ოსურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს - საქართველოში თამაშს ყველაფერი ჯობია, თუნდაც პრობლემური "ალანია" რუსეთის პირველ დივიზიონში - ასეთია ქართველი ფეხბურთელების სვე-ბედი.
ბევრი ფეხბურთელი ყოფილა, უფრო მეტისთვის რომ უნდა მიეღწია და ეს ვერ მოახერხა. ასეთი შემთხვევა უამრავია. ტრავმიანობა, არასათანადო ნებისყოფა, უიღბლობა... მიზეზები ყოველთვის არსებობს, ხან კი ამის პოვნაც ძნელი საქმეა.
მარცვალაძე სპეციფიკური ფეხბურთელია, ის გარემარბია, სწრაფი, მახვილი, თამაშის
კლაუს ტოპმიოლერი რომ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, მარცვალაძეს მაშინ რამდენჯერმე ჰქონდა კარგი შანსი, ახლოს იყო ნახტომთან, მაგრამ ვერა, თითქოს დაინავსა.
ტოპმიოლერის პროტექციით, საქართველოს ნაკრები ნაციონალმანშაფტს ეწვია ამხანაგური მატჩისთვის. ტოპის გაწვრთნილმა საქართველომ ის შეხვედრა წააგო, მარცვალაძემ კი ორი ისეთი სოლო-რეიდი შეასრულა, გერმანულ დაცვას რეტი დაასხა, თუმცა აქედან ვერც გოლი გამოდნა და ვერც საგოლე გადაცემა.
ტოპმიოლერის მწვრთნელობის დროს მარცვალაძეს კიდევ გაუჩნდა ნახტომის შანსი. სტუმრად საფრანგეთს რომ ვხვდებოდით, მარცვალაძემ ერთ-ერთი ფრანგი მცველის შეცდომით ისარგებლა, თითქმის პირისპირ დარჩა მეკარესთან, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი გააწყო.
გოლი გერმანიასთან ან საფრანგეთთან - ეს უკვე წარმატება იქნებოდა, იმის საწინდარი, რომ მარცვალაძე დღეს ვლადიკავკაზზე ბევრად უკეთეს ადგილას ყოფილიყო.
ის თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში თამაშობდა, თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" რომ აიყვანა. ფლანგზე გაათრევდა ხოლმე ბურთს, ორ-სამ მეტოქეს აუბნევდა თავგზას და საქმეც უკვე გაკეთებული ჰქონდა - საქართველოს ჩემპიონატში ეს საკმარისი იყო თავის გამოსაჩენად და საკუთარი გუნდის დასახმარებლად.
2004 წელს "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ჩემპიონი გახდა. მარცვალაძის შეჩერება ყველას უჭირდა, მათ შორის, თბილისის "დინამოსაც".
ის ჯერ არ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ თუ არის კარგი კონტაქტები, ტრანსფერი ისედაც იჩარხება.
რევაზ ჩელებაძემ ის კიევის "დინამოში" წაიყვანა და ტრანსფერი დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა უკრაინულ გრანდს.
კიევში მარცვალაძეს არ გაუმართლა, თუმცა ყველაფერი ტრავმის ბრალი ალბათ არ უნდა იყოს. კიევური "დინამო" გრანდია და ასეთ კლუბებში წესები უფრო მკაცრია, ვიდრე სხვაგან - ვერ ჩაეჭიდე შანსს და მერე სხვისი ჯერია.
"ანჟი", "უჟგოროდი", "ვოლგა", "კრასნოდარი"... მარცვალაძე ახერხებდა თავის გამოჩენას, იყო პერიოდები, როცა სტაბილურად კარგად თამაშობდა "ანჟისა" და "ვოლგაში".
შარშან მარცვალაძე საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა ქართულმა კლუბებმა არ მოისურვეს მისი აყვანა - ზოგიერთის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდა, ზოგიერთმა კი, უბრალოდ, არ გარისკა.
მარცვალაძე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებშიც გამოირჩა. ხორვატიასთან თბილისში ჯაბა კანკავას ჩინებულ გადაცემაზე ოსტატურად გაიხსნა, მოხდენილად გააბითურა ხორვატი მცველი და ბოლო წუთზე საგოლე გადაცემით დააჯილდოვა ლევან კობიაშვილი.
ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, ეს ოსტატობის შედეგი იყო. ამიტომაც დაენანება კაცს მარცვალაძე რუსეთის პირველი დივიზიონისთვის.
ის ჯერ 28 წლისაა, წესითა და რიგით, კვლავ საინტერესო ფეხბურთელი უნდა იყოს ნაკრებისთვის. არა მგონია, ქეცბაიამ ის ჩამოწერილ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანოს და ვინ იცის, იქნებ ერთხელაც აღმოჩნდეს ცარიელ კართან, იმ წამთან, როცა ყისმათიც შენკენ უნდა იყოს და ოსტატობაც.
ზოგადად, "ალანია" წუმპე არ არის, არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია იქ და კმაყოფილიც დარჩენილა...
ასევე იხილეთ:
გუნდური ჩხუბი გოჩა ხოჯავას გამო - "ალანია"-"მურატფაშას" მატჩი ჩაიშალა
გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ