სანდრო კობახიძე: თუ "დნიპროში" ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთთან 1:3 წააგო. ერთადერთი გოლის ავტორი სანდრო კობახიძე ქართველთაგან საუკეთესო რომ იყო, ეს ფრანგულმა პრესამ აღნიშნა.

სამწუხაროდ, 25 წლის შემტევ ნახევარმცველს დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" არ სწყალობენ. შეგახსენებთ, რომ შარშან კობახიძე იჯარით კიევის "არსენალში" თამაშობდა და "მეთოფეთა" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

სანდრო ესპანელი ხუანდე რამოსის გაწვრთნილ გუნდს წლეულს, ზამთარში დაუბრუნდა და მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ლამის ყველა საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ "დნიპროში" დაბრუნებულმა მხოლოდ ხუთი მატჩი ითამაშა. მათგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა.

უკრაინის ჩემპიონატის
28-ე ტურში ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილის "კარპატის" წინააღმდეგ მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა.

სანდრომ დნეპროპეტროვსკელთა გამარჯვებაში (4:2) თავისი წვლილი შეიტანა - მსაჯის მიერ დამატებულ დროში სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და თავადვე დაასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სანდრო კობახიძეს დნეპროპეტროვსკში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "არსენალში" ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ "დნიპრომ" კიევის "დინამოში" არ გაგიშვა. ამის შემდეგ შენი უთამაშებლობა ძალიან მოულოდნელი იყო...
- არც ვიცი, რა გითხრათ. ხუანდე რამოსს ხანდახან შეცვლებზე შევყავარ. წინა ტური ლუგანსკის "ზარიასთან" სულაც ძირითადში დავიწყე, მაგრამ მთლიანობაში, ცოტა სათამაშო დრო მეძლევა.

- საქართველო-ალბანეთის შეხვედრისას მიღებული ტრავმის შემდეგ ფორმა აღიდგინე?
- იქ ძალიან ცუდი მოედანი იყო და კოჭი გადამიბრუნდა. ამის გამო მეორე შეკრებაზე სრულფასოვნად ვერ ვვარჯიშობდი და ევროპის ლიგის მატჩები გამოვტოვე, მაგრამ ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და მინდა, გუნდს დავეხმარო.

ალბათ, მწვრთნელი არ მენდობა და თავისი ფეხბურთელები ჰყავს - ზოგადად, ასეთი მოვლენა უცხო არ არის.

- კიევის "დინამოს" დაინტერესებაც გამოირიცხება?
- დაინტერესება ზამთარში იყო, რადგან ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ და წერდნენ. ახლა რა ხდება, ზუსტად ვერ გეტყვით.

- ისევ იჯარით წასვლას ხომ არ აპირებ?
- "დნიპროსთან" კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდება და ალბათ, იჯარით გაშვების შანსი ნაკლებია. ვნახოთ, იქნებ ვითარება საჩემოდ შეიცვალოს და მათამაშონ. ჯერჯერობით კი ვერაფერს ვამბობ, რადგან მომავალზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ.

- "დნიპროსთან" კონტრაქტის დამთავრებამდე გუნდის შეცვლას გამორიცხავ?
- თუ "დნიპროში" ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალა, შესაძლოა, ასეც მოხდეს და ზაფხულში სხვა გუნდში აღმოვჩნდე.

სხვა უკრაინული გუნდებისგან განსხვავებით, "დნიპროში" შეტევას დიდი ყურადღება ეთმობა და ეს ძალიან მომწონს, რადგან თავად შემტევი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ასე უთამაშებლად ყოფნა და სკამზე ჯდომა ნამდვილად არ მსურს.

- არანაირი შემოთავაზება არ გაქვს?
- კი მაქვს, მაგრამ ახლა ვერაფერს ვამბობ.

- უკრაინაში გიწვევენ თუ რუსეთში?
- ჯერ კონკრეტულს არაფერს ვიტყვი. ისე, ევროპაზე რატომ არ მეკითხები?!

- უკრაინა-რუსეთში ისეთი კარგი პირობებია, ევროპა აღარც აინტერესებთ...
- მაგრამ ევროპაში თამაში ძალიან მინდა და თუ კონკრეტული წინადადება გამოჩნდა, არც დავფიქრდები, ისე წავალ. მაგრამ მეეჭვება, უკრაინელებმა იოლად გამიშვან. ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება მომიწევს.

მე აგენტი არ მყავს და აქედან გამომდინარე, კლუბები თავად თუ დამიკავშირდებიან, თორემ ურთიერთობას მე ხომ არ დავამყარებ?! და თუ კონკრეტული არაფერი გამოჩნდა, იძულებული ვიქნები, ისევ "დნიპროში" დავრჩე.

სანდრო კობახიძე: შესაძლოა, სხვაგან ზაფხულშიც აღმოვჩნდე, თუ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილმა და სანდრო კობახიძემ გოლის გემო გაიხსენეს [VIDEO]
პორტრეტი: სანდრო არის სანდო!
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
ხუანდე რამოსი: სანდრო კობახიძეს პოტენციალი აქვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქარტველოს ფეხბურტს უნდა განვიტარება ,ვეხვერწოტ ახლა სხბებს,რა გახდა 2 3 კარგი გუნდის გაკეტება
taso
16:02 19-05-2013
0

სიახლეები პოპულარული