მასპინძელთა შორის ორივე ქართველი - თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე - სასტარტო შემადგენლობაში იყო.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს. როგორც მარიუპოლელთა ვებგვერდი წერს, "ილიჩევეცის" შემადგენლობაში აქტიური იყო ოქრიაშვილი, რომელიც ხშირად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე, ხოლო მისი მწვავე გადაცემები ლვოველთა დაცვას რთულ მდგომარეობაში აყენებდა.
მეორე ნახევარში "ილიჩევეცს" გარკვეული უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ საპასუხო გოლს დასჯერდა. ეს გოლი კი, 83-ე წუთზე, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით თარგამაძემ გაიტანა და თავისიანები მარცხისგან იხსნა.
რუსეთის ჩემპიონატის I დივიზიონში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. "სკა ენერგია" სანკტ-პეტერბურგს ეწვია და იქაურ "დინამოს" უგოლოდ დაუზავდა.
ვალდას ივანაუსკასის გუნდში ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი ნავალოვსკი მოედანს ბოლომდე შემორჩა, გოგიტა გოგუა კი 81-ე წუთზე გორის "დილას" ყოფილმა ფეხბურთელმა ლეონარდომ შეცვალა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ პაველ მოჩალინის გაძევების გამო "სკა ენერგია" 27-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა. "სკა ენერგიას" 6 მატჩიდან 6 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.
პრემიერლიგიდან დაბრუნებულმა "მორდოვიამ" სარანსკში ორენბურგის "გაზოვიკს" უმასპინძლა და შეცვლაზე შესული რუსლან მუხამეტშინის გოლით (78-ე წუთი) 1:0 იმარჯვა.
"მორდოვიას" მცველი აკაკი ხუბუტია ძირითად შემადგენლობაში იყო, "გაზოვიკში" მოთამაშე საყრდენ ნახევარმცველ ზურაბ არზიანს კი მწვრთნელმა მხოლოდ ბოლო 13 წუთი ანდო.
"მორდოვიას" 6 ტურის შემდეგ 15 ქულით მეორე პოზიცია უკავია, ხოლო "გაზოვიკი" 9 ქულით მე-6 საფეხურს ამაგრებს.
ვლადიკავკაზის "ალანიამ" კი გასვლაზე ოთარ მარცვალაძის გარეშე აჯობა (1:0) "ბალტიკას", 5 თამაშის შემდეგ 10 ქულას მოუყარა თავი და მე-5 ადგილზე მოკალათდა.
პრემიერლიგაში კი გაიმართა ერთი მატჩი, რომელშიც "ანჟიმ" "როსტოვს" უმასპინძლა 0:1 წააგო. სტუმართა შორის ჯანო ანანიძე განაცხადშიც არ ყოფილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"