მოსალოდნელი ტრანსფერი: ალექსანდრე იაშვილი ბაქოს "ინტერში"

AutoSharing Option
შესაძლოა, ბევრისთვის დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერია: თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილი თავის ისედაც ხანგრძლივ კარიერას ამჯერად აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს!

მოგეხსენებათ, რომ "ინტერი" აზერბაიჯანული ფეხბურთის ერთ-ერთი წარმატებული კლუბია: კონკურენტებთან შედარებით ბევრად უფრო მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე გუნდი მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და გამონაკლისი არც წინა სეზონი იყო. თუმცა, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო "ინტერი" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და ისე, როგორც შარშან, წლეულსაც ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის"
წარმატებული ასპარეზობა პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ჩვენებურებთან: მთავარი მწვრთნელის რანგში ზედიზედ მეხუთე აზერბაიჯანული სეზონი უნდა დაიწყოს კახა ცხადაძემ (მსგავსი შედეგი ამ ქვეყნის ჩემპიონატების ისტორიაში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს არ ჰქონია), რომელსაც 2012 წლის ზაფხულიდან ზაურ სვანაძე ეხმარება, მენეჯერად კი ალექსანდრე რეხვიაშვილი მუშაობს.

წინა სეზონში "ინტერში" 6 ქართველი ფეხბურთელი ირიცხებოდა, თუმცა ილია კანდელაკს, გიორგი ადამიას, რევაზ თევდორაძეს და ვალერი აბრამიძეს კონტრაქტი დაუმთავრდათ და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით არიან.

კვლავაც "ინტერში" რჩებიან მეკარე გიორგი ლომაია და თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ამ აზერბაიჯანულ კლუბში ქართველ ფეხბურთელთა რიცხვი გაიზრდება.

ერთ-ერთი მათგანი კი, ძალიან დიდი ალბათობით, 35 წლის ალექსანდრე იაშვილი იქნება: ფეხბურთელი, რომელმაც, საერთო ჯამში, გერმანიაში 17 (!) სეზონი გაატარა!

...ალექსანდრე იაშვილს 16 წლის ასაკში ჰქონდა თბილისის "დინამოში" დებიუტი და გერმანიაში გადასვლამდე სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და სამჯერ მოიპოვა საქართველოს თასი. იაშვილი ერთი-ორი წლით კიდევ რომ დარჩენილიყო საქართველოში, ისეთ რეკორდებს დაამყარებდა, დღემდე რომ ვერავინ გააუმჯობესებდა: იმ სამი არასრული სეზონის განმავლობაში 89 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ჩემპიონატში და 84 გოლი გაიტანა!

96-97 წლების სეზონში იჯარით თამაშობდა გერმანულ "ლუბეკში" (II ბუნდესლიგა), მომდევნო სეზონიდან ამა წლის მაისის ბოლომდე კი პირველ და მეორე ბუნდესლიგაში, საერთო ჯამში, 450-მდე შეხვედრა ჩაატარა და 78 გოლი გაიტანა!

ათი სეზონი "ფრაიბურგის" სული და გული გახლდათ, ხუთი სეზონი - "კარლსრუეს" ლიდერი და შემდეგ - კაპიტანი, ბოლო ერთი სეზონი კი "ბოხუმში" ითამაშა.

იაშვილს უამრავი პლუსი აქვს, ერთ-ერთი მთავარი კი, ალბათ, უნივერსალიზმია: ცენტრფორვარდობაც შეუძლია, "მეორე" თავდამსხმელადაც ხშირად უთამაშია, ორივე ფლანგზე გარემარბადაც და წინწაწეულ ცენტრალურ ნახევარმცველადაც.

იაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 1996 წლის მიწურულს კი ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. აღსანიშნავია, რომ 19 წლის იაშვილმა თავისი სადებიუტო შეხვედრა (ლიბანის ნაკრებთან) გოლით აღნიშნა.

ამის შემდეგ იაშვილს ეროვნულ ნაკრებში პერიოდულად თუ იძახებდნენ ხოლმე, არადა, "ფრაიბურგის" შემადგენლობაში პირველ ბუნდესლიგაში ასპარეზობდა. ასე გრძელდებოდა 2001 წლის შემოდგომამდე: საქართველოს ნაკრებში მეორედ მობრუნებულმა ალექსანდრე ჩივაძემ ნდობა გამოუცხადა იაშვილს და ამ უკანასკნელმა ეს ნდობა გაამართლა: უნგრეთთან მატჩში შეცვლაზე შესულმა გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში (3:1) დააფიქსირა, ოთხიოდ დღეში კი ლიტვასთან "დუბლი" შეასრულა და სწორედ მისი გოლების წყალობით მოვიგეთ (2:0).

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები წარმოუდგენელიც იყო ამ ფუტკარივით მშრომელი და ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, მუდამ თავმდაბალი ფეხბურთელის გარეშე; ასე გრძელდებოდა 2011 წლის 11 ოქტომბრამდე: როგორც მერე გაირკვა, საბერძნეთთან დაპირისპირება უკანასკნელი სანაკრებო მატჩი აღმოჩნდა ჩვენი ნაკრების სამი დამსახურებული ვეტერანისათვის: კახა კალაძისთვის, ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილისათვის.

ოღონდ კალაძემ საკუთარი სურვილით თქვა ნაკრებში გამოსვლაზე უარი (მალე, საერთოდ, კარიერაც დაასრულა); აი, "კობი" და "იაშკა" ისე ჩამოაცილეს ეროვნულ ნაკრებს, თითქოს არც ერთს და არც მეორეს ამ გუნდისათვის არაფერი გაეკეთებინოს.

ყველაზე უცნაური (რბილად ნათქვამია) კი ის იყო, რომ კობიაშვილიც და იაშვილიც ამ დროს გერმანიაში თამაშობდნენ და სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ჰქონდათ. აქ კი, ჩვენთან, იმას გვიმტკიცებდნენ, რომ ნაკრები უნდა გაახალგაზრდავდეს და ვეტერანებზე უარს ამიტომ ვამბობთო.

ასეა თუ ისე, კობიაშვილის მსგავსად (მართლაც გულით გვიხარია, თხემიდან ტერფამდე ეს ჭეშმარიტი პროფესიონალი ბუნდესლიგას რომ უბრუნდება), იაშვილსაც დაასრულებინეს სანაკრებო კარიერა. არადა, "იაშკას" პირადი მაჩვენებელი ისედაც შთამბეჭდავად გამოიყურება: 68 მატჩი (გიორგი ნემსაძესთან ერთად IV-V შედეგია) და 15 გოლი (მხოლოდ შოთა არველაძესა და თემურ ქეცბაიას ჩამორჩება).

...დარწმუნებულნი ვართ, ბევრს გაუკვირდებოდა იაშვილის ბაქოს "ინტერში" შესაძლო ტრანსფერი; თუმცა 35 წლის ფეხბურთელმა (ლევან კობიაშვილის მსგავსად, მთელი კარიერის განმავლობაში პროფესიონალიზმის ეტალონად რომ მიგვაჩნია) ახალი გამოწვევა მიიღო და იმასაც შეეცდება, თანამემამულე მწვრთნელებს თუ თანაგუნდელებს წარმატებების მიღწევაში დაეხმაროს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველო გაიხარე !! 100%
dinamo
15:56 05-06-2013
0
აუ რა დეგრადირებულად ნამსჯელია რა----
ქეცბაიამ ათასჯერ თქვა ის მიზეზები (გამეორებას აღარ დავიწყებ მაინც ვერ გაიგებთ), თუ რა მიზეზით არ იძახებს იაშვილს და კობიაშვილს ნაკრებში, ეს ,,ჟურნალისტი" კიდევ მიედ მოდება რაღაცეებს ყოველგვარი ანალიზის გარეშე .........
პ.ს უბედურება ისაა დღეს, რომ საქართველოში თუ ვინმემ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა, ყველას ფეხბურთის ცოდნაზე და სპორტულ კომენტატორობაზე აქვს პრეტენზია....
საქართველო
14:11 05-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული