ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას გოლი ჰოლანდიის თასზე

AutoSharing Option
ჰოლანდიის თასზე (1/16-ფინალი) "ვიტესმა" ქვედალიგელ "ნოორდვაიკს" უმასპინძლა და გააცამტვერა - 5:0.

ვალერი ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. გიორგი ჭანტურია მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში და 72-ე წუთზე ანგარიში 3:0-მდე გაზარდა.

გურამ კაშია სათადარიგოთა შორის იყო.

* * *
პორტუგალიის ლიგის თასზე ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა "მორეირენსე" - 4:3. მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ. გამარჯვების გოლი მე-5 დამატებულ წუთზე გავიდა. ქართველი შემტევი 67-ე წუთზე შეცვალეს.

გადავინაცვლოთ რუსეთში, სადაც თასის მერვედფინალში გავიდა ჩვენებურების "სკა ენერგია", რომელმაც დამაჯერებლად სძლია პრემიერლიგელ "ვოლგას" - 2:0.

გოგიტა
გოგუამ
და გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშეს.

პრემიერლიგის კიდევ ერთი ბინადარი, რომელიც თასიდან გავარდა, ყაზანის "რუბინია" - სტუმრად 2:4 წააგო "ლუჩ ენერგიასთან". ყაზანელთა ქართველი მცველი საბა კვირკველია თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო.

"როსტოვმა" ჯანო ანანიძის გარეშე მოუგო (1:0) I ლიგის აუტსაიდერ ნაზრანის "ანგუშტს". ქართველი განაცხადშიც არ ყოფილა.

გათამაშებას გამოეთიშა ორენბურგის "გაზოვიკი", რომელმაც "ტომთან" დამატებით დროში დათმო - 0:1. ჩვენებური ნახევარმცველი ზურაბ არზიანი თადარიგში იყო.

სარანსკის "მორდოვიამ" კი, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ სრულად ითამაშა, პენალტების სერიაში პერმის "ამკარი" დაამარცხა და ბრძოლას აგრძელებს.

* * *
ხორვატიის თასის მერვედფინალში სპილიტის "ჰაიდუკი" ქვედალიგელ "ვინოგრადარს" შეხვდა და ოდენ დამატებით დროში გამოგლიჯა გამარჯვება.

იგორ ტუდორმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა, თუ არ ჩათვლით ჩვენებურ გიორგი ილურიძეს, რომელსაც არ უთამაშია.

* * *
პოლონეთში ექსტრაკლასას მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" "ზავიშასთან" სტუმრად 1:3 წააგო. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში კი იყო, თუმცა თავისიანებს ვერაფრით შეეწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული