ლეგიონერები ევროპის ლიგაზე: ბაჩანა ცხადაძის გოლმა ბაქოს "ინტერს" ვერ უშველა

AutoSharing Option
25 ივლისს გამართულ ევროპის ლიგის მატჩებში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. მათმა ნაწილმა მესამე ეტაპზე გაღწევა შეძლო.

ყაზანის "რუბინმა" სერბულ "იაგოდინას" შინაც მოუგო. მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს, ორრაუნდიანი დაპირისპირება კი 4:2 მოიგეს.

საბა კვერკველია "რუბინის" თადარიგში იყო. ყაზანელთა შემდეგი მეტოქე დანიური "რანდერსი" იქნება.

* * *
მესამე რაუნდშია აზერბაიჯანული "ყარაბახიც", რომლის ღირსებასაც ნიკოლოზ გელაშვილი იცავს.

ცნობისთვის, "ყარაბახის" გარდა, ევროასპარეზს უკვე ყველა აზერბაიჯანული კლუბი გამოეთიშა, რაც ამ ქვეყნის საფეხბურთო პროგრესზე ჩამოყალიბებულ შეხედულებას, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულს ხდის.

განსაკუთრებით ხაზგასასმელი ლენქორანის "ხაზარის" სირცხვილია,
რომელიც საკუთარ კედლებში ჰაიფას "მაქაბისთან" 0:8 განადგურდა.

"ყარაბახს" პოლონურ "პიასტთან" შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, სტუმრად 1:2 დამარცხდა, დამატებით დროში კი ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ ეტაპზე ასე გავიდა.

გელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს, გადამწყვეტი გოლი კი მოედანზე მის ნაცვლად შესულმა კონგოელმა ულრიხ კაპოლონგომ გაიტანა.

"ყარაბახი" მესამე ეტაპზე შვედურ "გეფლეს" დაუპირისპირდება.

* * *
გათამაშებას გამოეთიშა კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი", რომელმაც, მართალია, 25 ივლისს მოიგო, მაგრამ ანგარიში საბოლოო წარმატებისთვის არ ეყო.

ნორვეგიაში "ტრომსოსთან" განცდილი 0:2-ის შემდეგ "ინტერმა" მხოლოდ 1:0 გაიმარჯვა. ეს ერთადერთი ბურთი ბაჩანა ცხადაძის ანგარიშზეა, რომელმაც თავი შეხვედრის 76-ე წუთზე გამოიჩინა.

გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ და ექსდინამოელმა მიკელ ალვარომ ბაქოელთა რიგებში სრულად ითამაშეს, ძირითადში გამწესებული ალექსანდრე იაშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს, ცხადაძე კი მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საჭირო შედეგს ვერ მივაღწიეთ. "ინტერმა" კარგად ითამაშა, მაგრამ არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. "ტრომსოს" დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა", - თქვა ნამატჩევს იაშვილმა.

* * *
ლუქსემბურგული "ჟენეს ეშის" წინააღმდეგობა დაუბრკოლებლად დაძლია ლატვიურმა "ვენტსპილსმა" - საშინაო მატჩში 1:0-ის გამარჯვების შემდეგ სტუმრად 4:1 მოიგო.

ვენტსპილსელი თორნიკე თარხნიშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. "ვენტსპილსი" მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ჰაიფას "მაქაბის" შეხვდება.

გავარდა მეორე ლატვიური კლუბი, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილი რიგის "სკონტო", რომელსაც შინ ჩეხურ "ლიბერეცთან" 2:1 ჰქონდა მოგებული, სტუმრად კი 0:1 დამარცხდა.

ირაკლი კლიმიაშვილი "სკონტოს" შემადგენლობაში 82-ე წუთიდან გამოჩნდა, მისი თანაგუნდელი ლადო დათუნაშვილი სათადარიგო იყო, მესამე სკონტოელი, ლაშა დვალი კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული