ჯანო ანანიძე: შვებულებისას კალაძესა და დემეტრაძესთან ერთად ვბურთაობდი

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის "როსტოვი" რამდენიმე დღეა, რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ემზადება. დუბაიში გუნდთან ერთად იმყოფება ქართველი ლეგიონერიც.

16 იანვარს, დილით, "როსტოვის" ფეხბურთელებს ტესტირება ჩაუტარდათ. მათ მკერდზე მიმაგრებული სენსორებით ივარჯიშეს, საიდანაც ორგანიზმის შესახებ მონაცემები კომპიუტერს გადაეცემოდა. ვარჯიშის შემდეგ ქართველმა ჰავბეკმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

- შეკრება ასეთი ტესტირების გარეშე არ არსებობს, ისევე, როგორც ორჯერადი რეჟიმით ვარჯიშის. ფორმა უნდა აღვიდგინოთ!

- ეს თქვენი პირველი შეკრებაა "როსტოვთან" ერთად. შთაბეჭდილებები როგორია?
- უმალ შევნიშნე, რომ ყველას კარგი განწყობა აქვს. ვშრომობთ, თუმცა
ზოგჯერ თავს მოდუნების უფლებასაც ვაძლევთ, ვხუმრობთ ხოლმე... თუმცა დისციპლინა დისციპლინად რჩება.

- ამბობენ, რომ შვებულების დროსაც არ ჩამოშორებულხართ ფეხბურთს. ეს მართალია?
- დიახ. თბილისში ყოფნისას კვირაში სამ-ოთხჯერ მინი-ფეხბურთს ვთამაშობდი - ერთი მხრივ, სიამოვნებისთვის, მეორე მხრივ - მსუბუქად დატვირთვისთვის. ასე უფრო ადვილია შემდეგი სეზონისთვის გუნდის სამზადისში ჩაბმა. თბილისში კომპანიონობას წარსულში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები მიწევდნენ, როგორებიც კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე არიან.

- ჩემპიონატის მეორე ეტაპზე რა გეგმები გაქვს?
- დარჩენილ 11 ტურში მინდა 5-6 გოლი გავიტანო და ცოტა მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო. იმ 15 თამაშში, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, ერთი გოლი გავიტანე, 7 კი ჩემი პასით გავიდა. კმაყოფილი ვიქნები, თუ ჩემპიონატის ბოლოს გოლი+პასი სისტემით 15-17 ქულას მოვუყრი თავს. თუკი ეს არ გამომივა, პასუხი საკუთარ თავს უნდა მოვთხოვო, რადგან ამდენი სათამაშო პრაქტიკა ადრე არ მქონია.

- რუსეთის თასის მატჩებისგან რას მოელით?
- ფინალში გასვლა სავსებით შეგვიძლია. ისე გამოვიდა, რომ გადამწყვეტ მატჩამდე პრემიერლიგის მხოლოდ ერთი გუნდი შეიძლება შეგვხვდეს - "ტომი". თავადაც ხვდებით, ბედნიერი ვიქნები, თუკი თასს დავეუფლებით. ეს ჩემი პირველი ტიტული იქნება რუსეთში. და ეს თუ მოხდა, ბედნიერი არა მხოლოდ მე, "როსტოვის" ყველა ფეხბურთელი და მისი გულშემატკივრებიც იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული