ჯაბა ლიპარტია: საგანგაშო არაფერია, სეზონს "ზარიაში" ჩავამთავრებ

AutoSharing Option
17 მატჩი და ერთი გოლი - ასეთია ჯაბა ლიპარტიას მონაგარი უკრაინის მიმდინარე პრემიერლიგაში. "ზარიაში" ქართველი შემტევი უკვე მესამე სეზონს ატარებს და ამ ხნის განმავლობაში გუნდში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.

მიმდინარე ჩემპიონატში მან მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, მაგრამ უმეტესად შეცვლებზე თამაშობდა - ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ შვიდჯერ მოხვდა.

თუმცა ჯაბა ამ ფაქტს საგანგაშოდ არ მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მეორე წრეში მოედანზე უფრო დიდი დროის გატარება მოუწევს.

საქართველოში არდადეგებზე მყოფი ლიპარტია "ლელოს" რესპონდენტია.

- როგორ შეაფასებ შენს ბოლოდროინდელ როლს "ზარიაში"?
- შეჩვეული ვიყავი,
რომ მუდმივად ძირითადში ვთამაშობდი და მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილება ჩემთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. ერთი პერიოდი ახალი კლუბის ძიებაზეც დავიწყე ფიქრი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სიტუაციისთვის ცივი გონებით უნდა შემეხედა.

"ზარიაში" დიდი კონკურენციაა და არ არის ტრაგედია ის, რომ ზოგჯერ შეცვლაზე შევდივარ ხოლმე. მთავარია, ვგრძნობ, რომ გუნდისთვის ძველებურად საჭირო ფეხბურთელი ვარ და მისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.

შრომა არასდროს მეზარებოდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტის გაკეთება მმართებს სასტარტო შემადგენლობაში დასამკვიდრებლად.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, უახლოეს პერიოდში ძირითადში უფრო ხშირად მოვხვდები.

მოკლედ, ნერვიულობა აშკარად არ მიღირს. "ზარიასთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში მიმთავრდება და სეზონს აუცილებლად აქ ჩავამთავრებ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- "ზარიამ" პრემიერლიგის პირველი წრე მეათე ადგილზე დაასრულა. ეს შედეგი გუნდის მესვეურებისა და მწვრთნელებისთვის დამაკმაყოფილებელია?
- ე.წ. ოქროს შუალედში უნდა დავმკვიდრებულიყავით - ასეთი იყო ჩვენი ამოცანა სეზონის წინ და საქმე სწორედ აქეთ მიდის. მართალია, ჩემპიონატი ზედიზედ ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რამაც ევროსაგზურის მოპოვების იმედი გაგვიჩინა, მაგრამ შემდეგ სტაბილურობას მოვუკელით.

კიდევ კარგი, წლის ბოლო ოფიციალური მატჩი მოვიგეთ, თორემ მეთოთხმეტე პოზიციამდე დავეშვებოდით.

ერთი სიტყვით, "ზარიას" ამჟამინდელი მდგომარეობა მის პოტენციალს შეესაბამება, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, გაზაფხულზე უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ.

- უკვე საკმაო ხანია, უკრაინაში თამაშობ. უკრაინული პრემიერლიგის პროგრესზე ბევრი საუბრობს და შენ თუ დაეთანხმები ამ მოსაზრებას?
- საერთოდ, საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ რუსეთსა და უკრაინაში წასვლა ქართველ ფეხბურთელზე დამღუპველად მოქმედებს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა. რუსეთშიც და უკრაინაშიც ყველა პირობაა იმისთვის, რომ ფეხბურთელმა თავი გამოიჩინოს, დონეზე კი საუბარიც ზედმეტია.

რუსეთში არასდროს მითამაშია, თუმცა იქაური პრემიერლიგის მაღალ დონეზე კამათი არც ღირს. უკრაინაშიც ძალიან კარგი ჩემპიონატია, სადაც ქულების მოპოვება ფავორიტებისთვისაც კი რთულია, ყოველი მატჩი არაპროგნოზირებადია. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ თამაშია უდიდესი გამოცდილება.

- "ზარიას" დუბლებში გიული მანჯგალაძე თამაშობს. მის შესახებ რას იტყვი?
- ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და თანატოლებში აშკარად გამოირჩევა. არ გამოვრიცხავ, ახლო მომავალში ძირითად გუნდში გადმოიყვანონ.

- "ზარია" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას როდის შეუდგება?
- 14 იანვარს ყველანი ლუგანსკში უნდა ვიყოთ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გავივლით, 16-ში კი თურქულ შეკრებაზე მივემგზავრებით. ამჯერად სამის ნაცვლად ორი შეკრება გვექნება, სადაც საკმაო რაოდენობის საკონტროლო მატჩებს ჩავატარებთ.

- უკრაინაში მოთამაშე ქართველებიდან ვის გამოარჩევდი?
- რომელიმე მათგანის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ყველა კარგად გამოიყურება და ძირითადშიც სისტემატურად თამაშობენ. თუმცა მაინც გამოვარჩევდი თორნიკე ოქრიაშვილს, რომელსაც ბოლო დროს თვალსაჩინო პროგრესი აქვს.

იმავეს ვიტყოდი ლევან ყენიაზე, რომელიც მძიმე პერიოდის შემდეგ საკმაოდ სწრაფი ტემპით შედის სასურველ ფორმაში და თუ ასე გააგრძელა, მალე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ათამაშდება.

ერთი სიტყვით, უკრაინაში ქართველები თავიანთ სიტყვას ამბობენ, რაც ძალიან მახარებს.

- უკრაინაში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. გამონაკლისი მხოლოდ შენ ხარ...
- წლეულს მხოლოდ თურქეთის წინააღმდეგ ვითამაშე. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ, ნაკრებში რომ ვერ ვხვდები, მაგრამ ამის გამო ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ გამოიძახოს და რაკი მე არ მიწვევს, ალბათ ასეა უმჯობესი.

- საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებ თვალს?
- პირველი, რასაც ინტერნეტში შესვლისას ვაკეთებ, საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციების ძიებაა. ასე რომ, ჩვენს უმაღლეს ლიგაში მიმდინარე პროცესების შესახებ ყველაფერი ვიცი.

აშკარაა, რომ ამ მომენტისთვის ყველაზე ძლიერი "დინამოა". გამოსარჩევია "დილასა" და "ტორპედოს" ბოლოდროინდელი პროგრესი, "ზესტაფონის" არასტაბილური ასპარეზობა კი ძალიან მიკვირს.

მე კი, რა თქმა უნდა, "ვიტ ჯორჯიას" დიდ გულშემატკივრად ვრჩები და ვისურვებ, ახლო მომავალში მას კვლავ ჩემპიონობისთვის ებრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველი ლეგიონერები: რუსეთში არცთუ სახარბიელოდ, უკრაინაში ბევრად უკეთ
ლეგიონის უქმეები: ქართულ გოლებს ევროპაში თვლა არ აქვს [+VIDEO]
უკრაინულ გუნდებს ქართველმა ლეგიონერებმა მოაგებინეს
ჯაბა ლიპარტია: უცხოეთში თანამემამულეებთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა
ჯაბა ლიპარტია: საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ხელი არ ჩამიქნევია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული