საიმედო რევიშვილი, აქტიური ოვონიკოკო - ქართველთა წარმატებული დებიუტი მალტაზე

AutoSharing Option
ამიერიდან, ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის მალტის ჩემპიონატიც საინტერესოა, რადგან იქაური კლუბი "ვალეტა" მერაბ ჟორდანიას საკუთრებაშია, ხოლო მის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი და ერთიც ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელი დაიცავენ - ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და აბაიომი ოვონიკოკო.

ამ სამეულიდან ორს უკვე ჰქონდა დებიუტი, თანაც, წარმატებული.

"ვალეტამ" სტუმრად 2:1 მოუგო "ბირკირკარას", ჩემპიონატის ლიდერს, რომელსაც აქამდე 15-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. კარში რევიშვილი იდგა, 90-ე წუთამდე ითამაშა ოვონიკოკომაც.

ანდრე პაუსმა ჯერ არ ათამაშა ირაკლი მაისურაძე. სხვათა შორის, ამ ჰოლანდიელი სპეციალისტის დებიუტიც იყო მალტაზე.

"ვალეტას" ოფიციალური
საიტის მიხედვით, რევიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და 2-ჯერ აშკარად გადაარჩინა გუნდი. თავად "ვალეტას" საიტიც არ მალავს, რომ "ბირკირკარას" უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა მათმა გუნდმა იყოჩაღა. რევიშვილმა მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან გაუშვა გოლი.

რაც შეეხება ოვონიკოკოს, საქებარი სიტყვები არც მას მოჰკლებია: "ოვონიკოკო შეტევის ხაზის ლიდერი იყო, მუდამ წნეხში ჰყავდა "ბირკირკარას" მცველები".

სხვათა შორის, შეხვედრას 5 900 მაყურებელი დაესწრო.

"ვალეტა" უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება "ბირკირკარას". შეგახსენებთ, რომ ბოლო 13 ჩემპიონატია, ჩემპიონი მხოლოდ "ვალეტა" ხდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული