იქაურ პრემიერლიგაში მოთამაშე ერთადერთი ქართველის, გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუმ" ქვედა ექვსეულში მე-2 ადგილი დაიკავა და ყაზახურ ელიტაში ადგილი უპრობლემოდ შეინარჩუნა. მან 32-დან 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
"გიორგი ფეიქრიშვილი "ატირაუს" გულშემატკივართა კერპია. 2009 წელს მან გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მაშინ "ატირაუმ", თავისი არსებობის ისტორიაში, ერთადერთი ტიტული - ქვეყნის თასი მოიპოვა.
გიორგი ახლაც ფორმაშია და ქომაგებს კვლავ ახარებს ლამაზი, სასარგებლო და ნამდვილი ფეხბურთით. ამის გამო მას სიყვარულით "ბიდჯოს" (ანუ "ბიჭოს" - რედ.) ეძახიან", - წერს ყაზახური ინტერნეტგამოცემა sports.kz.
"ყაზახეთში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ უმძიმესი ტრავმის გამო ორი ოპერაცია დამჭირდა და სეზონი გამიცდა. საქართველოში ამიტომ დავბრუნდი.
ჯერ იყო ბოლნისის "სიონი", შემდეგ ქუთაისის "ტორპედო", მაგრამ იანვარში ისევ "ატირაუში" მიმიწვიეს. აქ ხალხი მცნობს და არ ვტრაბახობ - მაფასებს. რამდენიმე ძველი ნაცნობი ფეხბურთელიც დამხვდა და ამიტომ ადაპტაცია არ გამჭირვებია", - უთხრა "ლელოს" ფეიქრიშვილმა.
გიორგიმ ყაზახური ფეხბურთის წინსვლაზეც ილაპარაკა:
"ადრე ქართველ მოთამაშეებს ყაზახეთში თამაში ეთაკილებოდათ, მაგრამ ბოლო წლებში აქ დიდი ფული ჩადეს ფეხბურთში, სტადიონები, ბაზები ააშენეს და ისეთი ფეხბურთელები და მწვრთნელები ჩამოიყვანეს, წლიდან წლამდე ჩემპიონატის დონე სულ უფრო მაღლა იწევს.
ამის ლოგიკური შედეგი იყო, ყარაღანდის "შახტიორი" ევროპის ლიგაში რომ გავიდა. "ატირაუც" წინ მიდის და მიმაჩნია, რომ მომავალ სეზონში ბევრად ძლიერი გუნდი იქნება.
ყაზახეთმა საქართველოს ნაკრებს რომ მოუგო, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ყაზახები ფეხბურთს სერიოზულად მოეკიდნენ და პირველი შედეგებიც მოიმკეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"