გიორგი სარჯველაძე - "ერკულესიდან" ბასკეთში

AutoSharing Option
"ლელო" გიორგი სარჯველაძეზე მცირე ხნის წინ წერდა - წელიწადია, რაც 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სეგუნდა დივიზიონის (მეორე ლიგა) "ერკულესის" 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს (იხილეთ ვრცლად).

თბილისში დაბადებული და ქართული საფეხბურთო სკოლების გაზრდილი ფეხბურთელი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ. შარშან შემოდგომაზე კახა კაჭარავამ, წლეულს კი გია ცეცაძემ 19-წლამდელთა შეკრებაზეც მიიწვიეს. თუმცა ცეცაძემ ელიტრაუნდზე არ წაიყვანა.

ცენტრალური ნახევარმცველი ესპანეთში 2 წლის წინათ მოხვდა, მანამდე კი 4 თვე "დნიპროში" ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა. მან "ერკულესთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანელთა 19-წლამდელების გუნდში სისტემატურად
თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ამ დივიზიონში მანამდე არც ერთ ქართველს არ უთამაშია.

თუმცა სარჯველაძემ კლუბი დატოვა:

"ერკულესიდან" უკვე წამოვედი და ახალ კლუბში გადასვლა მსურს. წინადადებები ბასკეთიდან, "სესტაო რივერიდან" და "ბარაკალდოდან" მივიღე.

ორივე ბილბაოს ეკუთვნის და სეგუნდა B-ში გამოდიან. სადაც უკეთესი შემოთავაზებები იქნება, კონტრაქტს იქ გავაფორმებ, მაგრამ ჯერ "სესტაოს" დაველაპარაკები.

სანამ ეს ამბავი გადაწყდება, დროს არ ვკარგავ და ფორმის შესანარჩუნებლად დაბალი ლიგის "გეჩოში" ვვარჯიშობ".

"ერკულესის" მთავარ გუნდში ქართველი გულშემატკივრისათვის კარგად ნაცნობი ბრაზილიელი, თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ყოფილი ნახევარმცველი ჟილვან გომეს ვიეირა თამაშობს.

2006-08 წლებში ვიეირა "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ტექნიკურმა მარცხენა ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ კარგი სახელი მოიპოვა. საქართველოდან წასვლის შემდეგ ნახევარი სეზონი სამხრეთ კორეის "ჯეჯუ იუნაიტედში" გაატარა, ხოლო შემდეგ ესპანეთის სეგუნდადივიზიონის "უესკაში" და ბოლოს "ერკულესში" აღმოჩნდა.

თავის დროზე საქართველოს ნაკრებში მოხვედრის უზომო სურვილზე ლაპარაკობდა, მაგრამ ცხადია, ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები იყო.

"როდესაც ვიეირას ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, გაუხარდა და ქართულად მომესალმა, გამარჯობაო.

კარგად გაიხსენა "ზესტაფონში" გატარებული პერიოდი, საჭმელები მომწონდა, ქართველები კარგი ხალხია და საკმაოდ ნორმალურ გუნდში ვთამაშობდიო.

თუმცა მხოლოდ ორ-სამჯერ ვილაპარაკეთ და ხშირად არ ვეკონტაქტებოდი",
- ამბობს სარჯველაძე.

დაბოლოს: არახალია, უცხოეთის სხვადასხვა ლიგაში უამრავი უცნობი ქართველი რომ გამოჩნდა, მათ შორის, ესპანეთშიც.

ცხადია, ინფორმაციას ყველაზე არ ვფლობთ, მაგრამ სხვადასხვა წყაროში წერენ, რომ 2007-08 წლებში "ლევანტეს" 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა ირაკლი ხარებავა;

მოგვწერეს, რომ საკმაოდ ნორმალურ ასაკობრივ გუნდებში არიან თორნიკე თაბაგარი და გიორგი გაბლიანი, "ალკორკონში" - 1996 წელს დაბადებული სანდრო შერაზადაშვილი, "ესპანიოლის" ასაკობრივ გუნდში კი - ბაჩო ლომინაძე.

მაგრამ მათზე უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოვახერხეთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ბევრი უცნობი ქართველი ლეგიონერის შესახებ ფლობენ ცნობებს და ვინ იცის, იქნებ უახლოეს წლებში რომელიმე მათგანი საქართველოს ნაკრებშიც ვიხილოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული