ლეგიონის უქმეები: ლადო დვალიშვილს გოლის გასატანად ერთი ტაიმი ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
"არ უთამაშია, სათადარიგო" - ლეგიონის უქმეების ცხრილში სწორედ ეს წარწერა სჭარბობს, რაც უკვე დიდი ხანია, სამწუხარო ტრადიციად იქცა.

საბედნიეროდ, არსებობს სასიამოვნო გამონაკლისებიც და აქცენტს სწორედ წარმატებულ ლეგიონერებზე გავაკეთებთ.

მათ შორის უდავოდ გამოსარჩევი გურამ კაშიაა, რომლის "ვიტესიც" ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

დღეისთვის არნემელები 60 ქულით ერედივიზიეს მესამე საფეხურზე არიან. ამდენივე ქულა აქვს პსვ-ს, ლიდერმა "აიაქსმა" 63 ქულა მოაგროვა, ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტის, "ფეიენოორდის" აქტივში კი 59 ქულაა.

თითქმის ყველა წამყვან ევროპულ ლიგაში ჩემპიონის გამოვლენას ბევრი აღარაფერი აკლია (გერმანიაში უკვე გაირკვა), ჰოლანდიის
ჩემპიონატი კი ამ მხრივ აშკარად გამონაკლისია - ფინიშამდე ხუთიოდე ტურით ადრე ტიტულს ერთბაშად ოთხი მაძიებელი ჰყავს!

იმედი გვაქვს, ჯილდოს "ვიტესის" კაპიტანი კაშია ჩაიბარებს, თუმცა არც ის იქნება ურიგო, მერაბ ჟორდანიას კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზური რომ მოიპოვოს.

გასული ტური კაშიასთვის, "ვიტესის" გამარჯვების გარდა, იმითაც იყო გამორჩეული, რომ საგოლე პასი გააკეთა - 59-ე წუთზე არნემული თავდასხმის ივუარელმა ლიდერმა ვილფრედ ბონიმ თავი მისი გადაცემით გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სასიამოვნოა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება ვაკო ყაზაიშვილსაც მიეცა.

* * *
რუსეთ-უკრაინაში, სადაც ქართველები ყველაზე მრავლად ასპარეზობენ, დიდად ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა.

მოსკოვის "სპარტაკის" განაცხადში არ გამოჩენილა ჯანო ანანიძე. იმედია, ახლა მაინც გამართლდება ხმები მისი სხვაგან გადასვლის შესახებ.

უმჯობესია, ახალგაზრდა ნახევარმცველმა ნაკლებად ამბიციურ კლუბში ითამაშოს და სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის პროგრესი უკვე აუხდენელ ოცნებად გადაგვექცევა.

* * *
ვარშავის "ლეგიას" მაისურით მეორე ოფიციალური გოლი გაიტანა ლადო დვალიშვილმა, რომელსაც თავის გამოსაჩენად ერთი ტაიმიც ეყო - საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

VideoSportall.Ge
ლადო დვალიშვილის გოლი ლუბინის კარში


* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი "ინტერი", რომელმაც ბაქოურ დერბიში "ბაქის" 2:1 სძლია.

ამავე ტურში შინ "ყარაბახთან" დამარცხდა პრემიერლიგის ლიდერი "ნეფთჩი", რისი წყალობითაც "ინტერმა" მასთან ჩამორჩენა ოთხიდან ერთ ქულამდე შეამცირა.

ამჯერად "ინტერმა" ქართული გოლების გარეშე გაიმარჯვა, თუმცა აზერბაიჯანული პრესა ჩვენებურთა თამაშს დადებითად აფასებს. უნდა შევნიშნოთ, რომ ამჯერად ცხადაძის გუნდის კარი რევაზ თევდორაძემ დაიცვა, გამოცდილმა გიორგი ლომაიამ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

* * *
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი მაკარიძე ფრანგული "ლე მანის" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, ახალგაზრდა ქართველ მეკარეს კონკურენტებზე წინ სისტემატურად თუ დააყენებენ.

რამდენიმე ქართველი ლეგიონერი მოედანზე 8 აპრილს გავა და იმედია, "ლელოს" სამშაბათის ნომერში თუნდაც ერთი პოზიტიური ინფორმაციის გამოქვეყნების საფუძველი გვექნება.

წარმატება გამონაკლისია, სკამი კი ტრადიცია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარცხენათი შესანიშნავად დაარტყააა :)))) წარმატებებიიიი ლადოოოოოს :)))))))) Eგრე გააგრძელეეე : ))))
lado
14:14 08-04-2013
0

სიახლეები პოპულარული