ალექსანდრე იაშვილი: მაინც მგონია, რომ "ინტერი" "ტრომსიოზე" ძლიერია

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, ბაქოს "ინტერი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ნორვეგიულ "ტრომსოსთან".

კახა ცხადაძის
გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ალექსანდრე იაშვილმა, ბაჩანა ცხადაძემ და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა, ესპანელმა მიკელ ალვარომ.

აზერბაიჯანული კლუბის ქართველმა თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა მატჩის შემდეგ azerisport.com–ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი გუნდის თამაშსა და შანსებზე ისაუბრა.

- "ტრომსიომ" თქვენთან მატჩში ის თამაში აჩვენა, რასაც ელოდით?
- მწვრთნელი წინასწარ გვესაუბრა მეტოქის შესახებ და "ტრომსიომ" ისე ითამაშა, რასაც ველოდით. იქაური ფეხბურთი ბრიტანულის მსგავსია და შედეგსაც ასე
აღწევენ.

დავამატებ, რომ "ტრომსიო" საკმაოდ კარგი გუნდია და მას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ.

მათ პირველ 15 წუთშივე მიმართეს პრესინგს, თუმცა "ინტერმა" თამაშის სადავეები ხელთ იგდო და ბლომად მომენტებიც შექმნა. მარტო პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთელები ორჯერ გავიდნენ მეკარესთან პირისპირ. შეგვეძლო გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგად გოლები თავად მივიღეთ.

- იცოდით, რომ მეტოქეს ჰყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც შორიდან გატანა ეხერხებათ?
- მატჩისწინა ანალიზის დროს ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. ვიცოდით, რომ შორიდან კარგად ურტყამდნენ და ვალდებული ვიყავით, ყურადღებით ვყოფილიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, დავალება ვერ შევასრულეთ. ერთ-ერთი ასეთი დარტყმული ძელს მოხვდა, მომდევნო ორს კი გოლი მოჰყვა.

თანამედროვე ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება. ნაკლებ მომენტს ქმნი, მაგრამ შედეგს იღებს. ისტორიაში კი სწორედ ეს უკანაკსნელი რჩება.

ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ კარგი შედეგის მიღწევა.

- "ინტერის" მარცხს რას მიაწერთ?
- მე მაინც ვფიქრობ, რომ "ინტერი" ძლიერია "ტრომსიოზე". და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავად ვარ "ინტერის" ფეხბურთელი. ვინც მატჩს უყურა, ნახავდა, რომ კარგად გავისარჯეთ, თუმცა შედეგს მეტოქემ მიაღწია.

კარგად უნდა გავაანალიზოთ ეს შეხვედრა, რათა საშინაო მატჩში უკეთესად ვითამაშოთ. გარწმუნებთ, "ინტერს" ჯერ კიდევ შეუძლია "ტრომსიოს" ბარიერის დაძლევა. უბრალოდ, ამისთვის მომენტების გამოყენება გვჭირდება.

- პირველ მატჩში ანგარიშით 0:2 წაგების შემდეგ ნორვეგიელთა უკან ჩამოტოვება რეალურად შესაძლებელი გგონიათ?
- საკუთარ კედლებში ორი ბურთი გაქვითვა სავსებით შესაძლებელია და საამისოდ აუცილებლად შედეგზე უნდა ვითამაშოთ. ჩვენ არ გვჭირდება სანახაობრივი თამაში. მთავარია, არ დავუშვათ შევდომები დაცვასა და თავდასხმაში. შინ სწრაფი გოლი უნდა შევაგდოთ და თამაში ვაკონტროლოთ.

- მაგრამ, თუკი თავდასხმაში პრობლემები გაქვთ, სამი გოლის გატანას როგორღა მოახერხებთ?
- შეიძლება ორი გოლის გატანა და ყველაფრის დამატებით დროში გადაწყვეტა. "ტრომსიოს" კარგი შემადგენლობა ჰყავს და პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ შევადარებთ, "ინტერს" ბევრ რამეში ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, ახლა ამის თქმა უხერხულია, რადგან დავმარცხდით, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება. ყოველთვის ძლიერი არ იმარჯვებს.

კარგია, რომ გვაქვს მდგომარეობის გამოსწორების შანსი და ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობები ბაქოში დავამტკიცოთ.

- ერთ კვირაში მოასწრებთ რამეს?
- ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მესამე რაუნდში თამაშს ვიმსახურებთ. შეხვედრამ დაგვანახა, რომ "ტრომსიო" ასეთ მოგებას არ იმსახურებდა და ის ჩვენ თვითონ მივართვით მეტოქეს. მათ, უბრალოდ, გაუმართლათ. მერწმუნეთ, ეს ის მეტოქეა, რომლის ჩამოტოვებაც შეიძლება. ისინი პრესინგს ხშირად მიმართავდნენ, მაგრამ ასეთი ტემპს დიდხანს ვერ ინარჩუნებდნენ, რადგან ფიზიკურად და ტაქტიკურად ჩვენ ვჯობივართ.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი "ტრომსიოს" ბარიერს ვერ დაძლევთ?
- ბაქოში უნდა ვანახოთ "ტრომსიოს", ვინაა მასპინძელი. გეთანხმებით, თუკი ასეთ გუნდს ვერ ვაჯობებთ, ძალიან დასანანი იქნება. შანსი გვაქვს და ვფიქრობ, "ინტერი" მას გამოიყენებს.

ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი ევროპის ლიგაზე: ინტერელები დამარცხდნენ, დანარჩენებმა გაიმარჯვეს
ალექსანდრე იაშვილი: ბაქოს "ინტერი" აშშ-ისა და გერმანიის კლუბებს ვამჯობინე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული