ირაკლი ჩირიკაშვილი: ქართველის პასპორტი და სახელი ევროპაში პრობლემებს გვიქმნის

AutoSharing Option
2011 წლის ივნისში შვეიცარიულ "ქსამაქსში" ირაკლი ჩირიკაშვილი ჩაირიცხა. ბევრ ქართველს ვერ ნახავთ, ვისაც ვარსკვლავების გვერდით, საკმაოდ ცნობილ ევროპულ კლუბში უთამაშია.

მაგრამ რად გინდა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პლეიმეიკერის გუნდი გაკოტრდა, საქართველოში იძულებით დაბრუნებული კი უჩვეულო გულგრილობას წააწყდა და დღემდე უგუნდოდაა.

მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ არის და მალე ერთ-ერთ უცხოურ კლუბში მოხვედრას იმედოვნებს.

"შარშან ამ დროს შეკრება გვქონდა და ტურნირზე გამოვდიოდით. ამ დროისთვის სამი თვის ხელფასის აღებას ველოდით, როდესაც ოთხი ფეხბურთელი არ გამოჩნდა და კლუბის ჩეჩენ მეპატრონეს,
ბულატ ჩაგაევს შევხვდით.

სეზონი იწყებოდა და გაგვიკვირდა, როდესაც გვითხრა, 4-5 დღე დაისვენეთ და დავალიანებას გაგისტუმრებთო.

სხვა რა გზა იყო, მოთამაშეები ინდივიდუალურად ვემზადებოდით, როდესაც გაზეთიდან შევიტყვე, რომ "ქსამაქსი" გაკოტრდა. ძალიან უსიამოვნო ამბავი იყო - სერიოზულ ევროპულ ლიგაში მოხვედრა მიხაროდა, მაგრამ ნორმალურად თამაში არ დამცალდა.

ჩაგაევი ციხეში ჩასვეს, ჩვენ ბინები და მანქანები დავაბრუნეთ, შვეიცარიის ჩემპიონატი კი თებერვალში "ქსამაქსის" გარეშე დაიწყო. ასე დავრჩი უგუნდოდ.

იმ დროისთვის ტრავმა მაწუხებდა და ახალ კონტრაქტს ვერ გავაფორმებდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, შვეიცარიის უმაღლესი ლიგის გუნდის მოთამაშე ერთი წელი უთამაშებელი თუ დავრჩებოდი. სამწუხაროდ, მაინც ასე მოხდა",
- ამბობს ჩირიკაშვილი.

25 წლის ფეხბურთელი შვეიცარიულ კლუბში უცნაურ ვითარებაში მოხვდა:

"2011 წლის ივლისში ლიტვაში, "შიულიაიში" წასვლა მქონდა გადაწყვეტილი. შვეიცარიაში გასინჯვაზე წასვლა ამ დროს შემომთავაზეს.

მაშინ სერიოზულად ვემზადებოდი, რადგან საქართველოში დარჩენა აღარ მსურდა და ლიტვაში თამაშიც მისაღები ვარიანტი იყო, მაგრამ ასეთ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი და ჩემი ფულით გავემგზავრე.

ჩავედი სრულიად უცხო გარემოში, სადაც ახლობლობით არ მოვხვედრილვარ. მთავარი მწვრთნელი "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სონი ანდერსონი იყო. მაგარი ფეხბურთელები გვყავდა - კალუ უჩე, არისმენდი, ვიკტორ სანჩესი, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ახალი ფეხბურთელი რომ მოვიდა, თვალები გამიფართოვდა - მოედანზე "ვალენსიას" მცველი დავით ნავარო შემოვიდა. თავი ზღაპარში მეგონა.

ორი აზრი არ არის, პრიმერადივიზიონი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ შვეიცარიაში სპეციფიკური ჩემპიონატია და ვერც ერთმა ამ ვარსკვლავმა ვერ "იფრინა".

შვეიცარიული ფეხბურთი ნაკლებად ტექნიკურია, გაუთავებელი ბრძოლა და ომია და თავის გამოჩენას ყველა ვერ ახერხებს.


შვეიცარია სხვა პლანეტაზეა. საათივით აწყობილი ქვეყანაა, სავარჯიშო და პირადი კონტრაქტის პირობებიც საუკეთესო მქონდა, მაგრამ ძალიან ძვირი ქვეყანაც არის. აქ ავტობუსით მგზავრობა რომ 50 თეთრი ღირს, იქ - 4 შვეიცარიული ფრანკი, ანუ დაახლოებით ამდენივე დოლარი.

ერთხელ მატარებლით ვმგზავრობდი - ეწერა დრო, როდის უნდა ჩავსულიყავით 300 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ ქალაქში. ჩასვლისას საათზე დავიხედე და გამეცინა, მატარებელი ვაგზალზე წამების სიზუსტით შევიდა.

ცხადია, შვეიცარიაში დარჩენა მსურდა, კარგი ქვეყანაა, ძლიერი ლიგაც აქვთ, მაგრამ ხელი იმან შემიშალა, რომ "ქსამაქსში" ბევრი ვერ ვითამაშე. ჩასვლისთანავე ფეხში ჩამარტყეს და კარგა ხანი ვმკურნალობდი.

მერე "ქსამაქსიდან" ,სათამაშო პრაქტიკისთვის მისაღებად, ჩელენჯლიგის კლუბში იჯარით წასვლა ვითხოვე, მაგრამ ანდერსონმა იმდენჯერ მითხრა, გვჭირდებიო, აღარ შემიწუხებია. თურმე, მაინც ჩემი უნდა გამეტანა. მაშინ ამის შანსი კიდევ მქონდა.

ტრავმის მერე ქართულმა პასპორტმაც დამაბრკოლა და ახალი კლუბი ვერ მოვნახე. ფორმის შესანარჩუნებლად, საკმაოდ დიდი ხანი, მეოთხე ლიგის "ლაზანასპორტში" ვვარჯიშობდი, მაგრამ როდესაც შეიტყვეს, რომ ქართველი ვიყავი, მეორე დღესვე ვარჯიში ამიკრძალეს.

არ ვიცი, ასე სახელი რატომ გაგვიფუჭდა, მაგრამ ჩვენი პასპორტი და სახელი ევროპაში პრობლემებს გვიქმნის".


ირაკლი ჩირიკაშვილი გულგრილობას არა მხოლოდ შვეიცარიაში, საქართველოშიც წააწყდა:

"ახლა ველოდები ორ მიწვევას, ლატვიისა და მოლდოვის კლუბებში გადასვლა შემომთავაზეს. საქართველოში კი დიდად არავინ შემიწუხებია, რადგან აქ ინტერესი ვერ შევნიშნე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკაცრავად და ყველა და ყველაფერია დამნაშავე..... :)

გეორგიან მენტალიტეტ........!!
ხევსური
15:41 21-02-2013
0
ჩემო ირაკლი,ევროპაში სახელის გაფუჭება, ჩვენ სასიქადულო ვაი თანამემამულეებს დააბრალე .დღე არ გავა ერთი ქართველი რომ არ დააკავონ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე.ასე რომ ევროპაში თავის მოჭრა ჩვენ ნაძირალა თანამემამულეებს უნდა დავაბრალოდ.
vep1963
14:33 21-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული