ამირან სანაია: სეზონის მეორე ნახევრისთვის მზად ვართ!

AutoSharing Option
ამირან სანაია 24 წლის მცველია, რომელმაც ჯერ კიდევ 2007 წელს მიიქცია ყურადღება, როცა 18 წლის ასაკში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. მას 7 შეხვედრა დაუგროვდა ეროვნულ გუნდში, მაგრამ მისი კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც გვსურდა.

"ლე მანში" მხოლოდ ირიცხებოდა, თამაში არ უწევდა. შემდეგ იყო "ბასტია" (2011/12 წლებში). ერთი სეზონის გაცდენის შემდეგ სანაია ნასიონალ დივიზიონის "ლუზენაკში" გამოჩნდა.

"ლუზენაკი" 38 ქულით რანგით მესამე დივიზიონის ლიდერია (პირველი სამი გუნდი აღზევდება) და ლიგა 2-ში გადასვლის სერიოზული კანდიდატიცაა.

ახლახან "ლუზენაკმა" სტუმრად "პერონასი" 2:0 დაამარცხა, ქართველმა კი
ფრანგულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.

გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, რომელიც "ლა დეპეშმა" გამოაქვეყნა.

"ზაფხულში "ლუზენაკმა" შესანიშნავი შენაძენი გააკეთა სანაიას სახით. ქართველმა მყარად დაიკავა დაცვის მარჯვენა ფრთაზე ადგილი და გახდა ჟერომ ერგოს იდეალური პარტნიორი. ის სწრაფია, ჭკვიანი, თამაშობს სუფთად. ასე რომ, ახალგაზრდა ქართველი შეგვიძლია ჩავთვალოთ "ლუზენაკის" ერთ-ერთ საუკეთესო აღმოჩენად.

- მცირე ხნის პაუზის მერე ჩემპიონატი დაბრუნდა. როგორ მოემზადა სეზონის განახლებისთვის "ლუზენაკი"?
- ძალიან კარგად მოვემზადეთ, ფიზიკურად მოვმძლავრდით, გვქონდა ამხანაგური მატჩი "ბეზიესთან", რომელიც 0:0 დასრულდა. არ არის ადვილი, არ დაკარგო რიტმი და ტონუსი, მაგრამ ჩვენ ეს, მგონი, შევძელით.

- ბევრი თანხმდება, რომ "პერონასთან" მატჩი ჩემპიონატში გადამწყვეტია...
- ასე ვერ ვიტყოდი, ჩვენთვის თითოეული თამაში მნიშვნელოვანია. ასე რომ, დიახ, "პერონასთან" მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია... ისევე, როგორც სხვა დანარჩენი. სეზონის ბოლომდე ჯერ ძალიან ბევრი დარჩა.

- როცა თქვენ გუნდში მოხვედით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გუნდი ასეთი მიზნებისთვის იბრძოლებდა. ახლა "ლუზენაკი" ლიდერია...
- კლუბის ხელმძღვანელობას დიდი პროექტი აქვს შემუშავებული. მართალია, გუნდისთვის გასული სეზონი მძიმე იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. რაც შემეხება მე, გუნდს კარგად მოვერგე და ჩემი სეზონით კმაყოფილი ვარ.

- რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი წინსვლაში?
- ყოველთვის კარგი შედეგი არ გექნება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ქულისთვის. ვფიქრობ, გუნდი მზადაა სეზონის ბოლომდე სირთულეების გადასალახავად, ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ.

- ახლა მე-4 ადგილზე მყოფ კლუბს 10 ქულით უსწრებთ. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თავი ქუდში გაქვთ?
- არა, რას ამბობთ! ასე შორს არც ვიყურებით. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, წინ ბევრი ტურია.

ასევე იხილეთ:
ამირან სანაიამ ფრანგულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული