ხმაურიანი ტრანსფერების მოლოდინი აზერბაიჯანულ ფეხბურთში

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ახალი სეზონი აგვისტოში დაიწყება და საქართველოსაგან განსხვავებით, ყველაფერი გარკვეულ-გადაწყვეტილია: 10 გუნდი ოთხ წრედ იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე სეზონი აზერბაიჯანში 12-გუნდიანი ჩემპიონატი იყო და პირველი ეტაპის შემდეგ ზედა და ქვედა ექვსეულებად იყოფოდა. მაისში გასრულებული სეზონის მიხედვით კი, უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ორი გუნდის ("ქიაფაზი", "თურანი") ნაცვლად პირველი ლიგიდან... აღარავინ დაიმატეს და ექვსეულებად დაყოფის სისტემაც გააუქმეს.

გუნდების შემცირება კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა: აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ფინანსურად შეჭირვებულ არც ერთ კლუბს არ უნდა ეასპარეზა!

რა თქმა უნდა, პრემიერლიგის ათივე
კლუბს ერთნაირი ბიუჯეტი ვერ ექნება: "ნეფთჩი", "ხაზარი", "ბაქი", "გაბალა" და "ყარაბაღი" ამ მხრივ მართლაც გამორჩეული გუნდებია და მესის, რონალდოს, იბრაჰიმოვიჩს, რიბერისა თუ ინიესტას ნაღდად ვერ "შესწვდებიან", თორემ ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება მაინც არ უჭირთ.

ვერც "აზალის" მწვრთნელ-ფეხბურთელები დაიწუწუნებენ დაბალი ანაზღაურებით; ურიგო პირობები არც "რევანსა" და "სუმგაითშია" (ორივეგან უცხოელი მწვრთნელები მუშაობენ). ჰოდა, რომელი გუნდებიღა დარჩა? რომელი და ქართველი სპეციალისტების გაწვრთნილი გუნდები - კახა ცხადაძის "ინტერი" და გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი"!

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კონკურენტებთან შედარებით ბევრად ნაკლები ბიუჯეტის მიუხედავად, ყოველი სეზონის დაწყების წინ "ინტერი" ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება და გამონაკლისი არც წინა სეზონი იყო. თუმცა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობისა თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო "ინტერი" მხოლოდ მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ "ნეფთჩის" ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტრიუმფი მნიშვნელოვნად განპირობებული იყო ამ გუნდში მოასპარეზე ძვირად ღირებული ლეგიონერებით: ჯულიუს ვობაი (სიერა ლეონე), ნიკოლას კანალესი (ჩილე) და საშა სტამენკოვიჩი (სერბეთი) ნებისმიერ ევროპულ კლუბში უპრობლემოდ მოხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში; აი, მოსკოვის "სპარტაკისა" და "მაინცის" ყოფილ ფეხბურთელს იგორ მიტრესკის (მაკედონია) კი, ვფიქრობთ, წარდგენა არ სჭირდება.

თუმცა ახალი სეზონიდან არანაკლებ "ხმაურიანი" ახალწვეულების გამოჩენაა მოსალოდნელი: სანკტ-პეტერბურგის "ზენიტისა" და ლონდონის "არსენალის" ყოფილი შემტევი ანდრეი არშავინი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კლუბში გააგრძელებს კარიერას! ყოველ შემთხვევაში, არშავინის "მადის" დაკმაყოფილება (წელიწადში - 2 მილიონი ევრო) იმავე "ნეფთჩის", "ხაზარსა" თუ "გაბალას" არ უნდა გაუჭირდეს.

მოკლედ, ფეხბურთელები ხომ ჩამოჰყავთ, თუმცა ბოლო წლებში უფრო მეტად ლეგიონერ-მწვრთნელებს ეყრდნობიან და სეზონი არ გავა, აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ცნობილი უცხოელი სპეციალისტი რომ არ გამოჩნდეს, მაგრამ აქვე აუცილებელი განმარტებაც საჭიროა: ბოლო წლების განმავლობაში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ის უცხოელი მწვრთნელები, ერთი სეზონის სრულად ჩატარება რომ მოახერხეს.

სასიამოვნოა, რომ ამ რიცხვს ჩვენებურები არ მიეკუთვნებიან: გიორგი ჩიხრაძე "სიმურგს" წინა სეზონშიც წვრთნიდა (ბევრისთვის მოულოდნელად, ზედა ექვსეულში რომ დაამთავრა ასპარეზობა ამ პერიფერიულმა კლუბმა) და ახლაც იქ აგრძელებს მუშაობას; აი, კახა ცხადაძე კი თავის მეხუთე სეზონს იწყებს "ინტერთან" ერთად და ახალ-ახალი რეკორდების დამყარებასაც შეეცდება: ამ ქვეყანაში ოთხი სეზონი გადაბმულად არცერთ ლეგიონერ მწვრთნელს არ უმუშავია და ქართველი სპეციალისტი სულ მალე თავის მეორასე მატჩსაც ჩაატარებს აზერბაიჯანში.

"თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული, აზერბაიჯანის ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი, - აი, ასეთია ცხადაძის აზერბაიჯანული მონაგარი და რომელთანაც ვრცელ ინტერვიუს "ლელოს" უახლოეს ნომრებში გაეცნობით. ამ დაანონსებულ ინტერვიუში ერთ-ერთი პირველი და მთავარი კითხვა კი, რაღა თქმა უნდა, "ინტერის" ცნობად ახალწვეულზე, ალექსანდრე იაშვილზე იქნება...

სიომინი, ანტიჩი და ზიკოც?
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა ლეგიონერმა მწვრთნელმა სრულად, სულ მცირე, ერთი სეზონი მაინც ჩაატარა. ანატოლი კონკოვი, რომან პოკორა, ვალენტინ ხოდუკინი, ანატოლი დემიანენკო, ოლეგ სმოლიანინოვი, ვიქტორ პასულკო (ყველა - უკრაინა), ფატიხ კავლაკი, ჯევად გულერი, ჯიუნეთ ბიჩერი, რასიმ კარა (ყველა - თურქეთი), ანდრეი ჩერნიშოვი, სტანისლავ ჩერჩესოვი, სერგეი იურანი (ყველა - რუსეთი), ვინი შეფერი, ბერჰარდ რააბი (ორივე - გერმანია), ვალდას ივანაუსკასი (ლიტვა), ვლასტიმილ პეტრჟელა (ჩეხეთი), ტონი ადამსი (ინგლისი), მირჩა რედნიკი (რუმინეთი), ჯოკიჩა ხაჯიევსკი (რუმინეთი), ალექსანდრ სტარკოვსი (ლატვია), კარლეს ბაკესი (ესპანეთი), ბოჟიდარ ბანდოვიჩი (სერბეთი), ქემალ ალისპახიჩი (ბოსნია), - აი, არასრული ჩამონათვალი იმ უცხოელი მწვრთნელებისა, დაარსებიდან (2004 წლიდან) აზერბაიჯანის პრემიერლიგაში რომ უმუშავიათ.

წინა სეზონის ბოლოს ამ სიას კიდევ ერთი გამორჩეული პერსონა მიემატა: უელსის ნაკრებისა და "ლივერპულის" ლეგენდარული ცენტრფორვარდი, შემდგომში კი მადრიდის "რეალის", "რეალ-სოსიედადის", მაკედონიის ნაკრებისა და უელსის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯონ ტოშაკი!

ამ ცნობილმა უელსელმა სპეციალისტმა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბი "ხაზარი" ჩაიბარა, თუმცა ახალ სეზონში ტოშაკზე არანაკლებ ტიტულიანი მწვრთნელების წინააღმდეგ მოუწევთ კახა ცხადაძესა და გიორგი ჩიხრაძეს დაპირისპირება: ამ ცოტა ხნის წინათ "გაბალას" მთავარ მწვრთნელად ცნობილი რუსი სპეციალისტი იური სიომინი დაინიშნა.

66 წლის სპეციალისტი ბოლოს კიევის "დინამოში" მუშაობდა, თუმცა ბევრად მეტ წარმატებებს მოსკოვის "ლოკომოტივში" მიაღწია: ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი და ოთხჯერ თასი ააღებინა.

სხვათა შორის, სიომინს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქართველებთან: ფეხბურთელობის დროს გივი ნოდიასთან მეგობრობდა, მისი ხელმძღვანელობით კი ზაზა ჯანაშიამ და მალხაზ ასათიანმა კარიერაში გამორჩეული პერიოდი გაატარეს.

სიომინის ხელმძღვანელობით "ლოკომოტივში" სხვა ქართველებსაც უთამაშიათ (მიხეილ აშვეთია, გიორგი დემეტრაძე, რომან ახალკაცი), თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ზაზა ჯანაშიასთან და მალხაზ ასათიანთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა...

იური სიომინის ამბავი გადაწყვეტილია, ახლა კი სავარაუდო და მართლაც "მყვირალა" სამწვრთნელო ტრანსფერებიც ვახსენოთ: არ არის გამორიცხული, რომ ახალი სეზონიდან სოლიდურბიუჯეტიანი "ბაქის" მთავარ მწვრთნელად ცნობილი სერბი სპეციალისტი რადომირ ანტიჩი დაინიშნოს!

ანტიჩი ბოლოს ჩინეთში მოღვაწეობდა, მანამდე კი სერბეთის ნაკრებსაც თავკაცობდა და რაც მთავარია, 16 (!) სეზონის განმავლობაში პრიმერა-დივიზიონში მუშაობდა; "სარაგოსა", "ოვიედო", "სელტა" - ამ გუნდების გარდა, ანტიჩმა ესპანურ გრანდებშიც იმუშავა და, რაც მთავარია, ერთადერთი სპეციალისტია მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში, სხვადასხვა დროს სამივე ესპანური გრანდი ("ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო") ვისაც გაუწვრთნია.

ყველაზე წარმატებული პერიოდი კი, რაღა თქმა უნდა, მადრიდის "ატლეტიკოში" ჰქონდა: 1995-96 წლების სეზონში "დუბლი" შეასრულა!

ანტიჩის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ისე, როგორც კიდევ ერთი სავარაუდო ტრანსფერისა; თუმცა, ამ შემთხვევაში, არ დავმალავთ და, ცოტა არ იყოს, გვეეჭვება, ყველაფერი რეალური რომ იყოს; რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემამ მართლაც სენსაციური ცნობა გაავრცელა: თითქოსდა, ბაქოს "ნეფთჩის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან... ზიკოსთან!

"თეთრ პელედ" მონათლული ზიკოს ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა საკლუბო დონეზე უამრავი პრიზის მომგებმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია. "ფლამენგოსა" დაა "უდინეზეს" ვარსკვლავმა კარიერა იაპონიაში დაამთავრა. ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო, ერთი პერიოდი ბრაზილიის სპორტის მინისტრიც გახლდათ, შემდეგ კი "ფენერბახჩეს", უზბეკური "ბუნიოდკორის", მოსკოვის ცსკას, "ოლიმპიაკოსსა" და ერაყის ნაკრებს თავკაცობდა.

ზიკოს "ნეფთჩიში" სავარაუდო დანიშვნა უფრო ჭორი გვგონია, თუმცა, ყველაფერი რომ რეალობად იქცეს, არც ეს გაგიკვირდეთ...

P.S. თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" 10 ივნისს პირველი სპარინგ-მატჩი გამართა "ქართალსპორთან" და 13:0 გაიმარჯვა. სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა, ორი გოლი კი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე ბაქოს "ინტერიდან" ქართველებს უშვებს
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ
გიორგი ჩიხრაძე: კახა ცხადაძესთან მეტოქეობა, ადამიანურად, რა თქმა უნდა, რთულია
გიორგი ჩიხრაძე: გაცვეთილი ფრაზაა, რომ ნაკრებში ფეხბურთელმა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით უნდა ითამაშოს
გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანულ ინციდენტზე: რამდენჯერმე ისე ცუდად შეიგინა..
მკითხველის კომენტარები / 3 /
აზერბაიჯანს სანამ განიხილავთ, ხომ არ ჯობია ჩვენს ახალგაზრდა თაობაზე დაწეროთ რამე. აზერბაიჯანის ჩემპიონატი ნაკლებად გვაინტერესებს.საქართველოში რა ხდება ის დაწერეთ, მითუმეტეს არაჩვეულებრივი თაობა მოდის
Temo
16:31 12-06-2013
0
Temo, რა საჭიროა ასეთი უაზრო კომენტარის დაწერა? ხომ შეიძლება ცოტა აზრი დაატანო რასაც წერ. შენი აზრით გამოდის,რომ ამ საიტზე მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე უნდა დაიწეროს? ვაკუუმ.
goka
17:43 12-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული