თორნიკე ოქრიაშვილს, "ჩერნომორეცის" გარდა, "მეტალისტიც" იწვევსო

AutoSharing Option
უკრაინული მედია მსჯელობს, სად გააგრძელებენ კარიერას მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველი ლეგიონერები - თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე.

მოგეხსენებათ, ორივე მათგანის ტრანსფერი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის და "ილიჩევეცში" იჯარით თამაშობდნენ. დეკემბერში თარგამაძემ და ოქრიაშვილმა საჯაროდ თქვეს, რომ მარიუპოლში აღარ დარჩებოდნენ. მაშინ გახდა ცნობილი, რომ თარგამაძის გადაბირებით ოდესის "ჩერნომორეცი" იყო დაინტერესებული, ხოლო ოქრიაშვილმა "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთში, პორტუგალიასა და რუსეთში იწვევდნენ...

მარიუპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა ინტერნეტგაზეთ "ფუტბუმთან" ინტერვიუში საბოლოოდ დაადასტურა, რომ "ილიჩევეცში" ქართველები აღარ ითამაშებენ:

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მარიუპოლში აღარ
ითამაშებენ. ინტერვიუებში ორივე ჰყვებოდა, რომ ხან ერთ კლუბში ელოდნენ და ხან - მეორეში, მაგრამ ამჟამად ჩემთვის უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში, ფეხბურთელების ქცევებზე გავლენას მათი გარემოცვა ახდენს"
.

ამასობაში მარიუპოლელთა ქართველ ლეგიონერებზე საინტერესო ცნობა ინტერნეტგამოცემა "ჩემპიონატმაც" გაავრცელა:

"რომელ გუნდებს შეიძლება გამოადგნენ ეს ფეხბურთელები? ყველას, დონეცკის "შახტარის" გარდა.

თავის დროზე, თარგამაძეს კიევის "დინამო" იწვევდა, ოქრიაშვილი კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.

არაოფიციალური ცნობით, თარგამაძე "ჩერნომორეცში" გადადის. თუმცა ყველაფერი 10 იანვრის შემდეგ გაირკვევა. სავსებით შესაძლებელია, ოქრიაშვილიც იმავე მარშრუტს გაჰყვეს. ამ უკანასკნელს "მეტალისტიც" იწვევს, მაგრამ საეჭვოა, დონეცკელებმა ის ხარკოვში გაუშვან - ეს გუნდი ხომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დონბასელთა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია"
.

აქვე დავაკონკრეტებთ, თუ რა უნდა გაირკვეს 10 იანვარს. ამ დღეს "ჩერნომორეცი" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მიემგზავრება და მოთამაშეთა სიიდან ცნობილი გახდება, "შახტარმა" ქართველები ოდესურ კლუბში გაუშვა თუ არა. მანამდე კი ოქრიაშვილი და თარგამაძე შობას თბილისში შეხვდნენ და ახალ გუნდში გადასვლამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.

თუმცა, გამოცემა "ჩემპიონატის" ინფორმაციის მიუხედავად, ოქრიაშვილს ჯერ კიდევ აიმედებენ, რომ "შახტარმა", შესაძლოა, შეკრებაზე წაიყვანოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველებს "ილიჩევეცზე" უკეთეს კლუბში გადასვლის იმედი აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული