ზოგი იანვრის შუაწელამდე დაისვენებს, ზოგი თებერვლამდე, ზოგიც მხოლოდ მარტიდან ჩაებმება ბატალიებში.
ხელიდან გაშვებული გამარჯვება
ჰოლანდიის ერედივიზიეს ლიდერი, ქართველთა "ვიტესი" სტუმრად 2:0-ს უგებდა "ჰერაკლესს", მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულები დაკარგა - 2:2.
პეტერ ბოშმა თასზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, სასტარტოში დააყენა კაპიტანი გურამ კაშია; ასევე სასტარტოში იყო ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც 90-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ შეცვალა.
სტუმართაგან გოლები ვან აანჰოლტმა და ლუკას პიაზონმა გაიტანეს. "ვიტესს" 37 ქული აქვს.
კობი:
2013 წლის ბოლო ტურის წინ ბერლინის "ჰერტას" ქართველი ლეგიონერი ლევან კობიაშვილი ამბობდა, რომ მის გუნდს წლის დასრულება პოზიტიურად სურდა - დორტმუნდში "ბორუსიას" ძლევით.
ყველაფერი მართლაც ასე მოხდა - "ჰერტამ" 2:1 მოიგო, ხოლო ლევანმა 90 წუთი ითამაშა!
"ჰერტა" 28 ქულით მე-6 ადგილზეა. 67-ე წუთზე მარცხენა ცენტრალურ მცველად მოთამაშე კობიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
II ბუნდესლიგაში "ფორტუნა" ტრავმირებული ლევან ყენიას გარეშე თამაშობს.
III ბუნდესლიგაში კი ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" შინ 0:4 შერცხვა "რეგენსბურგთან". ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო. "უნტერჰახინგი" ზამთრის პაუზაზე მე-10 ადგილზე გავიდა.
"შპორტალმა" კობიაშვილის თამაში 3,5 ბალით შეაფასა:
"ვეტერანმა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა - დაცვის ცენტრში. თუმცა თავისი საქმე ძალიან კარგად შეასრულა, მოქმედებდა აკურატულად, ხოლო სიჩქარის ნაკლებობას კარგი პოზიციური თამაშით ანაზღაურებდა".
"ეს იყო საუკეთესო საშობაო საჩუქარი ჩვენი ფანებისთვის. ძალიან ძლიერად ვითამაშეთ მას მერე, რაც მეტოქე დაწინაურდა. მეორე ტაიმი ფეხბურთს ნაკლებად ჰგავდა, მაგრამ ჩვენი მიზანი ნათელი იყო, გამარჯვების შენარჩუნება", - განაცხადა კობიმ, რომელმაც ბუნდესლიგაში 340-ე მატჩი ითამაშა.
მჭედლიძე ზამთრის ჩემპიონია
სერია B-ს პირველი ნაწილი პირველ ადგილზე დაასრულა ქართველთა "ემპოლიმ", რომელმაც სტუმრად "ნოვარას" 1:0 სძლია. "ემპოლის" 36 ქულა აქვს, ორით მეტი, ვიდრე მეორეადგილოსან "პალერმოს".
ლევან მჭედლიძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ირაკლი შეყილაძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ერთადერთი გოლი მასიმო მაკარონემ მე-10 წუთზე გაიტანა.
ჩიხრაძემ პირობა შეასრულა
აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-18 ტურის მატჩები გაიმართა და 1-ელ თებერვლამდე შესვენება გამოცხადდა.
ერთი კვირის წინ "სიმურგის" პრეზიდენტმა მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს დარჩენილი ორი მატჩის მოგება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათავისუფლებით დაემუქრა - ქართველმა მწვრთნელმა მოთხოვნა შეასრულა - 20 დეკემბერს მისმა გუნდმა სტუმრად "რავანი" 3:0 გაანადგურა.
"სიმურგმა" 25 ქულით საშემოდგომო ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა.
დიდ ინტერესს იწვევდა დაპირისპირება ლიდერთა ჯგუფში "ყარაბახსა" და "ინტერს" შორის. მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყო ნიკოლოზ გელაშვილი (მეორე ტაიმში შეცვალეს), ხოლო კახა ცხადაძემ სასტარტოში ათამაშა გიორგი ლომაია და ლაშა სალუქვაძე.
მეორე ტაიმში "ყარაბახმა" ლომაიას კარში 2 გოლი გაიტანა და ზამთრის ჩემპიონი გახდა 36 ქულით. ცხადაძის "ინტერი" 27 ქულით მე-4-მე-5 ადგილებს იყოფს "ბაქისთან".
ლაზეთში დაკარგული ორი ქულა
თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქასიმფაშა" "რიზესპორს" ეწვია და ლაზეთში ორი ქულის დატოვება მოუწია - 0:0. "ქასიმფაშა" მე-2 ადგილზე რჩება.
ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი" შინ "ქონიას" დაუზავდა - 0:0. ქართველმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა. "ქაისერი" 12 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისი" სტუმრად "ომონიასთან" 2:3 დამარცხდა. ქართველი სათადარიგო იყო.
სამხრეთ აფრიკაში გია ნერგაძის "მოროკამ" სტუმრად 2:2 ითამაშა "ფრი სტეიტ სტარსთან". ქართველი ნახევარმცველი 57-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 1:0-ს იგებდა.
ცუდად დაასრულა წელიწადი ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" - შინ 0:3 წააგო "არუკასთან". ქართველის გუნდი 18 ქულით მე-8 ადგილზეა. "ჟილ ვისენტეს" 4 ტურია, არ მოუგია. ებრალიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 74-ე წუთზე შეცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"