ლევან კობიაშვილი: როცა საქმე კარგად მიდის, არავინ არჩევს იოზილსა და მიულერს

AutoSharing Option
ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ლევან კობიაშვილი მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპზე ისევ მოედანს დაუბრუნდა, ბერლინის "ჰერტას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ხელახლა გახდა და ცხადია, წვლილიც შეიტანა იმაში, რომ "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და ვადამდე მოინაგრა ბუნდესლიგის საგზური.

35 წლის კობიაშვილს "ჰერტასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, ანუ კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს ბუნდესლიგაში.

კობიაშვილს კარგად ვერ მოექცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. ეს უკვე ძველი ამბავია, მაგრამ ისეთი ხინჯი დატოვა, რომლ
ის გაქრობა შეუძლებელია.

კობიაშვილი გერმანიაში 1998 წლიდან თამაშობს. ასეთ ქვეყანაში ფეხბურთელის თხუთმეტწლიანი კარიერა კი ის ბიოგრაფიაა, რომელზეც ბევრი იოცნებებდა. მას ფეხბურთში ძალიან ბევრი უნახავს, კობიაშვილს გერმანიაში აფასებენ...

კობიაშვილთან სატელეფონო ინტერვიუში არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ, მეტწილად კი, გერმანულ ფეხბურთზე.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს საქართველოს ნაკრებში ასი კეპის მომნაგრებელი კობიაშვილი პასუხობს...

- ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალში გერმანული გუნდები გავიდნენ - მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია". რამდენიმე სპეციალისტის აზრით, ეს, უპირველეს ყოვლისა, იმით იყო გამოწვეული, რომ ბუნდესლიგა ახლა უკეთესი ჩემპიონატია, ვიდრე ესპანური პრიმერადივიზიონი. ეთანხმები ასეთ შეხედულებას?

- რა გითხრათ, მე ასე მაინც არ შევადარებდი ჩემპიონატებს, კატეგორიულად არ ვიტყოდი, რომ ბუნდესლიგა სხვა ელიტარულ ლიგაზე უკეთესია. ეს ფეხბურთია და შესაძლოა, გაისად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ინგლისური ან ორი ესპანური, ან ორი იტალიური გუნდი გავიდეს.

როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ გერმანული ფეხბურთი წინ მიდის. დაახლოებით ათი წლის წინათ გერმანულ ფეხბურთში მწვავე პრობლემები იყო, მართლაც ცუდი პერიოდი ჰქონდათ გერმანელებს და მათ ეროვნულ ნაკრებს. ასეთ დროს გერმანიის საფეხბურთო კავშირში მუშაობა დაიწყო მათიას ზამერმა და საქმეც წინ წავიდა.

კლუბების და მწვრთნელების ლიცენზირება, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა... გერმანელებმა საქმის გამოსწორებას კომპლექსურად მოჰკიდეს ხელი. ქვედა ლიგებში ლეგიონერების აყვანა აკრძალეს. ერთი სიტყვით, რამდენიმე სწორი, მიზანმიმართული ნაბიჯი გადადგეს და ყველაფერმა ამან შედეგიც მოიტანა.

ბუნდესლიგა წლიდან წლამდე უკეთეს ჩემპიონატად ყალიბდებოდა. ორი გუნდი რომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითობა არ არის.

- გერმანიის ნაკრებს თუ გადავხედავთ, იმდენი არაეთნიკურად გერმანელი ფეხბურთელია, რომ ასეთი რამ ადრე არასდროს ყოფილა. ეს სოციალური ფაქტორით არის განპირობებული? ანუ გერმანელი ახალგაზრდები მეტწილად განათლებას ირჩევენ, ვიდრე პროფესიულ სპორტს და ფეხბურთიც ემიგრანტების შვილებს რჩებათ?
- ეს ასე არ არის. უბრალოდ, მიზანმიმართულად გაკეთდა ყველაფერი. როცა გერმანელებს შემოაკლდათ ახალგაზრდა ტალანტები ფეხბურთში, ყველა იმას ამბობდა, მხოლოდ მეჰმეთ შოლი თამაშობს ისეთ ფეხბურთს, რაც ქუჩის ფეხბურთიდან მოდისო. ვისაც შოლის თამაში ახსოვს, კარგად მიხვდება, ამაში რა იგულისხმება. გერმანელებმა ნება დართეს იმ არაეთნიკურად გერმანელ ბავშვებს, რომლებიც დაბადებულები არიან გერმანიაში, ეთამაშათ ასაკობრივ ნაკრებებში.

ამასთან დაკავშირებით იყო პრობლემებიც, მაგალითად, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციიდან. გერმანიაში ხომ ბევრია თურქეთიდან ჩამოსული და თურქეთს არ უნდოდა გერმანიაში მყოფი ნიჭიერი თურქი ბავშვების დაკარგვა თურქული ფეხბურთისთვის. გერმანიის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებში არცთუ ცოტა არაეთნიკური გერმანელია, მაგრამ როცა საქმე კარგად მიდის, ამას უკვე აღარავინ უყურებს, არავინ არჩევს ერთმანეთისგან იოზილსა და მიულერს.

- ნიჭიერი ახალგაზრდის გერმანიაში ჩაყვანა დღეს უკვე შეუძლებელია?
- ქვედა ლიგებში ეს წარმოუდგენელია, ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. თუ ბავშვის ოჯახი გერმანიაში არ ცხოვრობს, ის იქაურ გუნდში ვერ მოხვდება.

- ბავშვის ფეხბურთზე მიყვანა - ეს ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომია გერმანიაში?
- პროფესიული კლუბის აკადემიაში ბავშვის ფეხბურთზე მიყვანა უფასოა. ჩემი შვილი არ დადის "ჰერტას" აკადემიაში, ბერლინის სხვა საფეხბურთო სკოლაში შევიყვანე, სადაც არის გადასახადი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც საქართველოში, როცა თვეში ას ლარამდეა შესატანი და ოჯახს ამ თანხის გადახდა ძალიან უჭირს.

გერმანიაში ასეა - მუნიციპალიტეტის ინტერესშია, რომ ბავშვის ფეხბურთზე ტარება ძვირი არ ღირდეს. შესაბამისად, საფეხბურთო სკოლა გათავისუფლებულია მოედნის, დენის, წყლის გადასახადისგან და ბავშვის იქ მიყვანაც ძვირი აღარ ჯდება.

- ისევ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს დავუბრუნდეთ. რა საერთო აზრია შექმნილი გერმანიაში, უფრო ვის უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას?
- მასმედია, სპეციალისტები, გულშემატკივრები - თითქმის ყველა იმას ამბობს, რომ შანსები თანაბარია. თუ მიმდინარე ბუნდესლიგას შევხედავთ, "ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" ერთმანეთში ორივეჯერ ფრე ითამაშეს. ორივე გუნდი მართლაც ღირსეულად გავიდა ჩემპიონთა ფინალში და ძნელია, რომელიმე ფავორიტად მიიჩნიო.

- გასაგებია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ "ბაიერნი" "დორტმუნდზე" უფრო გამოცდილი გუნდია და ეს ცოტას არ ნიშნავს...
- გამოცდილება მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია. "დორტმუნდს" ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში გაუჭირდა მადრიდის "რელთან", ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო ფინალისტის ვინაობა; "ბაიერნმა" კი ისე დაამარცხა "ბარსელონა", ვითომც არაფერი.

ბავარიელებს "დორტმუნდზე" უფრო გამოცდილი გუნდი ჰყავთ. მიმაჩნია, რომ "ბაიერნი", როგორც გუნდი, "დორტმუნდზე" მყარი და ძლიერია. მოგეხსენებათ, "დორტმუნდს" საკუთარი სტილი გააჩნია და ამით ნებისმიერი რანგის მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. დორტმუნდელებს ძლიერი ინდივიდუალისტებიც მოეპოვებათ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ბავარიელებს უკეთესი გუნდი ჰყავთ.

- მეორე ბუნდესლიგის წინა ტურში ერცგებირგეს აუესთან არ გითამაშია - რა იყო ამის მიზეზი?
- ბუნდესლიგის საგზური უკვე მოპოვებული გვაქვს და "ჰერტას" მწვრთნელმა ექვსი ფეხბურთელი დაგვასვენა, იმათ მისცა თამაშის საშუალება, რომელთაც ამ სეზონში ხშირად არ უწევდათ მოედანზე გასვლა.

- როგორი იქნება "ჰერტა" დამდეგ სეზონში - ეს უკვე ცნობილია? გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას ვგულისხმობ...
- "ჰერტას" ფინანსური შესაძლებლობები ისეთი არ არის, რომ ტრანსფერებში დიდი ფული გადაიხადოს. ალბათ, თავისუფალ აგენტებს მოიწვევს. რაც შეეხება მიზნებს, "ფრაიბურგსაც" არ აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ მიმდინარე ბუნდესლიგაში ახლა მეექვსე ადგილზეა და თუ არ ჩამოქვეითდა, ევროპალიგაზე ითამაშებს.

ვფიქრობ, "ჰერტა" 2013-14 წლების ბუნდესლიგაში ცხრილის შუაში იქნება.

- "ჰერტას" ჰოლანდიელი სპეციალისტი იოს ლუჰაკაი წვრთნის - გუნდიც უფრო ჰოლანდიურ თარგზეა მოჭრილი?
- ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი, ორი სწრაფი გარემარბი, რაც შეიძლება მეტი კონტროლი ბურთზე, გააზრებული კომბინაციები გრძელი გადაცემების ნაცვლად - შეიძლება ითქვას, რომ "ჰერტა" მართლაც უფრო ჰოლანდიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

- არის იმის შანსი, რომ ბუნდესლიგის მომდევნო გათამაშებაში, ლევან კობიაშვილის გარდა, სხვა ქართველმაც ითამაშოს? ჩვენს ეროვნულ ნაკრებში გეგულება ისეთი ფეხბურთელი, ბუნდესლიგაში ფეხის მოკიდებას რომ შეძლებდა?
- მე მაინც მგონია, რომ ბუნდესლიგაში მოხვედრა უფრო ძნელია, ვიდრე იქ თამაში. ვფიქრობ, ბუნდესლიგაში თამაში არაერთ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია, მაგრამ ასეთ ლიგაში რომ მოხვდე, ჯერ იქ უნდა გამოიჩინო თავი, სადაც ახლა თამაშობ. მხოლოდ რამდენიმე მატჩში კი არა, მთელი სეზონის განმავლობაში უნდა იყო გამორჩეული, სეზონი სტაბილურად კარგად უნდა ჩაატარო, რომ შენით ბუნდესლიგის რომელიმე გუნდი დაინტერესდეს. ჩემპიონატის ბომბარდირი, საუკეთესო ახალგაზრდა... რაღაც აღიარებას უნდა მიაღწიო, სანამ ბუნდესლიგამდე მიხვალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობიაშვილმა "ჰერტას" მოაგებინა, "ილიჩევეცს" ოქრიაშვილმა უშველა [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ლუდის შხაპით აღნიშნა
ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 3 /
123 *** რას ინტრიგანობ? რა ნახე აქ არაქართული ****
mario-777777
11:56 10-05-2013
0
ქართულად წერა ისწავლე და მერეწერე თუ ღმერთი გწამს -ეს რა ენით წერთ რა არის?????
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული