ამბროსი ჩაჩუა - უკრაინელთა ქართველი იმედი

AutoSharing Option
ევროპაში სანაკრებო შეკრებებისა და მატჩების დრო დადგა. ჩვენ უკრაინის ასაკობრივი ნაკრებებით დავინტერესდით, რადგან იქ საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები 22 და 25 მარტს ჩეხეთისა და იტალიის ნაკრებებს ამხანაგურ მატჩებში დაუპირისპირდება. უკრაინელთა დამრიგებელმა სერგეი კოვალეცმა გუნდში დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ფორვარდი ევგენი ბოხაშვილი მიიწვია.

უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის მატჩებისთვის კიევში ემზადება, 26 მარტს კი ვუპერტალში გერმანიას ამხანაგურად შეხვდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა ლვოვის "კარპატის" დუბლშემადგენლობიდან უკრაინული პასპორტის მქონე ამბროსი ჩაჩუა გამოიძახა.

ელიტრაუნდის შეხვედრები 22-27 მაისს მოსკოვში გაიმართება. უკრაინელები იტალიას, რუსეთსა
და თურქეთს შეხვდებიან.

ჩაჩუას შესახებ საინტერესო წერილს წავაწყდით ინტერნეტ-გამოცემა Football.ua-ზე, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:

"პრემიერლიგისა და პირველი ლიგის კლუბებიდან გამოვყოფთ 20 წლამდე ასაკის იმ ხუთ მოთამაშეს, რომლებსაც საუკეთესო პერსპექტივები გააჩნიათ...

2011 წლის ზაფხულში, სკოლის დამთავრებისთანავე, "კარპატის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ამბროსი ჩაჩუა ლვოვური კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში გადაიყვანეს და ძირითადშიც მალე დაიმკვიდრა ადგილი. თანაც, პირველივე შეხვედრიდან იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ორ თვეში უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.

ბევრს არც სჯეროდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ის ბავშვების კატეგორიაში თამაშობდა...

საყრდენის პოზიციაზე მოთამაშე ჩაჩუა კარგად აკონტროლებს მოედნის ცენტრს, კარგად კითხულობს თამაშს, ეხერხება მეტოქეთა შეტევების ჩაშლა, იერიშების სწრაფად წამოწყება და თანაგუნდელების დაზღვევა...

ძალზე ტექნიკური და მოძრავია, პოზიციას მშვენივრად არჩევს. ორთაბრძოლებში არის შეუპოვარი, ხისტი, მაგრამ არა უხეში. საქმეს სერიოზულად ეკიდება და დიდ დონეზე თამაშის უდიდესი სურვილი ამოძრავებს...

ბოლო დროს ზრდა შეაჩერა, მაგრამ მისი მონდომებითა და საქმისადმი მიდგომით პროგრესს აუცილებლად გააგრძელებს. შესაძლოა, ამაში მას "კარპატის" ძირითად გუნდში თამაში დაეხმაროს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული