, ადრე რუსეთის პირველ ლიგაში უფრო ბევრი ქართველი თამაშობდა. ახლა თითებზე ჩამოსათვლელები დავრჩით, რადგან "ხიმკიდან" ლევან გვაზავა, "კუზბასიდან" კი გიორგი ნავალოვსკი წავიდნენ.

"ნეფტეხიმიკს" ორჯერ შევხვდით და საბა კვირკველია ორივეჯერ ძალიან მომეწონა. მიმაჩნია, რომ კარგი მცველი გვეზრდება.

სხვათა შორის, წლების წინ მეორე ბუნდესლიგაში ვთამაშობდი და რომ ვადარებ, დააახლოებით იგივე დონეა და წლიდან წლამდე უფრო მაღლდება. ხალხი სტადიონებზე დადის და მედიაც მოვლენებს კარგად აშუქებს.

გვაზავას "ხიმკი" ბოლო ადგილზეა, მაგრამ იცით, რა კარგი შემადგენლობა ჰყავს? ასეთი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ბევრს მიაღწევდა.

- პრემიერლიგას რომ ვერ შევედრებით, ეს ისედაც ცხადია, მაგრამ პირველი ლიგაც ჩვენზე ბევრად მაღალი დონის არის?
- საქართველოს ჩემპიონატში თბილისის "დინამო" ყველაზე სოლიდური კლუბია. სხვა ამ დონის კლუბი გეგულებათ, რომელსაც ძალიან კარგი სტადიონი, ბაზა და ფინანსური პირობები აქვს?

ძალიან მინდა, ჩვენი ფეხბურთი უკეთეს დღეში იყოს, მაგრამ თვალის დახუჭვით დონე არ გაიზრდება. მწარე რეალობა კი ასეთია. იქ რომ უკეთესი დონე და პირობები არ იყოს, საქართველოში არ დავრჩებოდი?

გადახედეთ, რამდენ ქართულ კლუბს აქვს საკუთარი სტადიონი და ბაზა, აღარაფერს ვამბობ მინიმალურ ბიუჯეტზე - დადგენილია, რომ ლიგაში ვერ ითამაშებს 10 მილიონ დოლარზე ნაკლები ბიუჯეტის მქონე გუნდი. აბა, რომელ ქართულ კლუბს აქვს ამხელა ფული? რუსეთში ეს არავის უკვირს.

Sportall.Geთუმცა, მგონია, რომ ჩვენი უმაღლესი ლიგის ლიდერები რუსეთის პირველლიგელებს წინააღმდეგობას გაუწევენ.

2018 წლამდე რუსეთში ფეხბურთის დონის კიდევ უფრო გაზრდა აქვთ ჩაფიქრებული. ამბობენ, რომ მთავრობა ძალიან დიდი ფულის დაბანდებას აპირებს. ხომ იცით, ამბიციურები არიან და სურთ, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რუსული ფეხბურთის განვითარება ყველამ აღიაროს.

რამდენიმე ახალი სტადიონი ააშენეს. მაგალითად, ეკატერინბურგში "ურალის" სტადიონი ვნახე და გაოცებული დავრჩი: 35 ათას მაყურებელს იტევს და თანამედროვე, ძალიან მაგარი არენაა, კომფორტული ტრიბუნებითა და კარგი საფარით... ევროპული დონისააო, ამბობენ, მაგრამ ეს ევროპულზე უკეთესი მგონია. სხვაგან უკეთესის აშენებას აპირებენ.

ნეტავ, ამათი მეათედი ფული გვქონდეს, მაგარი ჩემპიონატი გვექნებოდა.

- თუმცა ხუმრობით იმასაც ამბობენ, რუსეთის პირველ ლიგაში მოთამაშეები თვითმფრინავში ცხოვრობენო.
- ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. ვერ ვიტყვი, რომ სულ ასეთ რეჟიმში ვართ, მაგრამ "სპარტაკს" იმის ფუფუნება არ აქვს, ხაბაროვსკში ჩარტერული რეისით გაემგზავროს და მოსკოვის გავლით ვიფრინეთ - გზაში 12 საათი ვიყავით.

საშინელებაა, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ძილსაც ვასწრებთ, ტელევიზორის ყურებას და გაზეთების თუ ჟურნალების წაკითხვას.

ეკატერინბურგსა და ტომსკში ასე ბევრი დრო არ გვჭირდება, 4-5 საათი მაქსიმუმ, მაგრამ ხანგრძლივ მგზავრობაზე მეტ სირთულეს ის გვიქმნის, რომ იგივე ხაბაროვსკისა და მოსკოვის დროებს შორის განსხვავება 7 საათია და ფაქტობრივად, ჩვენთვის ბუნებრივი დროის მიხედვით, დილის 11 საათზე ვთამაშობთ.

გადაწყობა და აკლიმატიზაცია იმდენად ძნელია, რომ ეს "სკა-ენერგიას" დიდ უპირატესობას უქმნის, მაგრამ მათ გასვლაზე თავად უჭირთ გადაწყობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით სირაძე: გული მწყდება, საქართველოს ნაკრებისთვის მეტის გაკეთება შემეძლო
დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული