ოთარი თბილისელია, ვარჯიშობდა "საბურთალოში", "დინამოს" აკადემიასა და "ლოკომოტივში". ცენტრალური მცველი, ასაკის კვალობაზე, საკმაოდ მაღალია (185 სმ).
ორი წლით ესპანიოლში
"მე თემურ ფოცხვერიასა და გურამ ჩომახიძის აღზრდილი ვარ. მათი ნასწავლი ესპანეთშიც გამომადგა. იქ ქართველი მენეჯერის, თორნიკე მაისურაძის დახმარებით მოვხვდი - რუსთავის "მეტალურგის" ყოფილ მწვრთნელში არ აგერიოთ, წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს, სამენეჯერო სააგენტო აქვს და "ესპანიოლთან" ხელშეკრულებით თანამშრომლობს. კლუბმა მას ნიჭიერი ბავშვების შერჩევა
სულ 60 უცხოელი ვიყავით, მათ შორის, 4 - ქართველი. საბოლოოდ, 10 საუკეთესოს შორის 3 ქართველი მოვხვდით, ბოლოს კი მე და ბრაზილიელი დაგვტოვეს და გვითხრეს, რომ მალე "ესპანიოლი" 2-წლიან კონტრაქტს გაგვიფორმებდა.
გუნდმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საბუთები წარადგინა და "ესპანიოლს" ერთ თვეში შევუერთდები. მართალია, ევროკავშირში ქართველ არასრულწლოვნებს თამაშის უფლებას შეზღუდულად აძლევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პრობლემებს თავად ესპანელები მოაგვარებენ.
ამ ქვეყანაში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი სტიმულია. ძალიან მინდა, რომ ეს შანსი გამოვიყენო და დიდი ფეხბურთი ვითამაშო", - ამბობს ჭიჭაღუა.
ახალგაზრდა მოთამაშე ესპანელთა პირობებზეც გველაპარაკა:
"ესპანიოლი" ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საუკეთესო კლუბია. რა თქმა უნდა, პირობებიც ძალიან მაღალ დონეზეა - ფეხბურთელს ყველანაირად ხელს უწყობენ, შესაძლებლობები რომ წარმოაჩინოს.
ძალიან დიდი დატვირთვებია და სულ ტემპში თამაშს ითხოვენ. ყველაზე სასიამოვნო კი მოთამაშეებისადმი მწვრთნელთა მიდგომაა. მოედნის გარეთ ფეხბურთელებთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
სხვათა შორის, ესპანელი ბიჭების პროფესიონალურმა დამოკიდებულებამაც გამაოცა - მათ მიდგომაში მივხვდი, რამდენით ჩამოვრჩებით.
ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი კვების საკითხშია. თავად იციან, სპორტსმენს რა სჭირდება, თამაშის დღეს როგორ იკვებოს და დასვენების დროს სხვა მენიუ რომ ესაჭიროება.
საქართველოში კი შეიძლება, თამაშამდე ერთი საათით ადრე ფეხბურთელი გარეთ გავიდეს და ხაჭაპური ჭამოს. ეს ყველაფერი თამაშზე აისახება. არადა, სპორტსმენისთვის სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია".
კიდევ სამს ელოდებიან
"ლელო" ფეხბურთელის მენეჯერს, თორნიკე მაისურაძესაც გაესაუბრა:
"ადრე ესპანელებს მოთხოვნა ჰქონდათ სამხეთამერიკელებზე, მაგრამ ჩემი დარწმუნების შედეგად, გადაწყვიტეს, ქართველი ბავშვებიც წაიყვანონ. მათ კარგად იციან, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს და ჩემს წინადადებას დათანხმდნენ. ასე აღმოჩნდა ჭიჭაღუა "ესპანიოლში".
ჩემი აზრით, ოთარს ესპანეთში დამკვიდრების შანსი აქვს. მისი იმედი არა მხოლოდ მე მაქვს, არამედ მწვრთნელებსაც. ყველა ამბობს, რომ 16 წლის ბავშვს დიდი ასაკის მოთამაშის აზროვნება და გონიერება აქვს. მწვრთნელმა მითხრა, ეს ბავშვი შვილივით შემიყვარდაო. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი რეკლამირებული მოთამაშე უკან გაუშვეს.
ოთარის პოზიციაზე მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშე, რუსეთის ნაკრების კანდიდატი ჩამოიყვანეს და წინასწარ ისეთ ლეგენდებს ყვებოდნენ, ვიფიქრე, ვარსკვლავი მოგვყავსო. მაგრამ მწვრთნელმა პირდაპირ უთხრა, რომ ოთარის კონკურენტად ვერ გამოდგებოდა.
რომ იცოდეთ, ჭიჭაღუას ვარჯიშებზე სხვა გუნდების სელექციონერებიც აკვირდებოდნენ და კონტრაქტის გაფორმების სურვილი "ვილიარეალისა" და "სარაგოსას" წარმომადგენლებმაც გამოთქვეს, მაგრამ "ესპანიოლი" მისი ხელიდან გაშვებას არ აპირებს, 18 წლის რომ გახდება, მერე უკვე პროფესიონალურ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.
მთავარია, შრომა არ დაიზაროს და არ ჩათვალოს, რომ უკვე ვარსკვლავია. პირიქით, კარიერის აწყობას ახლა იწყებს".
მაისურაძე გვიყვება, როგორ მოხვდა ესპანეთში:
"უკვე 12 წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ. 20 წლიდან სეგუნდა "ბ" დივიზიონის "ორიჰუელას" ახალგაზრდულ და ძირითად გუნდებში ვთამაშობდი, მაგრამ მერე ფეხი სამ ადგილას მოვიტეხე და კარიერა ვეღარ გავაგრძელე.
ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ მსურდა და ესპანეთის ფედერაციაში ლიცენზირება გავიარე. ბავშვთა მწვრთნელად საფეხბურთო აკადემია "დეპორტივო ვილა ოლიმპიცაში" ვმუშაობდი - ეს ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი საფეხბურთო სკოლაა და ყველა ასაკში 42 გუნდი ჰყავს, ფილიალები აქვს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.
არ გამოვრიცხავ, მალე რომელიმე ქართულ სკოლასთანაც ვითანამშრომლოთ, ერთკვირიანი კემპები მოვაწყოთ და ესპანეთში ნიჭიერი ბავშვები წავიყვანოთ.
მენეჯერობა შარშან დავიწყე და წარსულში საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელთან, ისიდრო ივერიო ლუისთან ერთად, სამენეჯერო სააგენტო ჩამოვაყალიბე. ვთანამშრომლობთ ესპანეთის პრიმერა, სეგუნდა და სეგუნდა B დივიზიონის გუნდებთან.
სხვათა შორის, ოთარის გარდა, "ესპანიოლში" კიდევ 3 ქართველი ბიჭი იყო ჩამოსული. მართალია, ახლა მხოლოდ ჭიჭაღუა დატოვეს, მაგრამ მათგან ორი, გეგი კეკუა და ლუკა სტეფანიშვილი, მომავალ სინჯებზე კიდევ მიიწვიეს, რადგან ისინიც მოეწონათ და დიდი ალბათობაა, დეკემბერში ჩამოიყვანონ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი სარჯველაძე - "ერკულესიდან" ბასკეთში