შეგახსენებთ, "ვოლგასთან" შეხვედრაში ჯანომ გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. შედეგად, მისი გუნდი სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია, 20 წლის ქართველი კი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ახლა ანანიძეც და "როსტოვიც" პრემიერლიგის VI ტურისთვის ემზადებიან - 26 აგვისტოს მიოდრაგ ბოჟოვიჩის შეგირდებს სტუმრად მოსკოვის "ლოკომოტივთან" უწევთ თამაში.
22 აგვისტოს, დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ როსტოვური კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჯანოს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც სხვასთან ერთად, "ლოკომოტივთან" მომავალი
- თუ ნახე ტელევიზორში "ვოლგასთან" შენთვის ტკბილად გასახსენებელი თამაშის ფრაგმენტები?
- დიახ. ტურის მიმოხილვას ვუყურე და არ დავმალავ, ერთი სიამოვნება იყო ჩვენი თამაშის ყველაზე საინტერესო მომენტების ხილვა. და ამას არამარტო იმ ეპიზოდებზე ვამბობ, სადაც გოლები ჩემი უშუალო მონაწილეობით გავიდა. კარგი იყო იმ მომენტების ნახვაც, სადაც ჩვენს სწრაფ და ლამაზ კომბინაციებს გოლები არ მოჰყვა.
- სეზონის დასაწყისი თქვენთვისაც და გუნდისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა...
- ნუღარ იტყვით... მაგალითად, მთელი წინა სეზონის განმავლობაში სამი გოლი გავიტანე და ოთხი საგოლე პასი მივითვალე. ამ ჩემპიონატის ოთხ მატჩში კი უკვე გოლი და ოთხი პასი დამიგროვდა, რის შედეგადაც ჩემმა პარტნიორებმა გატანა შეძლეს.
ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს.
- ჩვენს უახლოეს მეტოქე "ლოკომოტივთან" როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ვფიქრობ, კარგი. სწორედ "ლოკოსთან" შედგა 2009 წელს ჩემი დებიუტი "სპარტაკში". მაშინ "ლუჟნიკებზე" თავით შევძელი გოლის გატანა. ამის შემდეგ კიდევ იყო ერთი მატჩი, როდესაც ძიუბას პასით გავიტანე.
იქნებ ახლაც შევძლო გულშემატკივრების გახარება, ოღონდ ამჯერად არა სპარტაკელების, არამედ - როსტოველების.
- მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივის" თამაში თუ ნახეთ?
- დიახ და მომეწონა კიდეც ეს გუნდი. მოთამაშეთა კარგი კრებული ჰყავთ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, შეუტიონ. "ლოკოს" შეტევითი პოტენციალი საკმაოდ მაღალი აქვს.
- მეტოქეთა გუნდში ვინმეს ახლოს ხომ არ იცნობთ?
- რომან შიშკინს - "სპარტაკიდან".
- რის ხარჯზე შეიძლება მოსკოვში "რკინიგზელთა" ძლევა?
- უპირველესად, დაცვაში ყურადღებითა და კომპაქტური თამაშით. მაგალითად, ისე, როგორც ეს მახაჭყალაში გავაკეთეთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოლი არ უნდა გავუშვათ, რაც ბოლო სამ შეხვედრაში მოვახერხეთ. მეტოქის კართან კი საგოლე მომენტებს ალბათ შევქმნით და მხოლოდ მათი გამოყენება იქნება საჭირო.
სხვათა შორის, დღეს სიზმარში ვნახე, თითქოს "ლოკომოტივთან" ვითამაშეთ და ანგარიშით 2:1 მოვიგეთ. ვინ იცის, იქნებ ახდეს ეს სიზმარი?!
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე: მოსკოვის "სპარტაკს" დავუმტკიცებ...
ჯანო ანანიძის აღიარება - "ის ნამდვილი ჯოკერია!"
ჯანო ანანიძე რუსეთში ტურის MVP-ად აღიარეს და სიმბოლურში შეიყვანეს [VIDEO]
ჯანო ანანიძემ "ვოლგა" ამოაყირავა - გოლი და 2 საგოლე პასი! [VIDEO]