ქართველმა ფორვარდმა ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა: პოლონეთის თასზე "ლეგიამ" "ოლიმპიას" 4:1 მოუგო. დვალიშვილმა კი თავი 90-ე წუთზე გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვარშავურ კლუბში პირველი შეხვედრა ექსტრაკლასაში 23 თებერვალს, "კორონასთან" ჩაატარა, როცა მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე გამოჩნდა.
მანამდე ორ საკონტროლო შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო: "რაკოვთან" (3:1) დუბლი მიითვალა, ხოლო მეორე ლიგის "მოტორის" კარი ერთხელ აიღო (2:1).
ვინც ამ შეხვედრის ფრაგმენტები იხილა, დაგვეთანხმება, რომ ქართველი "ლეგიაში" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო: 4-ჯერ სცადა"ოლიმპიას" კარის აღება, გაუთავებლად მოძრაობდა, ხშირად საგანოვსკისთან ერთად ცენტრიდან უტევდა, ბოლო წუთზე კი ორი მცველი მოძრაობაზე დაიჭირა, ეფექტურად ჩამოიცილა და შემოტრიალებისას ბურთი დაუცველ კუთხეში ბილიარდისტის სიზუსტით გაისროლა - გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა.
ვისაც მეხსიერება არ ღალატობს, ემახსოვრება, რომ დვალიშვილისთვის ახალ კლუბში თავის გამოჩენა უჩვეულო ამბავი სულაც არ არის. სადაც კი მივიდა, ყველა კლუბში ძალზე ეფექტურად და შედეგიანად იწყებდა: ასე იყო რიგის "სკონტოში", ჰაიფას "მაკაბიში", ვარშავის "პოლონიაში". ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ახალ კლუბში ადაპტაციის პრობლემა არ აქვს.
"გუნდშიც ძალიან კარგად მიმიღეს და არც ადაპტაცია გამჭირვებია. ისევ პოლონეთში, ისევ ვარშავის კლუბში ვთამაშობ, გარემო ნაცნობია და ეტყობა, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა", - გვითხრა დვალიშვილმა, როდესაც ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ.
ერთი სახალისო დეტალიც: პოლონურ ფორუმებსა და "ფეისბუქზე" "ლეგიას" გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს სურათი, რომელიც დღეს ამ მასალას ახლავს - დვალიშვილი "სუპერმენის" ფორმით შემოსეს, რადგან ყოველთვის მოედნის იმ წერტილში ჩნდება, სადაც გუნდს უჭირს თუ სჭირდება.
დანარჩენზე კომენტარი ზედმეტია - აშკარაა, რომ ლადო პოლონეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილმა "ლეგიაში" ანგარიში გახსნა: გოლი+პასი პოლონეთის თასზე [VIDEO]
ლადო დვალიშვილმა თავი ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩში გამოიჩინა [VIDEO]
დებიუტიც ასეთი უნდა - დვალიშვილმა ტრანსფერი დუბლით აღნიშნა [VIDEO]
ლადო დვალიშვილი: ეს ფაქტი ყველაზე მეტად გულს მე მწყვეტს