გოგიტა გოგუა რუსეთის პრემიერლიგაში ბრუნდება?

AutoSharing Option
გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ლიდერი და წამყვანი მოთამაშე გახდა. გუნდი თუ იგებს, რუსული მედია ყოველთვის 30 წლის ქართველის თამაშს გამოარჩევს. მან 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და "ვანდივიზიონმა" ლიგის სიმბოლურ ნაკრებში 4-ჯერ დაასახელა.

შევიტყვეთ, რომ გოგუას მიმართ ინტერესი რუსეთის პრემიერლიგის კლუბებმა გამოიჩინეს და ხაბაროვსკელებთან მოლაპარაკებაც დაიწყეს, მაგრამ "სკა ენერგიას" ხელმძღვანელობა მაისამდე გაფორმებული კონტრაქტის დარღვევასა და ქართველი ნახევარმცველის გაშვებას არ აპირებს.

თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში. საქმე ისაა, რომ ამჟამად ხაბაროვსკული კლუბი ლიგაში მე-8 ადგილზეა და მართალია,
პრემიერლიგაში გადასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მაგრამ ეს მაინც მიზერული იმედია; ამავე დროს, გავარდნის საფრთხეც აღარ ემუქრება.

ძნელი სათქმელია, ასეთ დროს, ხაბაროვსკელები წამყვანი მოთამაშის ტრანსფერზე უარს რატომ უნდა ამბობდნენ.

ვითარებიდან ისე ჩანს, რომ კლუბი ვაჭრობს. სხვათა შორის, გოგუამ "ვანდივიზიონთან" ინტერვიუში რუსეთის პირველი ლიგა ასე დაახასიათა:

"მინდა, პრემიერლიგაში დავბრუნდე, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოვახერხე. საერთოდ, პირველ ლიგაში თამაში ძალიან ძნელია. ეს როგორ ავხსნა... ფეხბურთელები ბევრს, მაგრამ უაზროდ დარბიან".

ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, მალე "სკა ენერგიაში" კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს. მისი გვარი ჯერ ვერ დავაზუსტეთ, მაგრამ ლაპარაკია საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთ ფეხბურთელზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები! მე მჯერა ამ კაცის!!!!
guja_kakhadze
12:45 03-12-2013
0

სიახლეები პოპულარული