ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: შთამბეჭდავი ლადო დვალიშვილი

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების უმრავლესობის მონაგარი უკვე მიმოვიხილეთ, დღეს კი საზღვარგარეთ მოთამაშე იმ ჩვენებურთა მაჩვენებლებს გადავხედოთ, რომლებმაც სეზონი ყველაზე გვიან დაასრულეს.

ამათგან ყველაზე შთამბეჭდავი შედეგები უდავოდ ლადო დვალიშვილს აქვს და ჩვენი მიმოხილვაც სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელზე საუბრით დავიწყოთ.

ლადო დვალიშვილი (ლეგია, პოლონეთი)
27 წლის. 13 მატჩი, 5 გოლი
გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერია, რომელსაც სანაკრებოსგან განსხვავებით, საკლუბო კარიერა მაღალ დონეზე მისდის.

სეზონი ვარშავის "პოლონიაში" დაიწყო, სადაც უმალ შეძლო ბომბარდირული თვისებების გამოვლენა და ზამთარში უფრო ძლიერმა მეორე დედაქალაქურმა კლუბმა, "ლეგიამ"
გადაიბირა. ლადოს თავი არც იქ შეურცხვენია და ახალ კლუბშიც შეძლო სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება და საგოლე მონაგარის გაზრდა.

დვალიშვილი "ლეგიასთან" ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა და მალე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას დაიწყებს.

12 გოლით პოლონეთის ექსტრაკლასას საუკეთესო სნაიპერთა დავაში ქართველმა თავდამსხმელმა სერბ თანაგუნდელ დანიელ ლიუბოჟასთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაიყო.

ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი)
21 წლის. 15 მატჩი, 4 გოლი
უკვე საკმაო ხანია, "იაგელონიას" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მაგრამ, სამწუხაროდ, სეზონის შუაწელში მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს საკმაო ხნით ჩამოშორდა.

დაშავებამდე ძალამიძემ არაერთი გამოსარჩევი მატჩი ჩაატარა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ხშირად იძახებდნენ.

გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი)
26 წლის. 11 მატჩი

ლაშა სალუქვაძე (სკა-ენერგია, რუსეთი)
31 წლის. 9 მატჩი

გოჩა ხოჯავა (სკა-ენერგია, რუსეთი)
28 წლის. 9 მატჩი, 1 გოლი

შოთა გრიგალაშვილი (სკა-ენერგია, რუსეთი)
26 წლის. 8 მატჩი, 1 გოლი

ოთარ მარცვალაძე (სკა-ენერგია, რუსეთი)
28 წლის. 6 მატჩი, 4 გოლი

"სკა-ენერგიაში" "ქართული პროექტი" დიდად წარმატებული ვერ გამოდგა. ზამთარში ხაბაროვსკული გუნდი გორის "დილადან" წასულ გიორგი დარასელიას ჩააბარეს და კონტრაქტი ხუთ ქართველ ფეხბურთელს გაუფორმეს.

"სკა-ენერგიას" კონკრეტული მიზანი ჰქონდა - რუსულ პრემიერლიგაში აღზევება. გუნდმა სეზონი საპლეიოფო ზონაში დაასრულა, პლეი ოფში კი "როსტოვს" დაუპირისპირდა, რომელთანაც ორივე მატჩი წააგო.

დარასელია "სკა-ენერგიადან" წავიდა. ბოლო ინფორმაციით, ქართველთაგან იქ სათამაშოდ მხოლოდ გიორგი ნავალოვსკი რჩება. ასევე ცნობილია, რომ მომავალ სეზონში მარცვალაძე და ხოჯავა ვლადიკავკაზის "ალანიას" ღირსებას დაიცავენ.

დავით სირაძე (სპარტაკი ნ. რუსეთი)
31 წლის. 26 მატჩი, 3 გოლი
იყო დრო, როცა ნალჩიკის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგაში გამოდიოდა და დავით სირაძის გოლებით ხშირად იგებდა მნიშვნელოვან მატჩებს. ბოლო სეზონებს კი "სპარტაკი" რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ატარებს.

"სკა-ენერგიას" მსგავსად, ნალჩიკელებმა პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი წააგეს - სამარის "კრილია სოვეტოვთან", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ამისულაშვილი იცავს, ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

სირაძე საკმაოდ ხშირად ხვდებოდა "სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა რეგულარულ სეზონში მისი მონაგარი მხოლოდ სამი გოლია. ამას გარდა, მან პლეი ოფში ორჯერ გაუტანა "კრილიას".

ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი)
30 წლის. 11 მატჩი, 3 გოლი
ფინეთში ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება და ამიტომაც თქვენ წინაშე ის მონაგარია, რაც სირბილაძეს ამ დროისთვის აქვს.

"ინტერ ტურკუ", რომელიც შარშან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა, მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაშია მოქცეული. სირბილაძის პირადი სტატისტიკაც არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც თავად მას დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, წინა სეზონში ქართველი ფორვარდი ფინეთის ვეიკაუსლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენ გამოკითხვაში კი მეორე ადგილი დაიკავა.

გიორგი ნერგაძე (მოროკა სვოლოვსი, სამ. აფრიკა)
30 წლის. 26 მატჩი, 1 გოლი
წინა სეზონში "მოროკა სვოლოვსი" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონი გახდა, წლეულს კი მეცხრე საფეხურს დასჯერდა. თუმცა ამით ნერგაძის პოზიციები არ შერყეულა. იგი კვლავ სტაბილურად თამაშობდა "მერცხლების" ძირითად შემადგენლობაში.

რატი ალექსიძე (დიორი ეტო, უნგრეთი)
34 წლის. 7 მატჩი
სეზონის დასკვნით ნაწილში ალექსიძე "დიორის" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა. არ არის გამორიცხული, ვეტერანმა ქართველმა თავდამსხმელმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულოს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ახლო წარსულში ალექსიძე "დიორის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.

გიორგი ქვილითაია (დიორი ეტო, უნგრეთი)
19 წლის. 2 მატჩი
ქვილითაია უნგრეთში ისე აღმოჩნდა, რომ მანამდე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც კი არ ჰქონდა ნათამაშები. პირველლიგურ "სასკოში" გამოვლენილმა მისმა ბომბარდირულმა მონაცემებმა "დიორი ეტოს" დაინტერესება გამოიწვია, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, სადებიუტო სეზონში გიორგიმ მის ძირითადში დამკვიდრება ვერ შეძლო. ვნახოთ, რა იქნება მომავალ სეზონში.

გივი იოსელიანი (კეჩკემეტი, უნგრეთი)
22 წლის. 4 მატჩი
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უნგრეთს ქუთაისის "ტორპედოდან" მიაშურა. მართალია, ახალი კლუბის სასტარტოში ჯერ ვერც იოსელიანი დამკვიდრდა, მაგრამ სადებიუტო სეზონის კვალობაზე, 4 მატჩი მაინც ნორმალურ მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული