ლადო დვალიშვილი: გუნდი უმწვრთნელოდ ნისლში მიტოვებული ბავშვივითაა

AutoSharing Option
გაზეთმა "პრჟეგლად სპორტოვიმ" ინტერვიუ ჩამოართვა ვარშავის "ლეგიას" ქართველ ფორვარდ ლადო დვალიშვილს, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

- შემოდგომაზე ჟურნალისტები "ლეგიას" ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად თქვენ გერჩოდნენ. როგორ მოქმედებდა თქვენზე კრიტიკა?
- მე მათი მესმის. როდესაც ისეთი მაღალი დონის კლუბში თამაშობ, როგორიც "ლეგიაა", ფანები შენგან თითოეულ თამაშში მხოლოდ მაქსიმუმს ელიან. როგორც წესი, ფორვარდს ყოველ თამაშში გოლის გატანა ევალება. თუკი ერთ თამაშში გაიბრწყინებ, მაგრამ მეორეში ყველაფერი კარგად არ გამოგივა, არავის ემახსოვრება წინა დამსახურება. მოკლედ, ითვლება ყოველი შემდგომი გოლი. ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ შემოდგომაზე რამდენიმე მატჩში
მართლაც უკეთ შემეძლო თამაში.

- მას მერე, რაც ოქტომბერში მარეკ საგანოვსკიმ ტრავმა მიიღო, თქვენ სათამაშო დროის პრობლემა არ გქონიათ - ყოველთვის სასტარტოში იყავით. მისი ტრავმა დაგეხმარათ თუ პირიქით, თავის გამოჩენისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი გამოდგა?
- ეს არ იყო იდეალური სიტუაცია. გაცილებით სჯობს, თუკი გუნდში კონკურენტი გყავს, შენთვისაც და გუნდისთვისაც ასე უკეთესია. როდესაც მეტოქემ იცის, რომ შენ გარდა გუნდს სხვა ცენტრფორვარდი არა ჰყავს, საკმარისია, შენ კარგად ჩაგკეტოს და დავალება შესრულებულია. როცა იღლები და იცი, რომ შემცვლელი არავინაა, შენი მარგი ქმედების კოეფიციენტი ეცემა. ძალიან ძნელია ამ დროს, არ შეიძლება მოდუნდე, რადგან ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და ამ დროს უკვე გადაღლილი ხარ.

- ხანდახან, როცა თქვენ მოედანზე ხართ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზედმეტი ტვირთი გაქვთ აკიდებული...
- ზოგიერთ მატჩში მართლაც გადავიღალე, უფრო შემოდგომის ბოლოს. დამიჯერეთ, მაშინაც ყველანაირად ვცდილობდი, მაგრამ რას იზამ, როცა ფეხები აღარ გემორჩილება. საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი ასეთ სიტუაციებში. მწვრთნელი ამ ყველაფერს ხედავდა და ესმოდა, ის ცდილობდა დამხმარებოდა, მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. არასოდეს მითამაშია ასეთ მცირე მონაკვეთში ამდენი მატჩი.

- წლებია ამბობენ, რომ პოლონური გუნდები ძალიან დიდ დროს უთმობენ შეკრებებს, ვარჯიშებს, რაც ფიტავს ფეხბურთელებს და მათ ძალები საჭირო თამაშებში უმთავრდებათ...
- არ ვიცი, ვინ არის ამ აზრის, მაგრამ თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ არ არსებობს ისეთი ვარჯიში, რომელიც მატჩზე მეტად დაგღლის. ჩვენ აქ ფიზიკურ და მენტალურ გადაღლაზე ვსაუბრობთ. მატჩის შემდეგ სახლში მიდიხარ, მაგრამ ვერ დაიძინებ ეგრევე, ადრენალინი ისევ მაღალია და ამის საშუალებას არ მოგცემს. ასე კარგავ ღამის ძილს, არადა, თამაშებს შორის ხანდახან 3-4 დღეა მხოლოდ. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი კვირის პრობლემაზე არ ვსაუბრობთ - ჩვენ ვლაპარაკობთ ზედიზედ 16 მატჩზე ყოველ მესამე დღეს.

- ზამთრის პაუზის წინ მწვრთნელი იან ურბანი მოხსნეს. ამან გაგაკვირვათ?
- არა მარტო მე. ფეხბურთელთა უმეტესობისთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო, მწვრთნელი ხომ ჩემპიონატის ლიდერ გუნდს მოუხსნეს. გასულ სეზონში ურბანთან ერთად ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ.

- თქვენც კარგად იცით, რომ ურბანმა სამსახური ევროთასზე "ლეგიას" ძალიან სუსტი გამოსვლის გამო დაკარგა...
- კურიოზულია, მაგრამ 6-დან 4 შეხვედრა უნდა მოგვეგო, ვჯობდით მეტოქეებს. მხოლოდ ვარშავაში ჩავაგდეთ მატჩი "ლაციოს" წინააღმდეგ.

- რამდენად შეცვალა ახალმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა ვარჯიშები "ლეგიაში"?
- უპირველესად, უფრო მეტს ვმუშაობთ ტაქტიკურ დეტალებზე. ბერგს შეუძლია, უცბად შეაჩეროს ვარჯიში და ახსნას, რა შეგვეშალა და როგორ უნდა გვემოქმედა. ეს თვალნათლივ განახებს შეცდომას, რომელიც შენ შეიძლება სხვა შემთხვევაში კიდევ დაგეშვა.

- ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, "ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს უმწვრთნელოდაც მოიგებს?
- ეს სისულელეა, გუნდი უმწვრთნელოდ იგივეა, ბავშვი რომ ნისლში გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის მერე ვარშავის "ლეგია" პოლონეთის ექსტრაკლასას 43 ქულით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტ "გორნიკს" 5 ქულით უსწრებს. ლადო დვალიშვილს 16 თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი და დაწინაურებულ ბომბარდირებს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება.

"ლეგია" ჩემპიონატს 14 თებერვალს განაახლებს - "კორონას" მასპინძლობს. პოლონეთში 2-თვიანი ზამთრის პაუზა დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული