ლეგიონის უქმეები: კობი მხსნელი, სასწაულმოქმედი შოთა, ლიდერი კაშია

AutoSharing Option
ზამთარმა ძალა მოიკრიბა და ქართული ლეგიონიც მნიშვნელოვნად დაიფერთხა - რუსეთ-უკრაინაში შესვენებაა, ჩვენებურთა დიდი ნაწილი კი სწორედ ამ ორ ქვეყანაში აგორებს ბურთს...

სულ 9 წუთი და მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო გაატარა მოედანზე ბუნდესლიგის "ბებერმა ხარმა", ლევან კობიაშვილმა, თუმცა ყველაზე მეტი სათქმელი მის თამაშზე დაგვიგროვდა.

კობის 50-ე, ბერლინური
თითქმის ორთვიანი უთამაშებლობის შემდეგ ლევან კობიაშვილი მინდორს დაუბრუნდა - 36 წლის ვეტერანმა ამ სეზონში მესამედ ითამაშა, "ვერდერთან" 3:2 მოგებულ შეხვედრაში ბოლო 9 წუთი გაისარჯა (ნორვეგიელი სკიელბრედის ნაცვლად შევიდა).

სხვათა შორის, 3 ქულა სწორედ კობიმ
იხსნა ბოლო წუთებზე: 87-ე წუთზე "ჰერტას" მეკარე თომას კრაფტიც უძლური იყო, რომ არა ქართველი - მან კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

სამწუხაროდ, ჩვენებურს იმდენი ხანი არ უთამაშია, რომ "შპორტალს" მისთვის შეფასება დაეწერა. სხვათა შორის, ეს იყო ლევანის 50-ე მატჩი ბუნდესლიგაში "ჰერტას" მაისურით. აი, რას წერს "ჰერტას" ოფიციალური ვებგვერდი ამასთან დაკავშირებით:

"დღეს მხოლოდ იოს ლუჰუკაის არ ჰქონდა საიუბილეო მატჩი, ვეტერანი ლევან კობიაშვილიც "იუბილარია" - მან 50-ედ ითამაშა ბუნდესლიგაში "ჰერტას" მაისურით.

"კობიმ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასეთ მცირე დროშიც სასარგებლოა გუნდისთვის - ბოლო წუთებზე კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და "ჰერტას" 3 ქულა შეუნარჩუნა.

კომენტარისას 36 წლის ფეხბურთელი, როგორც ყოველთვის, მოკრძალებული იყო: "ძალიან კარგი იყო. ბოლოსკენ გამარჯვების შენარჩუნება გვსურდა და ჩვენ ეს შევძელით.

საინტერესო მატჩი იყო, განსაკუთრებით კი, გულშემატკივრებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ეს იყო ჩვენი წლის ბოლო თამაში შინ".

"ყველამ იცის, რაც შეემთხვა "ვერდერს" წინა ტურში, თუმცა ეს გუნდი რომ ძლიერია, თქმა არ უნდა, ეს ჩვენს კარში ორმა გოლმაც დაადასტურა. თუმცა "ჰერტამ" კარგად გამოიყენა მეტოქის სუსტი თამაში დაცვაში.

წლის ბოლო მატჩი ძალიან რთული გველის, დორტმუნდში "ბორუსიას" წინააღმდეგ, თუმცა ჩვენი მიზანი ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება იქნება. ყოველ ფეხბურთელს სურს "ჰერტაში", რომ სეზონი პოზიტიურად დავასრულოთ. ეს ჩვენი მიზანია და ვნახოთ, რა მოხდება".

II ბუნდესლიგაში "ფორტუნას" მატჩები ლევან ყენიას გარეშე მიმდინარეობს. ოლივერ რეკის გუნდმა სტუმრად 3:1 დაამარცხა "ენერგი". ქართველი ტრავმირებულია და წლეულს ვეღარ ითამაშებს.

III ბუნდესლიგაში "უნტერჰახინგი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ხემნიცერს". სტუმართა ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი სათადარიგო იყო.

დაკარგული ლიდერობა
სერია B-ს მე-18 ტურში ქართველთა "ემპოლიმ" ლიდერობა დაკარგა, რადგან შინ "ჩეზენა" ვერ დაამარცხა - 0:0. "ემპოლის" (33 ქულა) ქულით გაუსწრო "პალერმომ".

ლევან მჭედლიძე თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო. 87-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა. "ტოსკანა კალჩომ" მჭედლიძის თამაში 5,5 ბალით შეაფასა.

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" 16 დეკემბერს ესტუმრება "ეშტორილს". "ჟილ ვისენტეს" 12 თამაშიდან 18 ქულა აქვს.

მხოლოდ კაშია
არნემის "ვიტესმა" 5-გოლიან თრილერში "ბრედა" დაამარცხა და "აიაქსთან" 2-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. "ვიტესმა" 3:2 იმარჯვა და კვლავ ლიდერია.

გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც წინა 16 ტურში. პირველ ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო.

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიას, მათ კვლავ არ მიეცათ თამაშის საშუალება, ორივე სათადარიგო იყო. არადა, მწვრთნელმა პეტერ ბოშმა მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

როგორც ჩანს, გუნდიდან მერაბ ჟორდანიას წასვლის მერე ქართველ ლეგიონერთა მდგომარეობის გაუარესებას უნდა ველოდოთ. ეს, რა თქმა უნდა, არაფრით ეხება კაშიას, რომელიც "ვიტესის" უდავო ლიდერია.

შოთამ "ბეშიქთაშს" შემოუტრიალა
შოთა არველაძის "ქასიმფაშა" სასწაულებს სჩადის თურქეთში - ქართველი მწვრთნელის გუნდმა შინ ტაიმის 0:1 წაგების მერე, თურქულ გრანდ "ბეშიქთაშს" 2:1 მოუგო.

მართალია, სტუმრებმა 9 კაცით ჩაამთავრეს შეხვედრა, მაგრამ ორივე გაძევება საბოლოო ანგარიშის დაფიქსირების მერე მოხდა. "ქასიმფაშა" 30 ქულით მეორე ადგილზეა.

პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერმა "ლეგიამ" იოლად სძლია "კრაკოვიას" - 4:1. სამწუხაროდ, თავი ვერ გამოიჩინა ლადო დვალიშვილმა, რომელიც 68-ე წუთამდე მოედანზე იყო.

ლადოს 23 ნოემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია. არადა, პირველ ტაიმში მას თავის გამოჩენის დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ძელს გაარტყა ბურთი.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისი" სტუმრად "ერმისს" დაუზავდა - 0:0.

გრიგალაშვილმა 66-ე წუთამდე ითამაშა, მერე კი ის ისრაელის მოქალაქე არგენტინელმა რობერტო კოლაუტიმ შეცვალა. "ანორთოსისს" 26 ქულა აქვს.

ხორვატიაში გიორგი ილურიძის "ჰაიდუკმა" შინ 2:2 ითამაშა "რიეკასთან". ჩვენებურმა მეორე ტაიმში ითამაშა.

აუცილებლად მოსაგები
აზერბაიჯანში კახა ცხადაძის "ინტერმა" უპრობლემოდ მოუგო აუტსაიდერ "სუმგაითს" - 2:0. "ინტერის" სასტარტოში ორი ქართველი იყო: ლაშა სალუქვაძე და ალექსანდრე იაშვილი. იაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ლომაია კი ამჯერად სათადარიგო იყო.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ცხადაძე ტრავმირებულია. "ინტერი" 27 ქულით უკვე მე-4 ადგილზეა.

ნიკოლოზ გელაშვილის "ყარაბახი" სტუმრად "ბაქისთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და მსაჯს ყვითელ ბარათს გამორჩა. ამ წაგებით გელაშვილის გუნდმა ლიდერობა "ნეფთჩის" გადაულოცა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა აზალ-თან - 3:0. საქმე იმაშია, რომ ქართველ მწვრთნელს კლუბის პრეზიდენტმა უკანასკნელი გაფრთხილება მისცა, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა - ჩიხრაძემ ზამთრის პაუზამდე კიდევ ერთი თამაში უნდა მოიგოს, "რევანის" წინააღმდეგ.

"კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ რთულ მეტოქესთან. უნდა მოგვეგო და მიზანს მივაღწიეთ. მადლობა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც ასეთ ცივ ამინდშიც ბოლომდე გვიჭერდნენ მხარს", - განაცხადა ჩიხრაძემ მატჩის შემდეგ.

უშუალო კონკურენტ აზალ-ს გადაასწრო და ქართველი მწვრთნელის გუნდმა 22 ქულით მე-6 ადგილზე აინაცვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული