ლეგიონი ევროპის ლიგაზე: გელაშვილის "ყარაბაღმა" მოიგო, "ვიტესი" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
1 აგვისტოს ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში სამმა "ქართულმა გუნდმა" ითამაშა.

აზერბაიჯანული "ყარაბაღი" (აგდამი) შვედურ "გეფლეს" მასპინძლობდა. ეს ის "გეფლეა", რომელმაც წინა ეტაპზე "ანორთოსისთან" სტუმრად 0:3-ზე წაგებული მატჩი შინ 4:0-ით შემოატრიალა.

გამომდინარე იქიდან, რომ "ყარაბაღმა" ოდენ 1:0 მოიგო (და ისიც, ბოლო წუთებზე გატანილი გოლის ხარჯზე), ერთი კვირის შემდეგ მძიმე თამაში ელის. აგდამელთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკოლოზ გელაშვილი, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.

გელაშვილი პირველი ტაიმის ორ ეპიზოდში ფიგურირებს. მან ჯერ სახიფათო გარღვევა განახორციელა და პარტნიორს ბურთი ხელსაყრელ სიტუაციაში გადააწოდა
(თუმცა იმან ვერ ივარგა), მერე კი თავად ჰქონდა რეალური შანსი, ოღონდ, შეტევა გოლით ვერ დააგვირგვინა.

არნემის "ვიტესმა" რუმინულ "პეტროლულთან" საგარეო მატჩი ძირითადში ორი ქართველით (გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი) დაიწყო.

25-ე წუთიდან თამაშში ჩაერთო გიორგი ჭანტურიაც, რომელიც მწვრთნელმა პეტერ ბოსმა ტრავმირებული გაელ კაკუტას ნაცვლად შეუშვა თამაშში.

ჭანტურიამ და კაშიამ მეორე ტაიმში გაფრთხილებები მიიღეს. "ვიტესი" სწორედ მეორე ნახევარში დაწინაურდა ჯონათან რეისის პენალტით, თუმცა თამაშის მიწურულს საპასუხო გოლი მიიღო და თამაში ასეც მორჩა - 1:1.

"რუბინი" სტუმრად დანიურ "რანდერსს" შეხვდა და 2:1 მოუგო. ყაზანელთა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა ჩვენებური მცველი საბა კვერკველია ბოლომდე სათადარიგოთა შორის დატოვა.

გიორგი გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული