ქართველები უკრაინის ტოპ-სიაში: უშიშარი დაუშვილი და ნაღდი ქართველი კანკავა

AutoSharing Option
21 ივნისს ლვოვის "კარპატიმ" სლოვენიაში ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. ახალი მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე სევიდივის სიაში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების არც ერთი ნახევარმცველი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო ლევან ყენია და მურთაზ დაუშვილი ტრანსფერზე დააყენეს.

ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლის" ცნობით, დაუშვილი და "კარპატის" კიდევ 8 ფეხბურთელი ხელფასის შემცირებასა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ დათანხმდნენ. პასუხად კლუბის გენერალურმა დირექტორმა იგორ დიდიშინმა განუცხადა, რომ სლოვენიის ნაცვლად, ლვოვში ივარჯიშებდნენ.

დასჯილთა შორის არ არის ლევან ყენია. თუმცა კლუბთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა მენეჯერმა "ლელოს" უთხრა, რომ
ისინი "კარპატიდან" არ მიდიან, მაგრამ რა ხდება, აღარ დაუკონკრეტებია.

ამასობაში, ლვოვის "კარპატის" ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ვაცკომ დააკონკრეტა, რატომ არ გაუშვეს ყენია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის "ფორტუნაში" - გერმანელები 250 ათას ევროს იხდიდნენ, როდესაც თავად ყენიამ კონტრაქტის გაწყვეტის წინაპირობად ხელშეკრულებაში 2,5 მილიონი ევრო ჩაწერა და მისი გაშვება არ გვიღირსო. ანუ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ყენიას ლვოვში დატოვება სურთ.

საინტერესოა, რომ ბუბა დაუშვილი უკრაინულმა ინტერნეტ-გაზეთმა "ი-სპორტმა" ქვეყნის პრემიერლიგის 10 "ყველაზე ცუდი ბიჭის" სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ცუდი არ იფიქროთ, ლაპარაკია ყველაზე მებრძოლ და ხისტ ფეხბურთელებზე, მოკლედ რომ ვთქვათ, ლიგის "გატუზოებზე". ასეთებს კი უკრაინაში ძალიან აფასებენ.

"2012 წლის იანვარში ლვოვის "კარპატიმ" შეიძინა ნამდვილი "მჩეხავი", აბსოლუტურად უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ისე იბრძვის, რომ ხშირად მის შედეგებზე არ ფიქრობს.

ლოგიკურია, რომ გასულ სეზონში, გაძევებების რაოდენობით, დაუშვილი რეკორდსმენი გახდა - წითელი ბარათი სულ სამჯერ აჩვენეს. ამავე დროს, ვერ ვიტყვით, რომ ბუბა გაუწონასწორებელი მოთამაშეა და კონფლიქტებისკენ მიდრეკილება აქვს. თუმცა, მოედანზე მის წინააღმდეგ სიფრთხილეა საჭირო, ლაზარეთში რომ არ აღმოჩნდეს.

დასრულებულ ჩემპიონატში ქართველის სტატისტიკა ასეთია - 8 ყვითელი, 3 წითელი ბარათი, 35 ჯარიმა და ორთაბრძოლების მოგების 56-პროცენტიანი მაჩვენებელი",
- წერს გამოცემა.

ამავე სიაში დაასახელეს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც:

"ჯაბაც მოედანზე დაუშვილის მსგავსად მოქმედებს. მკაცრი პრესინგის მოყვარული სულ ბრძოლაშია, თუმცა კრივოი როგის "კრივბასში" გაცილებით მეტი ფუნქცია ჰქონდა.

"დნიპროში" კანკავა კლასიკური შემბოჭველია. მისი თამაშის მანერა თვალში უცებ მოგხვდება. შეუპოვარი, მოძრავი და სწრაფი ქართველი ცდილობს, მეტოქეს სივრცე შეუზღუდოს. თუმცა ამ მოქმედებას ხშირად ჯარიმით ასრულებს.

ამ მაჩვენებლით, ჯაბა ლიგის ყველაზე ხშირ დამრღვევებში მოხვდა. შეუძლია საკუთარი თავის დაცვაც, მაგრამ შესაძლოა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს - ის ხომ ქართველია.

გასულ სეზონში კანკავას ასეთი სტატისტიკა დაუგროვდა: 7 ყვითელი ბარათი, 50 ჯარიმა და ორთაბრძოლების მოგების 52-პროცენტიანი მაჩვენებელი".

* * *
მარიუპოლის "ილიჩევეცმა" შეკრებაზე დაბალი ლიგის გუნდებთან ორი შეხვედრა ჩაატარა. ნიკოლაია პავლოვის ხელქვეითებმა მეორე ლიგის იალტის "ჟემჩუჟინას" 3:0 მოუგეს. პირველი ტაიმი ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა დავით თარგამაძემ და თორნიკე ოქრიაშვილმა. ამ უკანასკნელმა გოლის მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა.

24 ივნისს "ილიჩევეცმა" პირველი ლიგის "ბუკოვინასთან" ითამაშა. ამჯერად, ქართველები მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. შეხვედრა კი ჰოკეის ანგარიშით, 5:5 დასრულდა. ჩერნოვცელები 89-ე წუთამდე აგებდნენ და ოქრიაშვილმა ანგარიში 4:5-მდე შეამცირა. მარიუპოლელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ ბოლო წუთზე შეძლეს.

* * *
სლოვენიურ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა ლუგანსკის "ზარიამ". ხორვატულ "სლავენ ბელუპოსთან" უკრაინელებმა 1:1 დაასრულეს.

ლუგანსკელთა შორის მეორე ტაიმში გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია, რომელმაც 71-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

ხორვატებთან არ უთამაშია ლუგანსკელთა მეორე ქართველს, 20 წლის ნახევარმცველ გიული მანჯგალაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული