არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "სიონსა" და ვარლამ კილასონიას შორის კონტრაქტი გაწყდა, ბოლნისური კლუბი აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა არმაზ ჯელაძემ ჩაიბარა.

რა თქმა უნდა, სეზონის დასკვნით ნაწილში მწვრთნელის შეცვლა იოლი არ არის, მაგრამ 42 წლის ჯელაძე შინაური კაცია "სიონში". აქვს მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც. ვარლამ კილასონიას გარდა, სხვადასხვა დროს ოთარ კორღალიძესთან, თორნიკე მაისურაძესა და თემურ მახარაძესთან უმუშავია. იყო "სიონის" მთავარი მწვრთნელიც...

ახლა "სიონი" საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. ამას გარდა, ბოლნისელები ითამაშებენ თასის ნახევარფინალში, სადაც მათი მეტოქე პირველლიგელი "ვიტ ჯორჯია" იქნება...

- რა იქნება "სიონის" მიზანი სეზონის დარჩენილ ნაწილში?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. ჯერ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ვარლამ კილასონიას. მე მისი ასისტენტი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რამდენი გააკეთა "სიონისთვის". საერთოდ, მწვრთნელად ჩემ ჩამოყალიბებაში კილასონიას უდიდესი წვლილი მიუძღვის...

ვფიქრობ, არ გამიჭირდება ადაპტაცია, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რა და როგორ არის "სიონში". ვიცი, რით ცხოვრობს და სუნთქავს თითოეული ფეხბურთელი. ვეცდები, ჩემი მუშაობა იყოს წარმატებული.

- გუნდი ახლოსაა ევროსაგზურის მოპოვებასთან...
- ნებისმიერ მწვრთნელსა და ნებისმიერ გუნდს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია, ოღონდ ეს ამბიცია უნდა იყოს რეალურ შესაძლებლობებზე დამყარებული. მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება.

- სეზონი ფინიშის სწორს უახლოვდება და, ალბათ, "სიონში" არ იქნება დიდი ცვლილებები...
- არა, ნამდვილად არ იქნება განსაკუთრებული ცვლილებები. ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო მატჩები გველის როგორც თასზე, ისე ჩემპიონატში. გრაფიკი ძალიან მჭიდროა და მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ თითოეულ თამაშს. ახლა მთავარია ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზება. უნდა შევძლოთ და ღირსეულად გავიაროთ ის დისტანცია, რომელიც სეზონის ბოლომდეა დარჩენილი.

- როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტში უნდა მოუმატოს აუცილებლად "სიონმა"?
- თუ ავიღებთ დაცვის ხაზის თამაშს, თუნდაც სტატისტიკურად, ვნახავთ, რომ აქ არ არის საგანგაშო ვითარება. ბოლო 9 თამაშში ჩვენ 6 გოლი გავუშვით და, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. აი, რაც შეეხება საგოლე მომენტების გამოყენებას, ამაზე კი მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ძალიან ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ ხშირად ვერ ვიყენებთ. ვეცდებით, ამ კომპონენტში აუცილებლად გამოვსწორდეთ.

- ფაქტია, ძალიან რთულ დროს მიხვედით "სიონში"...
- მართალი ხართ... გადატვირთულია კალენდარი, ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში, აქეთ სათასო ბატალიებია... ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მწვრთნელი გამოწვევას არ უნდა შეუშინდეს.

- კონტრაქტი წლის ბოლომდე მოქმედებს?
- კი, წლის ბოლომდეა. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, მთავარია, კონკრეტული ამოცანები გადაიჭრას. მორჩება სეზონი, დავსხდებით და ყველაფერს ერთად გადავწყვეტთ. ყოველთვის ასეა - მწვრთნელის ბედი მისი გუნდის შედეგებზეა დამოკიდებული.

- საინტერესოა, რომელმა მწვრთნელმა დაამჩნია ყველაზე დიდი კვალი თქვენს კარიერას?
- თავის დროზე, ყველასთვის უცნობი ბიჭი რევაზ ძოძუაშვილმა აღმომაჩინა. მისი ხელშეწყობით ვითამაშე ის ფეხბურთი, რაც ვითამაშე. წავედი საქართველოდან, ვითამაშე ლატვიის ჩემპიონატში... მაშინ ლატვიის ჩემპიონატი შეიძლება არ ითვლებოდა მაღალი დონის პირველობად, მაგრამ წინსვლა და პროგრესი შესაძლებელი იყო. აღარაფერს ვამბობ საქართველოს მაშინდელ ჩემპიონატზე, სადაც მართლაც რომ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობდნენ...

არ შეიძლება, არ ვახსენო წარსულში ცნობილი ბელორუსი ფეხბურთელი, საბჭოთა ნაკრების წევრი, მერე კი ასევე შესანიშნავი მწვრთნელი - სერგეი ბოროვსკი. მასთან დღემდე ვინარჩუნებ მჭიდრო კონტაქტს. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან...

და საერთოდ, ყველა სპეციალისტისგან, ვისთანაც ვიმუშავე, ვცდილობდი, რაღაც მესწავლა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე.

- დაბოლოს, რას ეტყოდით "სიონის" ერთგულ გულშემატკივარს?
- ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერასა და სიყვარულს, გასვლით მატჩებშიც კი. მე მათ კარგად ვიცნობ. ძალიან მომთხოვნი და ობიექტურია ჩვენი გულშემატკივარი. შესანიშნავად ერკვევა საფეხბურთო ნიუანსებში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავახაროთ.

მინდა, მივმართო მათ - ძველებურად გააგრძელონ გუნდის მხარდაჭერა. ახლა "სიონს" ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი უდგას. ჩვენ მათთან ერთად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვებები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დამნაშავე მსაჯი უნდა დაისაჯოს და აღსდგეს სამართლიანობა ყველასათვის საყვარელ ტორპედოს მიმართ.
gizog
15:54 15-04-2016
0
იმაში, რომ ვადაჭკორიამ შეცდომა დაუშვა, ამაში დინამოს ფეხბურთელები არ არიან დამნაშავე, ესეც უნდა გავითვალისწინოდ, იქნებ სწორედ ამას ემსახურებოდა ვადაჭკორიას და ძმათა მათთა ნასაქმარი? ვინც ჭეშმარიტებასთან ახლოსაა კარგად იცის, რომ დღევანდელ დინამოს საქართველოს ჩემპიონატის მოგება ე.წ. ვადაჭკორიების დახმარების გარეშეც შეუძლია. და მათი ასეთი ქმედებები საბოლო ჯამში იწვევს დინამოსადმი მხოლოდ ურყოფითი დამოკიდებულების ზრდას.
gizog
15:53 15-04-2016
0

სიახლეები პოპულარული