ლეგიონის უქმეები: ალექსანდრე იაშვილისა და ლადო დვალიშვილის გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერებს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ. გამოსარჩევად ლადო დვალიშვილისა და ალექსანდრე იაშვილის გოლები თუ გამოდგება.

გერმანია
ბუნდესლიგის მორიგ ტურში "ჰერტამ" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და 0:1 წააგო. ბერლინელთა შორის არ უთამაშია ლევან კობიაშვილს - განაცხადშიც არ ყოფილა.

II ბუნდესლიგაში ლევან ყენიას "ფორტუნა" მთლად ხელიდან წავიდა - ამჯერად "აუესთან" სტუმრად 0:3 წააგო და მე-13 ადგილზეა. თავად ყენიას კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

III ლიგაში "უნტერჰახინგი" სტუმრად "ოსნაბრიუკთან" დამარცხდა - 1:3. 19 წლის ლუკას ჰუფნაგელმა სრულად ითამაშა მეორე ტაიმი, თუმცა თავისიანებს ხელი
ვერაფრით გაუმართა. 17 ტურის შემდეგ "უნტერჰახინგი" მე-4 ადგილზეა და II ბუნდესლიგაში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

იტალია
სერია B-ში ქართველების "ემპოლიმ" სტუმრად მოუგო (3:1) "სპეციას" და რაკი კვირას "პალერმომ" საკუთარ მოედანზე "ლატინასთან" წააგო, ტოსკანელები ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

ლევან მჭედლიძის სათამაშო დრო არ გაზრდილა - მწვრთნელმა ის 82-ე წუთიდან შეიყვანა. რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, ის ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა.

ჰოლანდია
ერედივიზიონში ქართველების "ვიტესი" წარმატებულ სერიას აგრძელებს. 24 ნოემბერს პეტერ ბოსის გუნდმა ზედიზედ მესამე (ყველა სტუმრად) გამარჯვება მოიპოვა - ამჯერად "იგლზი" დაჯაბნა 3:0 და პირველი პოზიცია შეინარჩუნა.

ჩვენებურებიდან ძირითადში მხოლოდ გურამ კაშია იყო. გიორგი ჭანტურია 75-ე წუთიდან გამოჩნდა, ვალერი ყაზაიშვილი კი მწვრთნელმა 82-ე წუთზე ჩართო თამაშში. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო.

პორტუგალია
"მარიტიმუ"-"ჟილ ვისენტეს" შეხვედრაში (3:2) სტუმართა შორის არ უთამაშია 22 წლის შემტევ ავთო ებრალიძეს, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

რუსეთი
რუსულ პრემიერლიგაში ჯანო ანანიძის "როსტოვმა" პარასკევს ითამაშა და სენსაციაც "გამოაცხო" - ჩემპიონატის ფავორიტ "ზენიტს" სტუმრად 2:0 მოუგო. სამწუხაროდ, ამან ქართველის გარეშე ჩაიარა. ანანიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

შაბათს "რუბინმა" ტომსკში 1:0 მოიგო. სტუმართა თავკაც ყურბან ბერდიევს ქართველი სოლომონ კვირკველია ამჯერად დროის გასაყვანად დასჭირდა - მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო იწურებოდა, როცა მოედანზე შეუშვა.

ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია" ძლივს გადაურჩა მარცხს ეკატერინბურგში - 1:1 "ურალთან", რაც სამარელთა მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს. ჩვენებური მცველი 71-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონში "სკა ენერგიამ" სტუმრად აჯობა (1:0) "სიბირს" და 24 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-8 ადგილზეა. გამარჯვებულთა შორის ტრავმის გამო არ უთამაშია მარცხენა მცველ გიორგი ნავალოვსკის, გოგიტა გოგუა კი მე-10 წუთზე გააფრთხილეს (მეშვიდედ მიმდინარე სეზონში!), ხოლო 62-ე წუთზე შეცვალეს. გოგუამ 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ამავე ანგარიშით და ასევე სტუმრად გაიმარჯვა ზურაბ არზიანის "გაზოვიკმაც" (ორენბურგი). 26 წლის ჩვენებური ნახევარმცველი 65-ე წუთზე შეცვალეს. 24 ტურის შემდეგ 32 ქულით "გაზოვიკი" მე-9 ადგილზეა.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო (1:0) ნალჩიკის "სპარტაკმა" და გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა. უშუალო კონკურენტ "ენისეისთან" საშინაო დაპირისპირებაში 64-ე წუთიდან ითამაშა 31 წლის ფორვარდმა დავით სირაძემ, რომელსაც მოედანზე შესვლიდან შვიდ წუთში ყვითელი ბარათი უჩვენეს.

აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" საკუთარ მოედანზე 4:2 მოუგო "შინიკს" და პრემიერლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. პირველ ადგილზე მყოფი სარანსკელები 9 ქულით უსწრებენ "ალანიას", რომელიც დაიშალა და ყველა დარჩენილ შეხვედრაში 0:3 ჩაეთვლება. ამის შემდეგ მოდის 3 გუნდი ("არსენალი", "შინიკი", "ლუჩ ენერგია"), რომელსაც 40-40 ქულა აქვს. რაც შეეხება 27 წლის ხუბუტიას, შაბათის მატჩში მან სრულად ითამაშა.

მერაბ ურიდიას "ნეფტეხიმიკმა" "სალიუტთან" სტუმრად ქულა (0:0) კი აიღო, მაგრამ კვლავ სავალალო მდგომარეობაშია და გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის. 20 წლის ქართველი შემტევი მწვრთნელმა მხოლოდ 87-ე წუთიდან ათამაშა.

უკრაინა
უკრაინული პრემიერლიგის XVII ტურში "დნიპრომ" შინ 3:1 სძლია მარიუპოლის "ილიჩევეცს" და 15 მატჩის შემდეგ 34 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს "მეტალისტთან". არადა, დაკარგული ქულების მიხედვით, ორივე ეს გუნდი პირველ-მეორე ადგილებზეა (ორ-ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

"დნიპროში" სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, სანდრო კობახიძე კი მატჩის ბოლომდე სათადარიგოდ დარჩა. სამწუხაროდ, დნეპროპეტროვსკში ვერ შედგა "ქართული" დერბი, რადგან "ილიჩევეცის" ქართველები, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე, განაცხადშიც არ ყოფილან.

"კარპატიმ", რომელსაც 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი დაუბრუნდა, საკუთარ მოედანზე 2:2 ითამაშა დონეცკის "მეტალურგთან" და 17 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-10 ადგილზეა. დაუშვილი სათადარიგოთა შორის იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" სტუმრად ვერაფერი გააწყო "შახტართან" - 0:4. 24 წლის ქართველი თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო. 17 თამაშიდან 19 ქულით "სევასტოპოლი" მე-11 ადგილზეა.

პარასკევს ითამაშა "ზორიამ", რომლის ღირსებას 25 წლის შემტევი ჯაბა ლიპარტია იცავს. ლუგანსკელებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" საგარეო მატჩი 1:1 დაასრულეს. ლიპარტია კი მხოლოდ განაცხადში იყო. "ზორიას" 17 თამაშიდან 24 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

თურქეთი
თურქულ პრემიერლიგაში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო, თანაც სტუმრად - 2:0 "რიზესფორთან". ვეტერანმა ქართველმა დაცვის მარჯვენა ფლანგზე სრულად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

"ქასიმფაშამ" კი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ჩემპიონატში ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ შაბათს სტუმრად 1:1 ითამაშა "ბურსასფორთან" და საკვირაო მატჩების მიუხედავად, მეორე ადგილზე დარჩა.

დანია
დანიურ სუპერლიგაში ჩვენებურების "ორჰუსმა" ბოლოსწინა წუთზე არ დაანება გამარჯვება "ვესტსიელანდს" - 2:2. დავით დევდარიანმა 59-ე წუთიდან ითამაშა, დავით სხირტლაძე 76-ეზე შეუშვა მწვრთნელმა, მათე ვაწაძე კი ბოლომდე სკამზე დატოვა.

პოლონეთი
აქაურ მთავარ ლიგაში (ექსტრაკლასა) მე-9 გოლი (13 მატჩში) გაიტანა ლადო დვალიშვილმა, რომლის "ლეგიამ" შინ 3:1 სძლია "პოგონს" და პირველი პოზიცია განიმტკიცა. დვალიშვილის ზუსტი დარტყმა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც მანამდე მასპინძელი 2:1-ს იგებდა, ქართველის გოლმა კი "ლეგიას" შვება მოჰგვარა და მატჩი შედარებით მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იმავე დღეს და იმავე ანგარიშით "იაგელონია" საკუთარ მოედანზე "შლასკს" გაუმკლავდა. ქართველებიდან ითამაშა მხოლოდ გიორგი ფოფხაძემ (90 წუთი). რაც შეეხება ნიკა ძალამიძეს, ის ტრავმირებულია.

17 თამაშიდან 22 ქულით "იაგელონია" მე-8 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ძირითადი ეტაპის შემდეგ ექსტრაკლასა ორ ჯგუფად (თითოში 8 გუნდი) გაიყოფა, რის შემდეგაც გუნდების ერთი ნაწილი მედლებისა და ევროსაგზურებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, დანარჩენები კი - ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

აზერბაიჯანი
შაბათს ბაქოში დერბი იყო - ქართველების "ინტერი" "ნეფთჩის" შეხვდა და 3:1 მოუგო. კახა ცხადაძის თავკაცობით, "ინტერმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო და მკვეთრად გამოიკეთა სატურნირო მდგომარეობა - 14 თამაშიდან 20 ქულით მეხუთე ადგილზეა და მესამე საფეხურზე მყოფ "გაბალას" 6 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან "ნეფთჩის" კი - რვით.

ქართველებიდან გიორგი ლომაიამ, ალექსანდრე იაშვილმა და ბაჩანა ცხადაძემ ითამაშეს. ლომაიამ დასანანი გოლი გაუშვა, სამაგიეროდ, გაიტანა (მე-2 გოლი 13 მატჩში) იაშვილმა - მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ანგარიში 3:1 გახადა, რაც "ინტერისთვის", ფაქტობრივად, საბოლოო გამარჯვების გარანტია იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება ბაჩანა ცხადაძეს, მთავარმა მწვრთნელმა ფორვარდი ვაჟი საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე შეუშვა მოედანზე.

ჩემპიონატის ლიდერი "ყარაბაღი" კი ერთ-ერთ აუტსაიდერ "რავანს" ვერ გაუმკლავდა - 0:0. მასპინძელთა შორის საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმა 83-ე წუთამდე ითამაშა.

ხორვატია
"ჰაიდუკმა" შინ მოულოდნელად დაკარგა ქულები ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოსიეკთან" - 1:1. მასპინძელთა შორის გიორგი ილურიძემ სრულად ითამაშა მეორე ტაიმი, თუმცა, თანაგუნდელების არ იყოს, ისიც ვერაფერს გამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბაიას ზოგიერთი მეხოტბე წერს, საწყალი ქეცბაო!

--ქეცბაიას რააქვს საწყალი! საწყალი ქართველი გულშემარკივარია უტვინო მწვრთნელისა და ასეთი უპასუხისმგებლო ახალგაზრდების ხელში!
-მაგრამ ქეცბას მეხოტბეებს სადა გაქვთ მაგდენი ვაჟკაცობა, რომ თეთრზე თეთრი თქვათ და შავზე შავი!
0
მაგარია....ჩვენ კიდე მწრვთნელს ვთხოვთ რომ რამე შედეგი ქონდეს ეროვნულ ნაკრებში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული