რა ხდება თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის თავს?

AutoSharing Option
უკრაინული პრემიერლიგის XVII ტურში დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შინ მარიუპოლის "ილიჩევეცს" 3:1 რომ მოუგო, სტუმართა განაცხადში არ იყვნენ ქართველი ლეგიონერები - თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე.

ამის მიზეზებზე, გადაცემა "2+2"-ში, საკმაოდ მყვირალა კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა:

"ორი ქართველი - ოქრიაშვილი და თარგამაძე, ნაკრებში წასვლის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. უკვე ერთი თვეა, რაც მსურს, რომ მათ სხვა გუნდში თამაშის საშუალება მივცე. ისინი ფიქრობენ, რომ "ილიჩევეცის" დონისთვის "გადაიზარდნენ".

პავლოვის სიტყვებმა დაგვაბნია, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეს ფეხბურთელები ბოლოს ესპანეთთან 15 ოქტომბრის შეხვედრაზე
გამოიძახეს. პლუს, ოქრიაშვილს ახალგაზრდულ ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძემ, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჰოლანდიასა და შოტლანდიასთან მატჩებისთვის უხმო. მაშინ შეკრებაზე არც ერთი არ გამოცხადებულა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ გვითხრა, რომ ოქრიაშვილი "ილიჩევეცის" ვარჯიშზე დაშავდა და ახალგაზრდულს ვერ დაეხმარებოდა.

გაუგებრობას იწვევს ის ფაქტიც, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ, 23 ოქტომბერს, თარგამაძე "ილიჩევეცის" ორმხრივ თამაშშიც მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია თავად კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა და უკრაინულმა წყაროებმაც გაავრცელეს - "წითლები", სადაც თარგამაძე თამაშობდა, "მწვანეებთან" 0:2 დამარცხდნენ და საქართველოს ნაკრების შემტევმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ეგ არის, რომ მოედანზე არ ყოფილა ოქრიაშვილი, რისი მიზეზიც უცნობი იყო. მანამდე საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დონეცკის "შახტართან" მე-13 ტურის შეხვედრაც გამოტოვა.

მაშინ "ლელომ" შემოგთავაზათ უკრაინული მედიისთვის ოქრიაშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც აცხადებდა, რომ "ილიჩევეციდან" წასვლა სურდა:

"ილიჩევეცში" თავს კარგად ვერ ვგრძნობ. იქაურ ვითარებას ვერ ვეწყობი და ვერ ვთამაშობ ისე, როგორც მინდა, რადგან შემტევი ფეხბურთი იგნორირებულია. ისევ დონეცკის "შახტარში" რომ ვიყო, დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა. "ილიჩევეცი" კი არის გუნდი, რომელიც დღესდღეობით არ მომწონს და სხვა შემოთავაზებას ველოდები. ზამთრამდე მოვითმენ და მერე, ალბათ, რაღაც გამოჩნდება. ვეძებ კლუბს, სადაც ჩემს შესაძლებლობებს 100%-ით გამოვავლენ. შემოთავაზება მაქვს საფრანგეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის კლუბებიდან".

8 ნოემბერს, ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მოგების (3:1) შემდეგ კი, ტელეკომპანია "პროფუტბოლთან" პავლოვმა შემდეგი ბრძანა:

"ოქრიაშვილი და თარგამაძე არ ვარჯიშობენ. ისინი ნაკრებიდან ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ და მას შემდეგ მკურნალობენ. დღევანდელი მატჩის შემდეგ მათ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდებათ".

პავლოვის ბოლო კომენტარი ოქრიაშვილის ოჯახში გაიკვირვეს - თორნიკეს მენისკი აწუხებდა, მაგრამ მარიუპოლში იყო, იქვე მკურნალობდა და ეს პავლოვმა როგორ არ იცისო?

ისიც შევიტყვეთ, რომ ოქრიაშვილი ახალ წლამდე ვერ ითამაშებს და რომ მას და თარგამაძეს "ილიჩევეცში" დარჩენა თავად აღარ სურთ.

ოქრიაშვილს რუსეთიდან კონკრეტული წინადადება აქვს. უკრაინელებთან მოლაპარაკებას თარგამაძის აგენტიც აწარმოებს, მაგრამ სად ითამაშებენ და მოახერხებენ თუ არა კლუბის დატოვებას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

მაგრამ სიმართლე ითქვას, ბოლომდე მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ არ ჩამოვიდნენ ნაკრებში, სად დაშავდნენ, ახლა რატომ არ ვარჯიშობენ და საერთოდ, რა ხდება "ილიჩევეცის" ქართველი ლეგიონერების თავს?

შეგახსენებთ, რომ ორივე ქართველი "ილიჩევეცში" იჯარით თამაშობს. მათი ტრანსფერი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ილიჩევეცის" თავკაცი: ოქრიაშვილი და თარგამაძე ერთი თვეა, არ გამოჩენილან
თორნიკე ოქრიაშვილი: აქ თავს კარგად ვერ ვგრძნობ
მკითხველის კომენტარები / 6 /
სტანდარტული შემთხვევაა მემგონი. იშოვეს ბიჭებმა რაღაც მიზერი ფული და გონიათ რომ ძალიან მაგრები არიან. რასაც მაისურაძე ამბობს მართალია, ВМШ ს ფული თუ იშოვა ტიპ,ა, მანდ მთავრდება კარიერაო. ამაზე მეტი გაქანება არ აქვთ. სამწუხაროა ძალიან
0
პოზიორობას თავი დაანებონ და ივარჯიშონ.
malxazi
09:28 27-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული