ოთარ ჭიჭაღუა - "ესპანიოლის" ნაცვლად, "ბადალონაში"

AutoSharing Option
გაზაფხულზე 16 წლის ოთარ ჭიჭაღუა ესპანეთში, კერძოდ, "ესპანიოლის" ასაკობრივ გუნდში სინჯებზე იყო. მან გვითხრა, რომ გუნდში მისი დატოვება გადაწყვიტეს.

თემურ ფოცხვერიასა და გურამ ჩომახიძის აღზრდილი ჭიჭაღუა თბილისელია. ტანმაღალი (185 სმ) ცენტრალური მცველი "საბურთალოში", "დინამოს" აკადემიასა და თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა.

ესპანეთში ის ფიფას აგენტის, თორნიკე მაისურაძის დახმარებით მოხვდა. ეს უკანასკნელი წლებია, ბარსელონაში ცხოვრობს, სამენეჯერო სააგენტო აქვს და "ესპანიოლთან" ხელშეკრულებით თანამშრომლობს. მისი მოვალეობა ბარსელონური კლუბისთვის ნიჭიერი ბავშვების შერჩევაა.

მართალია, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ არასრულწლოვანებს თამაშის უფლება შეუზღუდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, პრობლემები თავად ესპანელებმა
მოაგვარეს, ოღონდ, ჭიჭაღუა არა "ესპანიოლში", არამედ "ბადალონას" ასაკობრივ გუნდში აღმოჩნდა, რომელიც ესპანეთის "დივიზიონ დე ონორეში" თამაშობს.

უფროსების კლუბი კი სეგუნდა B-ს (რანგით მესამე დონე პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების შემდეგ) III ჯგუფში ასპარეზობს და 20-გუნდიან დივიზიონში ამჟამად მე-18 ადგილზეა.

"ევროკავშირელობის გადასახადისა და სხვა პრობლემების გამო, "ესპანიოლის" ვარიანტი ჩაიშალა. ესპანეთში მხოლოდ ოქტომბერში ჩამოვედი, რადგან სავიზო პრობლემა "ბადალონამ" მომიგვარა და ამ გუნდში ჩავირიცხე.

"ბადალონა" წლეულს კარგი გუნდია და ესპანეთის ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში (დივიზიონ დე ონორე) თამაშობს, მეორე ადგილზეა და "ბარსელონას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება", - გვითხრა ოთარ ჭიჭაღუამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული