ლაშა სალუქვაძე: გამლახოს რა, პატარა ბავშვი ვარ?!

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში "რევანი"-"ინტერის" მატჩს ადგილობრივ ინტერნეტ-მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის და სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ეს შეხვედრა 2:1 მოიგო და ლიდერებს ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა.

"რევანთან" მატჩში ჩვენების გუნდი ალექსანდრე იაშვილის უბრწყინვალესი გოლით დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმაც ერთი ბურთით უპასუხეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის დამთავრებას აღარაფერი აკლდა, როცა სტუმრებმა პენალტის უფლება მოიპოვეს. გუნდის კაპიტანმა ვაგიფ ჯავადოვმა ზუსტად დაარტყა და თავისიანებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ბოლო წამზე გატანილი გოლით სიხარული "ინტერის" მცველმა ლაშა სალუქვაძემ ცოტა ემოციურად გამოხატა, რასაც ჯერ
მასპინძელთა გაღიზიანება, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანულ ინტერნეტ-მედიაში გავრცელებული ცნობა მოჰყვა - აქაოდა, სალუქვაძემ "რევანის" სათადარიგოთა სკამზე მსხდომთ უხამსი ჟესტი უჩვენა, რის გამოც მწვრთნელი ფიზული მამედოვი გასალახად გამოუდგაო...

ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მამედოვს მართლაც ძლივს აკავებენ. ჩანს ისიც, რომ მის დაწყნარებას ცხადაძეც ცდილობს, თუმცა კადრებში ვერსად ვნახეთ თავად სალუქვაძის ეს ყბადაღებული "უხამსი ჟესტი".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გადავწყვიტეთ, თავად სალუქვაძეს დავკავშირებოდით, რადგან აზერბაიჯანულ მედიაში ხშირად იბეჭდება ურთიერთგამომრიცხავი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არმომხდარი "ამბებიც".
იხილეთ: სიცრუის ტყვეობაში: ქართველები აზერბაიჯანული მედიის სამიზნეში
იხილეთ: ქართველები ცუდ დღეში: მამედოვმა ლაშა სალუქვაძის გასალახად გაიწია [VIDEO]

- რა მოხდა სინამდვილეში "რევანის" სტადიონზე და რატომ გამწარდნენ ასე მასპინძელები?
- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ "რევანის" მწვრთნელები და ფეხბურთელები ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს, კაცს რომ არ ეპატიება, ის რამ ჩავიდინე.

გეტყვით - ბოლო წამებზე რომ გადამწყვეტ ბურთს გაიტან და თამაშს მოიგებ, ხომ ცხადია, რომ ამას უფრო ემოციურად აღნიშნავ, ვიდრე მაშინ, როცა 3:0-ს იგებ და მეოთხესაც გაიტან?! ჰოდა, ასე იყო ამ შეხვედრის ბოლოსაც.

იმ ეპიზოდში "რევანის" სათადარიგოთა სკამთან ახლოს ვიყავი და სიხარული ემოციურად გამოვხატე. ამათ კი, ეტყობა, ჩემი ჟესტები სწორად ვერ შეაფასეს და აღელდნენ.

- აზერბაიჯანელები წერენ, თითქოს "რევანის" მწვრთნელი სალუქვაძეს გასალახად გამოეკიდაო...
- გასალახად რა, პატარა ბავშვი ვარ?! მოგვიანებით, ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც ყველაფერი კარგად ჩანს. "რევანის" მწვრთნელს მშვიდად ვეკითხები, რა გინდა-მეთქი, ის კი ყურადღებასაც არ მაქცევს და სხვა ფეხბურთელებს ელაპარაკება.

იცით, მასპინძლებმა ანგარიში რომ გაათანაბრეს, მერე 15 წუთი მოედნიდან არ წამომდგარან - ხან ერთი ფეხბურთელი გაიშოტებოდა მინდორზე, ხან - მეორე. დროის გაყვანასა და ყველა საშუალებით ქულის მოპოვებას ცდილობდნენ.

- აუტსაიდერი გუნდია და გასაგებია, რომ მისთვის ერთ ქულასაც ოქროს ფასი აქვს...
- გეთანხმებით, ასეც არის და არც ისაა გამორიცხული, ჩვენი კონკურენტი რომელიმე კლუბისგან ჰქონდა "რევანს" დაინტერესება. მესმის, ძნელია, როცა მთელი თამაში იბრძვი, თითქოს საწადელსაც აღწევ, მაგრამ ბოლო წამს მაინც დამარცხებული რჩები. მასპინძელთა მწვრთნელსაც ნერვებმა უმტყუნა და...

- ისიც ითქვა, მომხდარის გამო, სალუქვაძეს დისკვალიფიკაცია ელისო...
- ვიცი, რომ იჩივლეს, მაგრამ სპორტულ-ტექნიკური კომისიის სხდომა უკვე იყო, დასასჯელები დაისაჯნენ. "ინტერის" არც ერთ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია არ შეხებია. საამისო საფუძველი არავისთვის მიგვიცია და იმიტომ.

- ამ ამბავს მოედნის მიღმა ხომ არ მოჰყოლია გაგრძელება?
- არანაირი. მოედნის მიღმა "რევანის" მწვრთნელთან ან ფეხბურთელებთან რა ურთიერთობა უნდა მქონდეს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბავშვი უნდა გაილახოს??? არალოგიკურია
bavshvi ar unda gailaxos
03:37 16-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული