შოთა არველაძე ჟოზე მოურინიოს შეხვდა: 15 წუთი ვისაუბრეთ...

AutoSharing Option
თურქული სუპერლიგის 26-ე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" სტამბულურ დერბიში "ბეშიქთაშს" სტუმრად 3:1 მოუგო და ამ გუნდთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.

"ბეშიქთაში" ცხრილში მესამე ადგილზეა, შოთას გუნდი კი ორი საფეხურით ქვემოთაა და ევროპალიგაზე თამაშის უფლება რომ მოიპოვოს, მინიმუმ მეოთხე ადგილზე უნდა გავიდეს.

თურქეთის ჩემპიონატის დასრულებას რვა ტური უკლია და ჯერ ყველაფერი წინ არის. მანამდე კი "ლელოს" კითხვებს შოთა არველაძე პასუხობს, ვისაც სტამბულში დავურეკეთ...

- სტუმრად მოახერხეთ სახელოვანი მეტოქის დამარცხება. სწორი თამაშის გარდა, კიდევ რითი იყო განპირობებული "ქასიმფაშას" ეს წარმატება?
-
მართლაც ორგანიზებულად ვითამაშეთ, კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს და ჩემმა ფეხბურთელებმა ტაქტიკური დავალება კარგად შეასრულეს. დაცვიდან თამაში არ გვინდოდა და ამიტომ მოწინააღმდეგეს მისსავე ნახევარზე აქტიურად ვბოჭავდით. ამან გაამართლა, გოლებიც დროულად გავიტანეთ და მერე ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.

- მიმდინარე სეზონში "გალათასარაის" დამარცხებაც მოახერხეთ. ეს ყოველივე იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "ქასიმფაშა" უკვე მზად არის ევროპალიგაზე სათამაშოდ...
- "ქასიმფაშამ" თურქული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოახერხა ასეთი რამ - სეზონში თურქეთის ხუთ ჩემპიონს მოუგო: "გალათასარაის", "ბეშიქთაშს", "ტრაბზონსფორს", "ფენერბაჰჩეს" და "ბურსასფორს". ეს ჩვენი გუნდისთვის ისტორიული მოვლენაა.

- თურქულ მასმედიაში რა გამოხმაურება მოჰყვა "ბეშიქთაშის" დამარცხებას?
- ამ თამაშზე მართლაც ბევრი დაიწერა. ჩვენი გუნდის თამაში დადებითად შეფასდა.

- ეყოფა "ქასიმფაშას" რესურსი იმისთვის, რომ თურქეთის ჩემპიონატის ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდეს? საამისოდ გუნდს "გრძელი სკამი" აქვს?
- გუნდისთვის მთავარია კარგი ატმოსფერო, ერთსულოვნება, შემცვლელი კი ყველა ფეხბურთელს მოეძებნება. დიდი იმედი მაქვს, ოთხეულში მოვხვდებით. სულ რაღაც რვა ტური დარჩა და ვნახოთ...

- "გალათასარაი", რომელიც მიმდინარე სეზონში დაამარცხეთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი გახდა, თუმცა ამ ტურნირს, ალბათ, სხვა ფავორიტები ჰყავს. შოთა არველაძე რომელ გუნდს უწინასწარმეტყველებს წარმატებას ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში?
- გუშინ ჟოზე მოურინიო ვნახე და დაახლოებით 15 წუთი ვისაუბრეთ. აქ იყო ჩამოსული "გალათასარაის" სანახავად. სანამ არსებობს "რეალი" და მოურინიოც ცოცხალია, "ბარსელონასთან" ერთად, ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი "სამეფო კლუბია". ფავორიტებში აუცილებლად უნდა დავასახელო მიუნხენის "ბაიერნიც".

- 22 მარტს საქართველო საფრანგეთს ეთამაშება. როგორია ჩვენი შანსი ამ შეხვედრაში, რას უნდა ჩავებღაუჭოთ?
- რთული თამაში გველის, თუმცა საფრანგეთი ესპანეთს არ ჰგავს. ფრანგებს ესპანელებივით როდი შეუძლიათ ბურთის ფლობა და კონტროლი.

ვფიქრობ, საფრანგეთთან შეხვედრაში შეტევაში მეტი სითამამე და აგრესიულობა გვმართებს.

- "ფონდი არველაძის" საქმიანობაზეც გკითხავ. რა სიახლეებია ამ მხრივ?
- ახალ პროექტებს ვამზადებთ, პარალელურად, ახალი სტიპენდიანტებიც გვეყოლებიან. ძველ სტიპენდიანტებს მალე გზაზე დავაყენებთ. იმედია, დავით თარგამაძის და ლუკა ზარანდიას დარ ნიჭიერებს კიდევ ვიპოვით და მერე ყველანაირად შევუწყობთ ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული