აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ინტერმა" თურქულ შეკრებაზე მანამდე ოთხი საკონტროლო მატჩი ითამაშა: მეორე ბუნდესლიგის "აალენთან" (1:1), ასევე მეორე ბუნდესლიგის "ინგოლშტატდთან" (1:3), უკრაინის, ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" (0:0) და ყაზახურ "ორდაბასთან" (2:0).
ამით "ინტერის" შეკრება დამთავრდა და გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადებას უკვე ბაქოში გააგრძელებს.
ჩვენს სამეზობლოში კი ჩემპიონატი მომავალ უქმეებზე განახლდება. აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდი" სტუმრად ლენქორანის "ხაზარს" ეთამაშება.
სხვათა
შეგახსენებთ, რომ "ინტერში" თამაშობენ: 33 წლის გიორგი ლომაია, 24 წლის რევაზ თევდორაძე (ორივე - მეკარე), 31 წლის ილია კანდელაკი, 32 წლის ვალერი აბრამიძე (ორივე - მცველი), 31 წლის გიორგი ადამია და 25 წლის ბაჩანა ცხადაძე (ორივე - თავდამსხმელი).
ამათგან 3 თებერვალს გამართულ მატჩში ძირითადში დაიწყეს თამაში ლომაიამ, კანდელაკმა, აბრამიძემ და ცხადაძემ.
სხვათა შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ილია კანდელაკი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული - გამოცდილმა მარცხენა მცველმა ჩვენი უპირველესი გუნდის შემადგენლობაში ბოლოს 2010 წლის 25 მაისს იასპარეზა (კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ).
აქვე ნურც "ინტერის" სხვა ქართველებსაც დავივიწყებთ: მეორე მწვრთნელად ზაურ სვანაძე მუშაობს, ხოლო გუნდის მენეჯერი (უფრო ზუსტად, მწვრთნელ-სელექციონერი) ალექსანდრე რეხვიაშვილი გახლავთ.
"ინტერისა" და "პოლონიას" შეხვედრაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა: ვარშავური გუნდის ძირითადში იყო ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო თავდამსხმელი, 25 წლის ლადო დვალიშვილი.
ისე, დრო იყო, ლადო დვალიშვილიც კახა ცხადაძის შეგირდი რომ გახლდათ: 2004-05 წლების სეზონს ვგულისხმობთ, როცა ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და თავის სადებიუტო მატჩში გორის "დილას" 9:0 მოუგო. დვალიშვილი იმ დროს 17 წლის გახლდათ და ეს იყო მისი პირველი მატჩი "დინამოს" ძირითადში, რომელიც გოლითაც აღნიშნა!
2005 წლის 2 აპრილს ჩატარებული ის მატჩი იმითაც აღსანიშნავი იყო, დინამოელმა ლევან მელქაძემ "დილას" კარში 5 (!) გოლი რომ გაიტანა: აღარაფერს ვამბობთ გოჩა ჯამარაულის მართლაც ზღაპრულ თამაშზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"