ლეგიონის უქმეები: ვაკო ყაზაიშვილის უმნიშვნელოვანესი პასი დერბიში [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ლევან კობიაშვილის გამოჩენით და ქართველი ვეტერანის კარგი თამაშით გახარებულებს იმედგაცრუება გველოდა - ბერლინის "ჰერტას" თავკაცმა იოს ლუჰუკაიმ ჩვენებური სკამზე დატოვა და "მაინცს" ლევანის გარეშე აჯობა.

სამაგიეროდ, ითამაშა გერმანიის ქართული ლეგიონის მეორე ლევანმა - ყენიამ. მისმა "ფორტუნამ" ვერაფერი მოუხერხა "ფრანკფურტს" (0:0).

ყენია ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ პირველ ტაიმში მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. მატჩის მიწურულს კი ქართველი გამთამაშებელი შეცვალეს.

* * *
ჰოლანდიაში არნემის "ვიტესმა" სტუმრად 3:2 მოუგო "ნეიმეგენს". ეს უბრალო მატჩი სულაც არ არის, რადგან აღმოსავლეთ ჰოლანდიის დერბია.

ამ
ორ ქალაქს შორის სულ 15 კილომეტრია მანძილი. არნემი მდიდრების ქალაქად არის ცნობილი, მაშინ, როცა ნეიმეგენში, ძირითადად, მშრომელი ფენის წარმომადგენლები ცხოვრობენ. კლუბიც მათი დაარსებულია, მაშინ, როცა "ვიტესი" თავიდან კრიკეტის კლუბი იყო.

გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. 92-ე წუთზე "ჩელსიდან" განათხოვრებულმა ლუკას პიაზონმა გამარჯვების გოლი ყაზაიშვილის პასით გაიტანა.

"ვიტესმა" ბოლო წუთებზე ნამდვილი შტურმი მოუწყო მეტოქეს, შეტევა რამდენიმე ფაზად განვითარდა და როცა ეგონათ მასპინძლებს, რომ აიცილეს საფრთხე, ყაზაიშვილმა პიაზონს საჯარიმოს მისადგომებთან დაუგორა ბურთი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
დანიაში ქართველთა "ორჰუსმა" სტუმრად 0:0 ითამაშა "ოლბორგთან". ითამაშა მხოლოდ მათე ვაწაძემ, ისიც 72-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. "ორჰუსს" 10 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.

* * *
აზერბაიჯანში კახა ცხადაძის "ინტერმა" სტუმრად "ხაზარი" დაამარცხა - 1:0.

ქართველთა კვარტეტიდან სამი სასტარტოში იყო: ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი (მე-2 ტაიმში შეცვალეს) და ბაჩანა ცხადაძე. გიორგი ლომაია კი სათადარიგო გოლკიპერის როლით დაკმაყოფილდა.

აზერბაიჯანშივე 76-ე წუთამდე ითამაშა ნიკა გელაშვილმა, მისი "ყარაბახი" კი სტუმრად "ნეფთჩის" დაუზავდა - 0:0.

* * *
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" შინ "ვოლინს" მოუგო - 2:0. ქართველი სასტარტოში იყო და მე-60 წუთამდე ითამაშა. უკრაინულ მედიას თუ ვენდობით, ჯაბა საკმაოდ აქტიურიც იყო.

"დნიპრომ" "ჩერნომორეცს" 2:0 სძლია. სანდრო კობახიძე გამარჯვებულთა შორის არ გამოჩენილა, ჯაბა კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა.

* * *
გიორგი ალავერდაშვილი რუმინეთის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდა - მისმა "გაზ მეთანმა" სტუმრად "პანდურიის" სძლია - 2:1. ჯერჯერობით ქართველი ახალწვეული სათადარიგოთა სკამზე ჯდომით დააკმაყოფილეს.

* * *
ხორვატიაში გიორგი ილურიძემ ამჯერად ვეღარ გამოიჩინა თავი, მისმა "ჰაიდუკმა" კი ქულები "რიეკასთან" დაკარგა - 1:1. ქართველი შემტევი 75-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენებური აქტიურობდა, მაგრამ უშედეგოდ.

* * *
პოლონეთში ისევ არ ჩანს ლადო დვალიშვილი. ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია, მისმა "ლეგიამ" კი "შლიონსკის" 2:1 მოუგო.

პოლონეთშივე "იაგიელონიამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "ზაგლებიესთან". გიორგი ფოფხაძე 59-ე წუთამდე თამაშობდა, ხოლო 74-ე წუთებზე გამოჩნდა ტრავმამოშუშებული ნიკა ძალამიძე. სწორედ ამის შემდეგ გაათანაბრა "იაგიელონიამ", რომელიც 15 ქულით მე-5 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ძალამიძემ 7 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, ანუ თითქმის 10-თვიანი პაუზის შემდეგ!

* * *
ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში, რომელიც ქართველის "კრილია სოვეტოვმა" 0:2 დათმო.

"რუბინის" შემადგენლობაში სასტარტოში ითამაშა საბა კვირკველიამ, თუმცა მისი გუნდი სტუმრად 0:1 დამარცხდა "კრასნოდართან".

"ანჟი" 2:2 დაუზავდა "ამკარს", გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა რიგებში.

* * *
ქართული გოლი გავიდა ესტონურ მეისტრილიგაში - "პაიდემ" შინ 4:1 გაანადგურა "კურესაარე". მასპინძელთა მესამე გოლი 87-ე წუთზე 23 წლის ფორვარდ თენგიზ ეთერიას ანგარიშზეა.

"პაიდე" 31 თამაშიდან 41 ქულით მე-5 ადგილზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება, ქართველის გუნდი კი ვერც წინ წავა და არც დაქვეითდება. ეს ესტონეთის ჩემპიონატში ამ სეზონში პირველი ქართული გოლია.

ლატვიაშიც გავიდა ქართული გოლი - მართალია, "ილიუკსტემ" წააგო 1:3 "იელგავასთან", მაგრამ სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი ჩვენთვის საინტერესოა - გიორგი ხუმარაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული