ლეგიონი: მხსნელი მათე ვაწაძე, მეპასე ჯანო ანანიძე [VIDEO]

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგაში ჩვენთვის საინტერესო მატჩი იუტლანდიის ქალაქ რანდერსში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი გუნდი ქართველთა "ორჰუსს" მასპინძლობდა. "ორჰუსში" დავით დევდარიანი (ტრავმირებულია), მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე თამაშობენ.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. პეტერ სორენსენმა ვაწაძე თამაშში 59-ე წუთზე ჩართო, ხოლო სხირტლაძე - 72-ეზე.

ვაწაძეს ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ თავურით ვერც ერთხელ მიაღწია მიზანს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში მათეს უიღბლობა დასრულდა, საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას დაასწრო, "ორჰუსს" ქულა გადაურჩინა და 7 ათას გულშემატკივარს გული დაწყვიტა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ქართველთა გუნდს
11 თამაშიდან 15 ქულა აქვს.

24 წლის მათე ვაწაძისთვის ეს პირველი გოლია სეზონში და მე-4 დანიურ კარიერაში (მხოლოდ ჩემპიონატს ვგულისხმობთ). ბოლოს მან "ესბიერგს" გაუტანა ზუსტად შვიდი თვის წინ.

ჯანო-ძიუბა, ჯანო-ძიუბა
რუსულ პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი ქართველი გამოირჩა, ჯანო ანანიძე. მისი "როსტოვი" სტუმრად ორჯერ უგებდა "ყუბანს", მაგრამ საბოლოოდ სამი ქულა ვერ შეინარჩუნა - 2:2.

სტუმართა ორივე გოლი არტიომ ძიუბამ გაიტანა და ორჯერვე ასისტენტობა ჩვენებურმა გაუწია.

მე-19 წუთზე ჯანომ საჯარიმომდე იარა, იქიდან რბილად ჩააწოდა ფორვარდს, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ანგარიში გახსნა.

დაახლოებით იგივე გამეორდა 51-ე წუთზე, ჯანომ ისევ რბილად ჩააწოდა, ძიუბამ ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი და მეორით მეკარეს ფეხებშუა გაუტარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ჯანო ანანიძის ანგარიშზე რუსულ პრემიერლიგაში 11 თამაშში 1 გოლი და 5 საგოლე პასია. მეტი საგოლე პასი რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ "ზენიტის" პორტუგალიელ ვარსკვლავ დანის (6) აქვს.

ცინცაძის გასროლა
ლატვიის ვირშლიგაში ქართული გოლი გავიდა: დაუგავპილსის "დაუგავამ" იურმალაში ადგილობრივ "სპარტაკსს" აჯობა - 2:0.

38-ე წუთზე ანგარიში გახსნა ბიძინა ცინცაძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, ისევე, როგორც მისმა თანაკლუბელმა გიორგი ჩიხრაძემ.

მამუკა ღონღაძე კი "დაუგავას" რიგებში მე-80 წუთზე გამოჩნდა.

ბიძინა ცინცაძე 24 წლის მცველია. ბოლო გოლი მას შარშან, აგვისტოში ჰქონდა გატანილი. ლატვიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება, "დაუგავა" 45 ქულით მყარად მესამე ადგილზეა.

გაცილებით მნიშვნელოვანი იყო "სკონტოსა" და "ვენტსპილსის" დაპირისპირება. ორი ლიდერის თამაში ფრედ დასრულდა - 1:1.

შეგახსენებთ, რომ "სკონტოს" თამაზ პერტია წვრთნის. მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ირაკლი კლიმიაშვილმა ითამაშა და ისიც 38-ე წუთზე პერტიამ შეცვალა, ლადო დათუნაშვილი სათადარიგო იყო. სათადარიგო იყო "ვენტსპილსის" ქართველიც - თორნიკე თარხნიშვილი.

"სკონტო" 55 ქულით ლიდერია და "ვენტსპილსს" 3 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტი აქვს გამართული.

მნიშვნელოვანი მატჩი წააგო "ილიუკსტემ". ეს გუნდი ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტთან (მატე) შინ 1:2 დამარცხდა. გიორგი ხუმარაშვილმა, ჯემალ ჯალიაშვილმა და გიორგი ტუხაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუშინ ჯანოს თამაშს რო ვუყურებდი მეამაყებოდა, რომ თანამემამულეები ვართ. რუსი კომენტატორი გამოაშტერა
შაკო
09:59 07-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული